რეგისტრაცია
image

ჩვენ შესახებ

სამართლებრივი დოკუმენტაცია

უკან დაბრუნება
სამეცნიერო კვლევის ეთიკის დებულება ჩამოტვირთვა

მუხლი 1. მოქმედების სფერო
1. წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის (შემდგომში - უნივერსიტეტი) კვლევის ეთიკის კომიტეტის (შემდგომში - ეთიკის კომიტეტი) ფორმირების, საქმიანობის, საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს და ადგენს ჩარჩოს უნივერსიტეტის და მისი პერსონალის, სტუდენტების, და მკვლევარების მიერ განხორციელებული კვლევის ეთიკური ნაწილის შეფასებისთვის.
2. აღნიშნული დოკუმენტი ვრცელდება უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული ან/და უნივერსიტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მიერ განხორციელებულ სამეცნიერო კვლევაზე. კვლევა, რომელსაც უნივერსიტეტი/პერსონალი სხვა დაწესებულებებთან/პერსონალთან პარტნიორობით ახორციელებს, ასევე ექვემდებარება დოკუმენტში აღწერილ პროცედურებს.
მუხლი 2. მიზანი და ამოცანები
1. ამ დოკუმენტის მისიაა დაიცვას კვლევის მონაწილეთა უფლებები, უსაფრთხოება, ღირსება და კეთილდღეობა და ხელი შეუწყოს და წაახალისოს ეთიკური კვლევა, რომელიც პოტენციურად სასარგებლოა მონაწილეებისთვის, უნივერსიტეტისთვის, მეცნიერებისა და საზოგადოებისთვის.
2. დოკუმენტის მიზანია უზრუნველყოს და მხარი დაუჭიროს უნივერსიტეტში კვლევის ეთიკის კომიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მტკიცე, პროპორციული და რეაგირებადი ეთიკური მიმოხილვის ჩატარებას.
3. დოკუმენტი ეფუძნება მოქმედ ჰელსინკის დეკლარაციას, კლინიკური კვლევების შესახებ რეგულაციას და უზრუნველყოფს სამეცნიერო საქმიანობის  კარგი პრაქტიკის პრინციპების მხარდაჭერას 
მუხლი 3. კვლევის ეთიკის ზოგადი პრინციპები
1. ადამიანებზე ჩატარებული ყველა კვლევა უნდა ჩატარდეს უნივერსალურად აღიარებული ეთიკური პრინციპების შესაბამისად, კერძოდ:
ავტონომია
ავტონომიის პრინციპი ხორციელდება თავისუფალი და ინფორმირებული თანხმობის პროცესის მეშვეობით, რომლის გაუქმებაც შეიძლება ნებისმიერ დროს. პოტენციურ კვლევის მონაწილეს უნდა მიეწოდოს შესაბამისი, ზუსტი და გასაგები ინფორმაცია კვლევითი პროექტის შესახებ, სანამ ის გადაწყვეტს კვლევაში მონაწილეობის მიღებას. 
სარგებლიანობა 
სარგებლიანობის პრინციპები მოიცავს მორალურ ვალდებულებას, კვლევამ მაქსიმალურად გაზარდოს პოტენციური სარგებელი და მინიმუმამდე დაიყვანოს პოტენციური ზიანი. კვლევითი პროექტის დიზაინი უნდა იყოს გონივრული და აკმაყოფილებდეს სამეცნიერო ხარისხის მიღებულ კრიტერიუმებს, ხოლო მკვლევარებმა უნდა აჩვენონ კომპეტენცია, ჩაატარონ კვლევა შესაბამისი პროფესიული ვალდებულებებისა და სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყონ კვლევის მონაწილეთა სათანადო დაცვა.
სამართლიანობა.
შერჩევის კრიტერიუმები უნდა იყოს დაკავშირებული კვლევის მიზანთან და არა მხოლოდ დაფუძნებული, მაგალითად, თანხმობის მიღების სიმარტივეზე.
მუხლი 4. კვლევის ეთიკის კომიტეტი
1. კვლევის ეთიკის კომიტეტი წარმოადგენს მრავალდისციპლინურ, პირთა ჯგუფს, რომლებიც დანიშნულნი არიან კვლევითი პროექტებისა და პროტოკოლების განსახილველად, რათა უზრუნველყონ კვლევის მონაწილეთა ღირსების, ფუნდამენტური უფლებების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სათანადო პატივისცემა და დაცვა.
2. ეთიკის კომიტეტის მიზანია სამეცნიერო მეთოდისა და საზოგადოების ინტერესის გათვალისწინება, კვლევებში ჩართული მოხალისეების უფლებების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დასაცავად
