სამართლებრივი დოკუმენტაცია
უკან დაბრუნებამუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს „ბაუ ინთენეიშენალ უნივერსითი, ბათუმი“-ს (შემდგომში - უნივერსიტეტი) მიერ პლაგიატის თავიდან არიდების, აღმოჩენისა და მასზე რეაგირების მექანიზმებს და ადგენს უნივერსიტეტში აკადემიური საქმიანობის კეთილსინდისიერების პრინციპებს
2. წინამდებარე წესის მიზანია განსაზღვროს პლაგიატის ცნება და ფორმები, მისი თავიდან არიდებისა და აღმოჩენის მექანიზმები, აგრეთვე, პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებები.
3. ამ წესის მოქმედება ვრცელდება უნივერსიტეტის სტუდენტებზე, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალზე, ასევე ყველა იმ პირზე, რომელიც სხვა ფორმით მონაწილეობს სასწავლო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში.
მუხლი 2. აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკა
1. უნივერსიტეტში აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებია:
ა). აკადემიური პატიოსნება: პლაგიარიზმი, სხვისი ნამუშევრის გამოყენება, როგორც საკუთარის, არ დაიშვება და გამოვლენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა განისაზღვრება აკადემიური და დისციპლინარული ფორმებით
ბ). ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შეზღუდვა - გენერაციული ტექსტის გამოყენება უთანაბრდება სხვა ავტორის ნამუშევრის გამოყენებას, ციტირების დადგენილი წესის გამოყენების ვალდებულების ჩათვლით.
გ). ციტირების სტანდარტი: მოთხოვნილ დავალებებში წყაროების ციტირება უნდა განხორციელდეს APA სტილით
დ). წყაროების სტანდარტი: სტუდენტის ნამუშევარში გამოყენებული წყაროების მეცნიერული ვალიდურობა უნდა დადასტურებოდეს ხელმისაწვდომი ფორმით, თუ სასწავლო დავალება პირდაპირ არ ითხოვს საპირისპიროს.
ე). კვლევის სტანდარტი: დაუშვებელია კვლევაში პერსონალური ინფორმაციის შემცველი ინფორმაციის შეგროვება, შენახვა და სხვისთვის გადაცემა, რესპონდენტის თანხმობის გარეშე კვლევის განხორციელება
ვ). კვლევის მიგნების სტანდარტი: დაუშებელია კვლევის მონაცემების შეცვლა სასურველი შედეგის მისაღწევად. სტუდენტი ავლენს მზაობას მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს კვლევის პირველადი მასალა და ახსნას დასკვნა.
ზ). ნაშრომის აუთენტურობის დადასტურება: ნამუშევარში ავტორის პერსონალის კონტრიბუცია შესაძლებელია შემოწმდეს მოყვანილი წყაროების გარშემო დამატებითი კითხვების დასმით, რომელზეც სწორი პასუხის გაცემა აუცილებელია.
2. სტუდენტმა უნდა დაიცვას აკადემიური კეთილსინდისიერება მთელი კვლევის პროცესში. ყველა წყარო სათანადოდ უნდა იყოს ციტირებული, რადგან ნებისმიერი ფორმის პლაგიატი გამოიწვევს სამაგისტრო ნაშრომის უარყოფას და აკადემიურ სანქციებს.
3. სტუდენტის მიერ შესრულებული ნაშრომი უნდა იყოს წარმოადგენდეს სტუდენტის ორიგინალურ შემოქმედებას. არაორიგინალური ტექსტის დასაშვები ფარგლები და გამოყენების წესი განისაზღვრება შესაბამისი კომპონენტისთვის (სამეცნიერო პროექტის თუ სამაგისტრო თეზისის სილაბუსით, ან და სასწავლო კურსის სილაბუსით, თუ აღნიშნული სამეცნიერო-კვლევით დავალებას მოიცავს).
მუხლი 3. პლაგიატის ცნება და მისი ფორმები
1. პლაგიატი არის სხვისი ნაშრომის ან/და ნააზრევის საკუთარ ნაშრომში გამოყენება მისი ავტორის/წყაროს მითითების გარეშე.
2. პლაგიატს განეკუთვნება ასევე თვითპლაგიატი, რომელიც გულისხმობს ერთი და იმავე ნაშრომის ან ნაშრომის მნიშვნელოვანი ნაწილების ორჯერ ან მეტჯერ წარდგენა/გამოქვეყნებას საკუთარი ნაშრომის ციტირების გარეშე.