3. კომიტეტის ამოცანებია:
ა). კვლევის ეთიკურად ჩატარების უზრუნველყოფა
ბ). კვლევის კულტურის გაუმჯობესების ხელშეწყობა
გ). მკვლევარებსა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციის გაძლიერება
დ). კვლევაში ეთიკური საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
4. კომიტეტის როლი კვლევის პროცესში:
ა). კვლევისთვის მომზადების ფაზაში საჭიროებისამებრ მკვლევარებისთვის ინფორმაციის მიწოდება
ბ). წარდგენილი კვლევის წინადადების ეთიკური განხილვა
გ). კვლევითი პროექტის განხორიცელების დროს შემდგომი რეაგირება, კვლევის ჩატარების ეთიკური ასპექტების შესახებ
დ). კვლევის დასრულების შემდეგ ანგარიშების განხილვა
5. ეთიკის კომიტეტი, მოქმედებს მოქმედი ჰელსინკის დეკლარაციის და შესაბამისი ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, და უზრუნველყოფს თავისი ეთიკური სტანდარტების დროულ, ყოვლისმომცველ და დამოუკიდებელ განახლებას. 
6. კომიტეტს ეკისრება პასუხისმგებლობა იმოქმედოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად. 
მუხლი 5. ეთიკის კომიტეტის ფორმირების პრინციპი
1. ეთიკის კომისიის წევრების სიითი შემადგენლობა განისაზღვრება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით
2. ეთიკის კომიტეტის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ:
ა). სამედიცინო ეთიკისა და დეონტოლოგიის სპეციალისტები
ბ). ბიომედიცინის სპეციალისტები
გ). პრაქტიკოსი კლინიცისტები (ექიმები)
დ). პრაქტიკოსი კლინიცისტები (სტომატოლოგები)
ე). დარგობრივი მიმართულებების (პედიატრია, ფსიქიატრია, ნეონატოლოგია, გინეკოლოგია და მსგ.) წარმომადგენლები
ვ). ფარმაკოლოგები
ზ). ბიოსტატისტიკოსები / ეპიდემიოლოგები
თ). განათლების მეცნიერებათა სპეციალისტები
ი). იურისტები
კ). პედაგოგები
ლ). ფსიქოლოგიები
მ). მონაცემთა დაცვის / IT უსაფრთხოების სპეციალისტ(ებ)ი
ნ). რელიგიურ და კულტურულ საკითხთა სპეციალისტები
ო). საზოგადოების/თემის წარმომადგენლ(ებ)ი, რომელიც არ განეკუთვნებიან არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ მიმართულებას. 
3. ეთიკის კომისიის წევრებიდან, რექტორის ბრძანებით განისაზღვრება ეთიკის კომიტეტის შემადგენლობა კონკრეტული მიმართულებისთვის / კონკრეტული კვლევითი პროექტის ეთიკის კომიტეტებისთვის.  
მუხლი 6. ეთიკის კომიტეტის ფუნქციები
1. კვლევის ეთიკის კომიტეტების ფუნქციები მოიცავს:
ა) კვლევის რისკებისა და პოტენციური სარგებლის იდენტიფიცირებას და შეფასებას;
ბ) კვლევის დიზაინის სამეცნიერო ვალიდურობის შეფასებას 
გ) პროცესისა და მასალების (დაბეჭდილი დოკუმენტები და სხვა ინსტრუმენტები) შეფასებას, რომლებიც გამოყენებული იქნება მონაწილეთა ინფორმირებული თანხმობის მისაღებად;
დ) მონაწილეთა დაქირავების პროცესისა და ნებისმიერი წახალისების შეფასებას;
ე) მონაწილეთა კონფიდენციალურობის რისკების და კონფიდენციალურობის დაცვის ადეკვატურობის შეფასებას;
ვ). მონაწილეთა დისკრიმინაციის დაკავშირებული რისკების შეფასებას
ზ) ნებისმიერი სხვა საკითხის შესწავლას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს კვლევის ეთიკურ მისაღებობაზე.
2. საერთაშორისო კვლევაში კომიტეტი წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს. ამრიგად, მან უნდა უზრუნველყოს, რომ მონაწილეები და მათი თემები მიიღებენ სამართლიან სარგებელს კვლევის მიგნებებიდან. 

მუხლი 7. ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარე
1. ეთიკის კომიტეტის შემადგენლობიდან განისაზღვრება კომიტეტის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეს. 
2. თავმჯდომარე წარმოადგენს ეთიკის კომიტეტს, აორგანიზებს კომიტეტის სხდომებს, ფასილიტაციას უწევს საკითხის განხილვას, კენჭისყრაზე აყენებს გადაწყვეტილებას კვლევის ეთიკური მისაღებობის შესახებ და ხელს აწერს კომიტეტის დასკვნებს. 
3. თავმჯდომარის არყოფნის, ან საკითხის განხილვიდან აცილების შემთხვევებში, კომიტეტს წარმოადგენს თავმჯდომარის მოადგილე. 

მუხლი 8. ეთიკის კომიტეტის სამდივნო
1. ეთიკის კომიტეტში განაცხადების მიღებას, მკვლევრის ინფორმირებას, დოკუმენტების არქივირებას, საჭირო მიმოწერას, შეხვედრების ორგანიზებას და მსგავს ამოცანებს ახორციელებს ეთიკის კომიტეტის სამდივნო.
2. ეთიკის კომიტეტის სამდივნოში მომუშავე პერსონალი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობის პრინციპი მიღებული ნებისმიერი ინფორმაციისთვის; ისინი თავიანთ მოვალეობებს იწყებენ კონფიდენციალურობის დოკუმენტზე ხელმოწერით.
3. დასაშვებია კვლევის სამდივნოს ფუნქცია შეასრულოს უნივერსიტეტის უფლებამოსილმა სტრუქტურულმა ერთეულმა

მუხლი 9. განაცხადი
1.კვლევის ეთიკური განხილვის განაცხადი უნდა შეიტანოს კვლევის მთავარმა მკვლევარმა.
2. განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი 1-ში წარმოდგენილი ფორმის შესაბამისად. 
3. ყველა სათანადოდ შევსებული განაცხადი განიხილება მისი წარდგენიდან 1 თვის ვადაში. 
4. არასათანადოდ შევსებული განაცხადი უბრუნდება წარმომდგენს. 
5. კომიტეტის წევრები უნდა შეისწავლონ წარმოებაში მიღებული განაცხადი და შეიკრიბონ გადაწყვეტილების მისაღებად თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ პერიოდში.
6. შეხვედრები ტარდება დღის წესრიგის მიხედვით, რომელიც წინასწარ განისაზღვრება კომიტეტის სამდივნოს მიერ, შემოსული განაცხადის თანმიმდევრობის გათვალისწინებით.
7. საჭიროების შემთხვევაში, განმცხადებელი, მკვლევარი ან სხვა პირი შესაძლებელია მიწვეულ იქნას ეთიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადის შესახებ ინფორმაციის წარმოსადგენად.