3. პლაგიატი შესაძლებელია იყოს როგორც უნებლიე, ასევე განზრახი. უნებლიე პლაგიატს განეკუთვნება ციტირების წესების დარღვევა დაუდევრობის გამო, ხოლო განზრახ პლაგიატს- სხვისი ნაშრომის ან/და ნააზრევის საკუთარ ნაშრომად/ნააზრევად განზრახ მითვისება.
4. პლაგიატის ფორმებია:
ა) პირდაპირი პლაგიატი - სხვისი ნამუშევრის (განურჩევლად მისი ფორმისა) გამოყენება ავტორის მითითების გარეშე;
ბ) პერიფრაზირებული პლაგიატი - სხვისი მოსაზრებების პერიფრაზირება, ავტორის მითითების გარეშე;
გ) მოზაიკური პლაგიატი - სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული მოსაზრებების გაერთიანება ცალკეული ავტორების მითითების გარეშე;
დ) ნაშრომის ან მისი ნაწილის სხვა პირისგან შეძენა და მისი საკუთარ ნაშრომად წარმოდგენა.
5. პლაგიატის ნებისმიერი ფორმა მიიჩნევა აკადემიურ გადაცდომად და იწვევს შესაბამის დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
მუხლი 4. პლაგიატის თავიდან არიდების მექანიზმები
1. პლაგიატის თავიდან არიდების მიზნით, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩართული პირების ინფორმირებას პლაგიატთან დაკავშირებით, აგრეთვე, შესაბამისი სასწავლო კურსებით, ზრუნავს აკადემიური წერის კულტურის დანერგვაზე.
2. პლაგიატის თავიდან არიდების მიზნით:
ა) უნივერსიტეტის სკოლები უზრუნველყოფს შესაბამის საგანმანათლებლო დოკუმენტებში პლაგიატის დაუშვებლობის შესახებ მითითებას;
ბ) უნივერსიტეტის სკოლები უზრუნველყოფს აკადემიური და მოწვეული პერსონალის, სტუდენტების, აგრეთვე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში სხვა ფორმით ჩართული პირების ინფორმირებას პლაგიატთან დაკავშირებული შიდა ნორმატიული აქტების შესახებ;
გ) უნივერსიტეტის სკოლები უზრუნველყოფს ნაშრომების შეფასების წესში პლაგიატის დაუშვებლობის შესახებ მითითებას;
დ) უნივერსიტეტი უზრუნველყოფს პლაგიატთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას;
ე) უნივერსიტეტი უზრუნველყოფს აკადემიური წერის განვითარებისათვის აუცილებელი ვორქშოფების, სასწავლო კურსებისა და მსგავსი საგანმანათლებლო ღონისძიებების შეთავაზებას;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, უნივერსიტეტში იქმნება პლაგიატის აღმოფხვრის სამუშაო კომისია, რომელიც შეისწავლის პლაგიატთან დაკავშირებულ არსებულ მდგომარეობას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს;
ზ) უნივერსიტეტი უზრუნველყოფს პლაგიატის აღმოჩენის ეფექტური მექანიზმების შემუშავებას.
მუხლი 5. პლაგიატის აღმოჩენის მექანიზმები
1. პლაგიატის აღმოჩენის მიზნით უნივერსიტეტი:
ა) ამოწმებს წარმოდგენილ ნაშრომებს ელექტრონული პროგრამის მეშვეობით;
ბ) ახდენს წარმოდგენილი ნაშრომების ორმაგ ფარულ რეცენზირებას;
გ) ქმნის სასწავლო უნივერსიტეტში წარმოდგენილი ნაშრომების ელექტრონულ ბაზას;
2. ნაშრომების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით შემოწმებისას დგინდება წარმოდგენილი ნაშრომის მსგავსება სხვა ნაშრომებთან.
3. ელექტრონული პროგრამის მეშვეობით წარმოდგენილი ნაშრომის სხვა ნაშრომებთან აშკარა მსგავსების შემთხვევაში, ნაშრომი ეგზავნება შესაბამის დარგში აღიარებულ ორ რეცენზენტს, რომლებიც შესაძლო პლაგიატის არსებობის შესახებ წარმოადგენენ თავიანთ დასკვნებს.
4. რეცენზენტების მიერ ნაშრომის შემოწმების პროცედურა ფარულია, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია წარმოდგენილი ნაშრომის ავტორის შესახებ, თავის მხრივ, ნაშრომის ავტორს არ აქვს ინფორმაცია რეცენზენტების ვინაობის შესახებ.
5. რეცენზენტების მიერ განსხვავებული დასკვნების წარმოდგენის შემთხვევაში, ნაშრომი იგზავნება მესამე რეცენზენტთან.