მუხლი 10. ეთიკის კომიტეტის მიერ განაცხადის შეფასება
1. საკითხის განხილვისას, ეთიკის კომიტეტმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი საკითხები:
ა). მოწოდებული ინფორმაციის ადეკვატურობა და წარმოშობილ ეთიკურ კითხვებზე წინასწარი რეაგირება
ბ). კვლევის დიზაინის კვლევის მიზნებთან შესაბამისობა
გ). კვლევის ინსტრუმენტებისა და მონაცემთა შეგროვების ფორმების შესაბამისობა,
დ). სტატისტიკური ანალიზი და სამეცნიერო ეფექტურობა, ანუ მყარი დასკვნების გამოტანის პოტენციალი მოხალისის მინიმალური შესაძლო ზემოქმედებით და იმის დადგენა, რომ პროგნოზირებადი რისკები და შეზღუდვები მისაღებია მოხალისის და/ან სხვებისთვის მოსალოდნელი სარგებლის გათვალისწინებით,
ე). მკვლევრის შესაფერისობა წარდგენილი კვლევისთვის/კვლევისთვის მისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით,
ვ). კვლევის სამეცნიერო ხელმძღვანელობის, სამედიცინო მონიტორინგისა და ადმინისტრაციული კონტროლის ადეკვატურობა,
ზ). მოხალისეების, საჭიროების შემთხვევაში, მათი კანონიერი წარმომადგენლებისთვის მიწოდებული ინფორმაციის ადეკვატურობა, სისრულე და გასაგებობა,
თ). მოხალისეთა შერჩევის, რეგისტრაციის, ინფორმაციის მიწოდების და ინფორმირებული თანხმობის მიღების პროცედურები
ი). ინფორმირებული თანხმობის ფორმის შინაარსი და სიცხადე, თანხმობის გამოხმობის შესაძლებლობები და პროცედურები
კ). მოხალისეთა პრეტენზიასა და საჩივრებთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებები,
ლ). კომპენსაცია/მკურნალობა მოხალისეთა კვლევაში მონაწილეობით გამოწვეული დაზიანების/ინვალიდობის/სიკვდილის შემთხვევაში.
მ). მკვლევარის და ორგანიზაციის პასუხისმგებლობა, დაზღვევისა და კომპენსაციის უზრუნველყოფა,
ნ). მოხალისეთა პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და დაცვის უზრუნველყოფის ზომები
ო). კვლევის მონაწილე მოხალისეებისთვის გადახდები ან/და სხვა წახალისებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
2. საჭიროების შემთხვევაში, ეთიკის კომიტეტებს შეუძლიათ კონსულტაციები გაიარონ შესაბამისი დარგის ან ვიწრო სპეციალობის ექსპერტებთან და მოიწვიონ ისინი კონსულტანტებად.
3. ეთიკის კომიტეტის წევრები უფლებამოსილი არიან, დასვან დამატებითი შეკითხვები კვლევის თავისებურების გათვალისწინებით, წერილობით ან კომიტეტის სხდომაზე, ზეპირად. წერილობითად დასმული შეკითხვების კორესპონდენცია ინახება საქმესთან ერთად, ხოლო ზეპირად დასმული შეკითხვები აისახება კომიტეტის სხდომის ოქმში. 

მუხლი 11. ცალკეული მიმართულების კვლევის განაცხადის განხილვის თავისებურებები
1. ეთიკის კომიტეტს არ შეუძლია დაამტკიცოს სამედიცინო კვლევა ბავშვებზე ბავშვთა ფსიქიატრის ან ბავშვთა ჯანმრთელობისა და დაავადებების სპეციალისტის დადებითი დასკვნის გარეშე, ასევე კლინიკური კვლევა ბავშვთა სტომატოლოგიაში, ბავშვთა სტომატოლოგის ლიცენზიის  მქონე სპეციალისტის გარეშე.
2. ეთიკის კომიტეტს არ შეუძლია დაამტკიცოს ნაყოფის/ჩვილის ჯანმრთელობის შესახებ კვლევა ნეონატოლოგიის, ორსულ ქალზე - გინეკოლოგიის, ხოლო მეძუძურ ქალებზე - დამატებით პედიატრიის სერტიფიცირებული, კლინიკური გამოცდილების მქონე სპეციალისტის გარეშე. 
3. ეთიკის კომიტეტს არ შეუძლია დაამტკიცოს საგანმანათლებლო სამოქმედო კვლევა არასრულწლოვნებზე/ზრდასრულებზე შესაბამისად პედაგოგიკის/ანდრაგოგიკის სპეციალისტების, ხოლო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებთან დაკავშრებული კვლევა - ინკლუზიური განათლების სპეციალისტის გარეშე. 

მუხლი 12. რისკებისა და სარგებლიანობის შეფასება
1. კვლევის ეთიკურობის განხილვამ ხელი უნდა შეუწყოს რისკების მინიმიზაციისა და სარგებლის მაქსიმიზაციას, ამავდროულად უზრუნველყოს პიროვნების პატივისცემა და უზრუნველყოს საუკეთესო შესაძლო რეაგირება, რათა თავიდან აიცილოს გაუმართლებელი ზიანი და არ შეაფერხოს პოტენციურად სასარგებლო კვლევა.
2. კვლევის განაცხადში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი რისკების დონე და ტიპი, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ მონაწილეები.
3. რისკის/სარგებლის შეფასების ფაზებია:
ა). მოსალოდნელი რისკების იდენტიფიცირება
კომიტეტმა უნდა განსაზღვროს რისკების ბუნება, მახასიათებლები და მასშტაბები კვლევის ეთიკის კომიტეტისთვის წარდგენილ კვლევის გეგმის შესაბამისად. კომიტეტმა ყურადღებით უნდა განიხილოს გეგმაში მოცემული რისკების აღწერა, მაგრამ არ უნდა ჩათვალოს, რომ ეს აღწერა აუცილებლად ზუსტი ან სრულია.
ბ). მოსალოდნელი სარგებლის იდენტიფიცირება
კვლევითი ჩარევები, რომლებიც, სავარაუდოდ, მომავალში საზოგადოებისთვის სასარგებლო სამეცნიერო ინფორმაციის მოპოვებას გამოიწვევს, გონივრული უნდა იყოს მიღებული ცოდნის მნიშვნელობის მიმართ, შესაბამის რისკებთან შედარებით.
4. კვლევის სუბიექტებისთვის რისკების შეფასებისას უნდა იქნას გათვალისწინებული:
ა) ფიზიკური მთლიანობის რისკები, მათ შორის ექსპერიმენტულ პრეპარატებთან და მკურნალობასთან დაკავშირებული რისკები და კვლევაში გამოყენებული სხვა ჩარევები.
ბ) ფსიქოლოგიური რისკები: მაგალითად, კითხვარი შეიძლება წარმოადგენდეს რისკს, თუ ის ეხება ტრავმულ მოვლენებს ან განსაკუთრებით სტრესულ მოვლენებს.
გ) სოციალური, სამართლებრივი და ეკონომიკური რისკები: მაგალითად, თუ კვლევის დროს შეგროვებული კონფიდენციალური ინფორმაცია შემთხვევით გახმაურდება, მონაწილეებს შეიძლება შეექმნათ დისკრიმინაციისა და სტიგმატიზაციის რისკი.
5. საზოგადოებისთვის რისკების შეფასებისას უნდა იქნას გათვალისწინებული:
ა) კვლევის შედეგად გარკვეული ეთნიკური ან მოსახლეობის ჯგუფები შეიძლება განიცდიდნენ დისკრიმინაციას ან სტიგმატიზაციას, განსაკუთრებით თუ ამ ჯგუფების წევრები იდენტიფიცირებულნი არიან, როგორც კონკრეტული დაავადების ჩვეულებრივზე მაღალი რისკის მქონე პირები.
ბ) კვლევამ შეიძლება გავლენა მოახდინოს არსებულ ჯანდაცვის სისტემაზე: მაგალითად, კვლევაზე გამოყოფილმა ადამიანურმა და ფინანსურმა რესურსებმა შეიძლება ყურადღება გადაიტანოს საზოგადოებაში ჯანდაცვის სხვა აქტუალური საჭიროებებიდან.
6. კომიტეტმა უნდა ჩაატაროს რისკებსა და მონაწილეებისა და/ან მათი თემებისთვის პოტენციურ სარგებელს შორის ურთიერთობის სკრუპულოზური შეფასება. რისკების/სარგებლის თანაფარდობის შეფასებისას, კომიტეტმა თავი უნდა აარიდოს რისკების არასაკმარისად შეფასებას და/ან პოტენციური სარგებლის გადაჭარბებულ შეფასებას, რომელთაგან ორივემ შეიძლება გამოიწვიოს მონაწილეთა დაუსაბუთებელი ზიანის მიყენება, ასევე რისკების გადაჭარბებული შეფასება და/ან პოტენციური სარგებლის არასაკმარისად შეფასება, რითაც ხელს შეუშლის პოტენციურად სასარგებლო კვლევას.
7. კომიტეტის წევრებმა არ უნდა დააფუძნონ თავიანთი შეფასება მხოლოდ პროტოკოლში მოცემულ ინფორმაციაზე, არამედ უფლება აქვთ მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია, კონსულტაციები გაიარონ ექსპერტებთან და საჭიროების შემთხვევაში გაცვალონ ინფორმაცია სხვა კომიტეტებთან.

მუხლი 13. ინფორმაციის დაცვა და კონფიდენციალურობა
1. კვლევის ეთიკის კომიტეტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის დაცვის ძირითადი სტანდარტების და კანონმდებლობით დადგენილი დაცვის ღონისძიებების  გარანტირება.
2. კვლევითი პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ყველა პერსონალური ინფორმაციის დაცვას არაავტორიზებული გამჟღავნებისგან. პერსონალური ინფორმაცია მოიცავს ყველა ინფორმაციას, რომელიც ეხება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს („მონაცემთა სუბიექტი“); იდენტიფიცირებადი პირი არის ის, ვისი იდენტიფიცირებაც შესაძლებელია, პირდაპირ თუ ირიბად, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრის ან მისი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური იდენტობისთვის დამახასიათებელი ერთი ან მეტი ფაქტორის მითითებით.
3. ყველა პერსონალური ინფორმაცია უნდა იყოს დაცული, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა მკვლევარი და მონაწილე სხვა (მაგალითად ექიმ-პაციენტის) სამართალურთიერთობაში. ეს ეხება იმ პერსონალურ ინფორმაციასაც კი, რომელსაც მკვლევარები განსაკუთრებით „მგრძნობიარედ“ არ მიიჩნევენ.
4. ეთიკის კომიტეტბმა ყურადღებით უნდა შეისწავლოს, თუ როგორ იქნება დაცული კვლევის დროს მიღებული ინფორმაცია გამჟღავნებისგან და უზრუნველყონ, რომ მინიმუმამდე შემცირდეს რისკი უარყოფით შედეგებისა ინფორმაციის გამჟღავნების გამო. 
5. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის დაცვის ვალდებულება შეეხება როგორც ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ინდივიდის კონკრეტულ კვლევაში მონაწილეობასთან, ასევე კვლევის დროს გამოვლენილ ინფორმაციას და კვლევის შემდეგ გამოვლენილ ინფორმაციას.
6. კვლევის წინადადება უნდა შეფასდეს პერსონალური მონაცემების დაცვის შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით:
ა). მონაცემების შეგროვება, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კვლევის მონაწილეების იდენტიფიცირება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ინფორმაცია აუცილებელია კვლევითი პროექტის წარმატებით დასრულებისთვის.
ბ). როდესაც აუცილებელია იდენტიფიცირებადი ინფორმაციის შეგროვება, პირების სახელების შეცვლა კოდით. ნომრები და კოდის გასაღების შენახვა უსაფრთხო ადგილას, რომელიც მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის პირებისთვის არის ხელმისაწვდომი. გასაღების კოდის განადგურება, როდესაც კვლევის მიზნით მონაცემების პირადობასთან დაკავშირება აღარ იქნება საჭირო.
გ). თუ ინახება დაკავშირებადი ინფორმაცია (ანუ პოტენციურად იდენტიფიცირებადი მონაცემები), ამ შენახვის მიზანი, მისი ხანგრძლივობა და პირები, რომლებსაც მასზე წვდომა ექნებათ, ნათლად უნდა იყოს მითითებული.
7. ინფორმაცია დაცული უნდა იყოს წვდომის შეზღუდვით, უსაფრთხოა და გამოიყენება დაცული კომუნიკაციის საშუალებები. 
8. ინფორმაცია ნადგურდება, როგორც ის აღარ იქნება საჭირო.
9. მონაწილეებს უნდა ეცნობოთ ყველა პერსონალური ინფორმაცია, რომელიც შეგროვდება, იმ პირთა წრე, რომელთაც ექნებათ წვდომა ამ ინფორმაციაზე, კონფიდენციალურობის დაცვის ზომები, აგრეთვე რისკები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას არასათანადოდ გამჟღავნების შემთხვევაში.

მუხლი 14. გადაწყვეტილების მიღება
1. ეთიკის კომიტეტის გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნას მხოლოდ განხილული განაცხადების შეფასების შედეგად, მას შემდეგ, რაც კომიტეტი გაეცნობა ინფორმაციას ამ წესით განსაზღვრულ ყველა საკვანძო საკითხზე. 
2. ეთიკის კომიტეტმა უნდა უზრუნველყოს, რომ სხდომაზე განხილული ინფორმაცია უნდა იყოს სრული და წარმოდგენილი დოკუმენტები განხილული იყოს გადაწყვეტილების მიღებამდე.
3. საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შეფასებისა და მოსაზრებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე ეთიკის კომიტეტს გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის გადაწყვეტილება:
    ა). კვლევის დამტკიცების შესახებ
    ბ). კვლევის პირობით დამტკიცების შესახებ
    გ). კვლევის უარყოფის შესახებ
3. ეთიკის კომიტეტს შეუძლია გადაწყვეტილებას დაურთოს რეკომენდაცია.
4. წევრები, რომლებიც არ ეთანხმებიან გადაწყვეტილებას, უფლებამოსილი არიან დააფიქსირონ განსხვავებული აზრი, რომელიც დაერთვის გადაწყვეტილებას. 
კვლევის პირობით დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად, კვლევის ავტორს წარედგინება პირობა, რომელიც აუცილებლად შესასრულებელია
5. კვლევის უარყოფის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული
6. ეთიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაში მიეთითება კვლევის სათაური და მისი წარმდგენი, კომიტეტის წევრები, გადაწყვეტილება, და, არსებობის შემთხვევაში, კომიტეტის რეკომენდაციები. გადაწყვეტილება ფორმდება დანართი 2-ით დადგენილი ფორმით.
7. გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომიტეტის თავმჯდომარე, ან, მისი არყოფნის ან აცილების შემთხვევაში - თავმჯდომარის მოადგილე. ხელმოწერილი გადაწყვეტილება გადაეცემა განმცხადებელს. 

მუხლი 15. ინტერესთა კონფლიქტი
1. მკვლევარის ინტერესთა კონფლიქტი კვლევაში არსებობს მაშინ, როდესაც მკვლევარებს ან ინსტიტუტებს, სადაც კვლევა ტარდება, აქვთ კონკრეტული ინტერესები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ კვლევასთან დაკავშირებულ ძირითად ვალდებულებებზე და რისკის ქვეშ დააყენონ კვლევის, საკვლევი პოპულაციის შერჩევის, ან კვლევის შედეგების სამეცნიერო ობიექტურობა. 
2. კომიტეტის წევრის ინტერესთა კონფლიქტი არსებობს მაშინ, როდესაც კომიტეტის წევრი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია კონკრეტული კვლევის შესახებ დადებითი ან უარყოფითი რეკომენდაციის გაცემით, ან არსებობს სხვა გარემოება, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.
3. წევრებმა, რომლებსაც აქვთ ინტერესთა კონფლიქტი კონკრეტულ კვლევასთან დაკავშირებით, არ უნდა მიიღონ მონაწილეობა ამ კვლევის განხილვაში.
4. მკვლევარებმა კვლევის ეთიკის კომიტეტს უნდა გაანდონ ნებისმიერი ფინანსური ინტერესი მათი კვლევის საგანთან დაკავშირებით.
5. კომიტეტს უნდა ჰქონდეს წვდომა კვლევის ბიუჯეტზე და მიიღოს ინფორმაცია მკვლევარების ფინანსური ინტერესის შესახებ.
6. კვლევის შეთანხმებები არ უნდა აძლევდეს მკვლევრებს საშუალებას დადონ კონტრაქტები, რომლებიც სპონსორს პუბლიკაციაზე ვეტოს უფლებას აძლევს.
7. კვლევის პროექტი და კვლევითი გუნდის შემადგენლობა უნდა უზრუნველყოფდეს უნივერსიტეტის შესაძლებლობას გამოიყენოს კვლევის მიგნებები, სამეცნიერო პუბლიკაციები და კვლევის სხვა შედეგები აფილირების მოქმედი პოლიტიკის შესაბამისად. 

მუხლი 16. დოკუმენტაციის შენახვა და არქივი
1. ეთიკის კომიტეტის ყველა დოკუმენტი და კორესპონდენცია უნდა იყოს დათარიღებული, შენახული და არქივირებული.
2. სხვადასხვა დოკუმენტზე, ფაილსა და არქივზე წვდომისა და მათი გამოყენების უფლებამოსილება აქვს კომიტეტის წევრებს და კომიტეტის სამდივნოს 

მუხლი 17. კომიტეტის წევრების ტრენინგი
1. ეთიკის კომიტეტის წევრებმა უნდა გაიარონ ტრენინგი კვლევის მარეგულირებელი საერთაშორისო და ადგილობრივი ეთიკური და სამართლებრივი სტანდარტების, ასევე კომიტეტის მიერ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურების შესახებ.
2. არამეცნიერ წევრებს უნდა მიეწოდოთ სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და კვლევის მეთოდოლოგიის საკმარისი გაგება, რათა მათ შეძლონ ინტელექტუალურად მონაწილეობა მიიღონ კომიტეტის დისკუსიებში. იგივე წესი გამოიყენება არასპეციალობის (მაგალითად არასამედიცინო სპეციალობის) წევრთა მიმართ კონკრეტული მიმართულების კვლევაზე მიმდინარე დისკუსიებისთვის. 
3. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს კომიტეტის ყველა წევრს ტრენინგებში მონაწილეობის შესაძლებლობით და მხარს უჭერს სასწავლო პროცესის ორგანიზებას.

მუხლი 18. გარდამავალი დებულებები
1. წინამდებარე წესის შესაბამისად ეთიკის კომიტეტის წევრების დაკომპლექტება განხორციელდება უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მიერ წარდგენილი კანდიდატურებით, 2025-2026 აკადემიური წლის დაწყებამდე. 
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადამდე უნივერსიტეტის რექტორი უფლებამოსილია დააკომპლექტოს დროებითი კვლევის კომიტეტი მიმდინარე კვლევის საჭიროებების შესაბამისად, ამ წესით განსაზღვრული შემადგენლობითა და უფლებამოსილებით.
2. 2026-2027 აკადემიური წლის დაწყებამდე უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებმა უზრუნველყონ ეთიკის კომიტეტის არანაკლებ 1/3-ის დაკომპლექტება გარე წევრებით. გარე წევრად მოიაზრება პირი, რომელსაც არანაკლებ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში არ აქვს უნივერსიტეტთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა.

მუხლი 19. დასკვნითი დებულებები
1. წინამდებარე დებულება ძალაში 2025 წლის პირველი ივლისიდან. 
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება რექტორის ბრძანებით