6. თუ რეცენზენტების უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი დასკვნებით, ნაშრომი შეიცავს პლაგიატს, საქმის მასალები და წარმოდგენილი დასკვნები ეგზავნება რექტორს.
7. პლაგიატის აღმოჩენის მიზნით, ნაშრომები ასევე მოწმდება უნივერსიტეტში წარმოდგენილი ნაშრომების ელექტრონულ ბაზასთან მიმართებით.
მუხლი 6. ავთენტური ტექსტის რაოდენობის დადგენა
1. უნივერსიტეტი მოითხოვს, რომ ყველა ნაშრომი შეფასდეს Turnitin-ის პლაგიატის აღმოჩენის პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით.
2. ყველა ნაშრომი უნდა იყოს შემოწმებული Turnitin-ის პლაგიატის აღმოჩენის ხელსაწყოს მეშვეობით ორიგინალობის უზრუნველსაყოფად. ნაშრომთან ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი Turnitin ანგარიში.
3. TurnitIn-ის მონაცემებით, ტექსტის მსგავსების მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა შეადგენს განისაზღვრება კონკრეტული კვლევითი კომპონენტისთვის შესაბამისი სილაბუსის. სტუდენტის არგუმენტაციით, დასაშვებია კონკრეტული თემის თავისებურებიდან გამომდინარე, მსგავსი ტექსტის ზღვრული მოცულობის გაზრდა, მაგრამ არა უმეტეს 2%-ით.
4. მსგავსების მაქსიმალურ დასაშვები ოდენობის გადაჭარბების შემთხვევაში, სტუდენტს ეძლევა წინადადება გადაამუშავოს ნაშრომის ტექსტის პროექტი. იმ შემთხვევაში, თუ გადამუშავებული ტექსტი არ აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მაქსიმალურად დასაშვები მსგავსი ტექსტის რაოდენობას, აღნიშნული ნაშრომი არ დაიშვება შესაფასებლად.
5. სტუდენტის მიერ ნაშრომის მსგავსი (არაავთენტური) ტექსტის შეცვლა, ციტირების და წყაროების გამოყენების წესების დარღვევით, იმ მიზნით რათა შეცდომაში შეყვანილი იქნეს ტექსტის აუთენტურობის დამდგენი, შესაძლებელია ჩაითვალოს პლაგიატად.
მუხლი 7. ციტირება
1. ნაშრომში გამოყენებული ყველა წყარო სათანადოდ უნდა იყოს ციტირებული, რათა თავიდან იქნას აცილებული პლაგიატი. ციტირება უნდა შეეხოს პირდაპირ ციტატებს, პერიფრაზებს და იდეებს, რომლებიც არ ეკუთვნის სტუდენტს.
2. ლიტერატურის, სამეცნიერო სტატიების, ვებგვერდების და სხვა წყაროების ციტირება უნდა განხორციელდეს APA სტილის შესაბამისად.
3. ციტირების გაფორმების წესის დარღვევა არის ნაშრომის ჩაბარებაზე უარის თქმის საფუძველი. სტუდენტმა უნდა გამოასწოროს ციტირება სკოლის მიერ ამისათვის განსაზღვრულ ვადაში.
4. თუ ნაშრომში გამოყენებული ცხრილები ან ფიგურები ნასესხებია სხვა წყაროებიდან, უნდა იყოს უზრუნველყოფილი მათი სათანადო ციტირება თითოეული ცხრილის ან ფიგურის ქვემოთ APA ფორმატში.
5. წყაროს ციტირების გარეშე ნაშრომში პირდაპირ ან პერეფრაზის ფორმით გამოყენება, შესაძლებელია შეფასდეს როგორც პლაგიატი.
მუხლი 8. ხელოვნური ინტელექტის კვლევაში გამოყენების ფარგლები
ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაცია აკადემიურ კვლევებში, სულ უფრო გავრცელებული ხდება. ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს შეუძლიათ დაეხმარონ სტუდენტს ნაშრომის წერის დროს სხვადასხვა ასპექტში, როგორიცაა ლიტერატურის მიმოხილვა, მონაცემთა ანალიზი, აკადემიური წერა და ფორმატირება. თუმცა, მნიშნელოვანია კვლევის დაწყებამდე და მისი განხორციელების ყველა ეტაპზე ავტორებმა გააცნობიერონ, თუ როგორ გამოიყენონ AI პასუხისმგებლობით, რათა უზრუნველყონ კვლევისა და წერის პროცესი ეთიკური პრინციპების - მათ შორის ნაშრომის ორიგინალობის, და სხვათა ნამუშევრის პატივისცემით გამოყენების - დაცვა პლაგიატის გარეშე.
ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენების პრინციპებია
ა). ორიგინალობა: ძირითადი იდეები, არგუმენტები და ანალიზი უნდა იყოს ორიგინალური. ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები მხოლოდ სტუდენტის ორიგინალურ მუშაობას უნდა უჭერდეს მხარს და არ შეცვალოს მისი ინტელექტუალური ძალისხმევა.
ბ). გამჭვირვალობა: სტუდენტმა გამჭვირვალედ და ცხადად უნდა ისაუბროს AI ინსტრუმენტების გამოყენების შესახებ. აღიაროს მათი წვლილი მეთოდოლოგიის და ლიტერატურის მიმოხილვის ნაწილში.
გ). სათანადო ციტირება: ინფორმაციის ყველა გარე წყარო, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული შინაარსი ან მონაცემები, სათანადოდ უნდა იყოს ციტირებული ციტირების შესაბამისი სტილის გამოყენებით. ყოველთვის საჭიროა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული შინაარსის ან მონაცემთა ანალიზის წყაროს მითითება.
დ). თვითპლაგიატის თავიდან აცილება: ავტორი უნდა მოერიდოს ადრე გამოყენებული ნაშრომის ახალ კვლევად წარდგენას, ან მის გადამუშავებას AI-ის დახმარებით.
მუხლი 9. ხელოვნური ინტელექტის შექმნილი ტექსტის ციტირება და პლაგიატი
1. ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული შინაარსის, მონაცემების ან ცნებების გამოყენებისას, რომლებიც არ არის სტუდენტის ორიგინალური ნამუშევარი, გამოიყენება ციტირების იგივე პრინციპი, როგორც სხვა ავტორების ნამუშევართან მიმართებით.
2. AI-ით გენერირებული ნებისმიერი კონტენტი სწორად უნდა იყოს ციტირებული, თუნდაც იდეები ორიგინალური იყოს AI ინსტრუმენტისთვის.
3. მომხმარებლის მიერ შექმნილი მინიშნების (prompt) საფუძველზე ვრცელი ენობრივი მოდელების (ChatGPT, Jasper, Gemini, Grok, Deepseek, Perplexity და სხვა.) მიერ გენერირებული ტექსტის გამოყენება რეკომენდირებულია იდეების შეგროვების, შეფასების, ანალიზის მიზნით.
4. ვინაიდან ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული შინაარსი შეიძლება ჩაითვალოს AI ინსტრუმენტის „ნამუშევრად“, სათანადო ციტირება აუცილებელია გენერაციული ტექსტის მიმართ.
მაგალითი: ციტატა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტისთვის:
OpenAI. (2023). ChatGPT (GPT-4) [Large Language Model]. https://chat.openai.com/
5. ნაშრომის ტექსტში AI-ზე დაყრდნობა, სათანადო მითითების გარეშე, სტუდენტის ნაშრომის გადახედვის გარეშე გაუქმებისა და პლაგიატად იდენტიფიცირების საფუძველი შეიძლება გახდეს.
6. მონაცემთა „გაწმენდაში“, ანალიზსა და ვიზუალიზაციაში AI ინსტრუმენტების გამოყენების დროს, სტუდენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა მონაცემი და შედეგი ორიგინალური იყოს თავისი კვლევისთვის. მეთოდები, რომლებსაც გამოიყენებს მონაცემთა AI მეშვეობით ანალიზისთვის, უნდა იყოს ახსნილი დეტალურად, ასევე, უნდა აღიწეროს გამოყენებული AI ინსტრუმენტი.
7. მონაცემთა ანალიზისთვის გამოყენებული AI ინსტრუმენტი შესაძლებელია აღიწეროს შემდეგნაირად:
IBM კორპორაცია. (2022). IBM Watson Analytics (ვერსია 5.3) [პროგრამული უზრუნველყოფა]. https://www.ibm.com/watson
მუხლი 10. დროებითი კომისიის ფორმირების წესი
1. პლაგიატთან დაკავშირებით დისციპლინურ სამართალწარმოებას ახორციელებს სასწავლო უნივერსიტეტის პლაგიატის შემთხვევებზე რეაგირების დროებითი კომისია (შემდეგში - კომისია).
2. კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის რექტორი.
3. კომისია უნდა შედგებოდეს 5 (ხუთი) წევრისგან, რომელთაგან 2 (ორი) წევრს წარმოადგენს სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, ხოლო 3 (სამი) წევრი აირჩევა აკადემიური პერსონალისგან.
4. კომისიის შემადგენლობის არჩევისას უნდა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტის არსებობა.
5. ინტერესთა კონფლიქტად შეიძლება შეფასდეს ნებისმიერი სუბიექტური თუ ობიექტური გარემოება, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს პირს საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში.
6. კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდნენ სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, წარმოდგენილი ნაშრომის ავტორი, ხელმძღვანელი და მისი რეცენზენტები.
7. ნაშრომის ავტორს უფლება აქვს ნებისმიერ დროს დააყენოს შუამდგომლობა კომისიის წევრის აცილების შესახებ.
8. კომისიის წევრის აცილების საფუძველია ინტერესთა კონფლიქტის არსებობა, კერძოდ, კომისიის წევრი აცილებულ უნდა იქნას თუ იგი პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში არსებული გარემოებების არსებობისას, კომისიის წევრმა უნდა განახორციელოს თვითაცილება. თვითაცილების შესახებ განცხადება წარედგინება რექტორს, რომელიც მიღებისთანავე ითვლება დაკმაყოფილებულად.
10. კომისია ხმების უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას კომისიის წევრის აცილების ან/და აცილებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც უნდა იყოს დასაბუთებული.
11. კომისიის წევრის აცილების შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით წარმოადგენდა ის სასწავლო უნივერსიტეტის თვითმმართველობას თუ აკადემიურ პერსონალს, აირჩევა ახალი წევრი.
მუხლი 11. დროებითი კომისიის მიერ საქმის განხილვის წესი
1. კომისიის ფორმირებიდან 10 (ათი) დღის ვადაში, კომისია ეცნობა საქმეში წარმოდგენილ მასალებს, რომლის ასლი ეგზავნება ნაშრომის ავტორს.
2. ნაშრომის ავტორს უფლება აქვს საქმის მასალების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში წარმოადგინოს თავისი წერილობითი პოზიცია განსახილველ საკითხთან მიმართებით, რომლის წარმოუდგენლობა არ აბრკოლებს კომისიის მიერ საქმის განხილვას.
3. წერილობითი ახსნა-განმარტების წარმოდგენის ვადის გასვლიდან 10 (ათი) დღის ვადაში, კომისია ნიშნავს ზეპირ მოსმენას, რომელზეც ნაშრომის ავტორს უფლება აქვს წარმოადგინოს თავისი ზეპირი პოზიცია განსახილველ საკითხთან მიმართებით.
4. ნაშრომის ავტორის მიერ სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სხდომა გადაიდება, ხოლო განმეორებით სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისია გააგრძელებს საქმის განხილვას.
5. კომისიას უფლება აქვს მოიწვიოს რეცენზენტები, დაუსვას მათ კითხვები და მათგან მოითხოვოს განმარტებები მათ მიერ წარმოდგენილი დასკვნების შესახებ.
6. კომისიას უფლება აქვს მოიწვიოს ექსპერტები და მათგან მოისმინოს დასკვნები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
7. კომისია ვალდებულია გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
8. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლის შემდეგ, კომისია ფარული კენჭისყრით კენჭს უყრის ნაშრომის ავტორისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს.
9. ნაშრომის ავტორისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა კომისიის წევრთა 4 (ოთხი) ხმა.
10. კომისიის გადაწყვეტილება ნაშრომის ავტორისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული.
11. კომისიის მუშაობა კონფიდენციალურია, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება საჯარო.
12. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ ნაშრომის ავტორის მხრიდან აკადემიურ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.
მუხლი 13. დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები
1. კომისიის მიერ ნაშრომის ავტორისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილება ეგზავნება რექტორს, რომელიც აკადემიური გადაცდომის სიმძიმის გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას გამოსაყენებელი პასუხისმგებლობის შესახებ.
2. რექტორის მიერ გამოსაყენებელი პასუხისმგებლობის სახეებია:
სტუდენტებისათვის:
ა) გაფრთხილება;
ბ) ნაშრომის შეფასება 0 (ნული) ქულით;
გ) პლაგიატის შემთხვევის 2-ჯერ განმეორების შემთხვევაში - სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა;
აკადემიური და სხვა პერსონალისთვის:
ა) გაფრთხილება;
ბ) პლაგიატის შემთხვევის 2-ჯერ განმეორების შემთხვევაში - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა;
მუხლი 13. გადაწყვეტილების გასაჩივრება
1. კომისიისა და რექტორის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია მისი გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში.