სამართლებრივი დოკუმენტაცია
უკან დაბრუნებამუხლი 1. მოქმედების სფერო
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს შპს “ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი“-ს (შემდგეგში - უნივერსიტეტი“) აკადემიური პერსონალის ადილირების პირობებს, აფილირების სამართლებრივ შედეგებს, მის გავლენას შრომით ურთიერთობებზე, აფილირების დაწყების, გაუქმებისა და შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს.
2. წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნები აფილირებასთან მიმართებით წარმოადგენს უნივერსიტეტის აფილირებულ აკადემიურ პერსონალთან დადებული ხელშეკრულების არსებით შემადგენელ ნაწილს და გამოიყენება უნივერსიტეტსა და პერსონალს შორის სწავლების, კვლევის და ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულების დროს წარმოშობილი სამართალურთიერთობების მოსაწესრიგებლად.
3. წინამდებარე წესის მოთხოვნების შესრულება აუცილებელია იმ აკადემიურ პერსონალისთვის, რომელსაც უნივერსიტეტთან დადებული აქვს აფილირების შეთანხმება მისი მოქმედების პერიოდის განმავლობაში.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესში მოყვანილ ტერმინებს ამ წესისა და უნივერსიტეტსა და აკადემიურ პერსონალს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის მიზნებისთვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აკადემიური პერსონალი - „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და უნივერსიტეტის „აკადემიური პერსონალის არჩევის წესის“ შესაბამისად, პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტის თანამდებობაზე არჩეული პირი, შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდის განმავლობაში.
ბ) აფილირებული აკადემიური პერსონალი - აკადემიური პერსონალი, რომელთანაც ამ წესისა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად, გაფორმებულია აფილირების შეთანხმება, მისი არსებობის პერიოდის განმავლობაში.
გ). აფილირება - უნივერსიტეტსა და აკადემიურ პერსონალს შორის დადებული წერილობითი შეთანხმება, რომლითაც აკადემიური პერსონალი უპირატესობს ანიჭებს უნივერსიტეტს, მისი სახელით მიიღოს მონაწილეობა საზოგადოების განვითარებისა და ცოდნის გადაცემის პროცესში და სხვადასხვა საგანმანალებლო/სამეცნიერო ღონისძიებებში წარმოადგინოს უნივერსიტეტი.
ე). დატვირთვა - აკადემიური პერსონალის მიერ აკადემიური სამუშაოს შესრულების სახე უნივერსიტეტის „აკადემიური და მოწვეული პერსონალის დატვირვის წესის“ შესაბამისად.
ვ). დატვირთვის კატეგორია - აკადემიური პერსონალის დატვირთვის ტიპი (სრული და არასრული/საათობრივი).
ზ). სკოლა - უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული.
თ). დატვირთვის წესი - უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის დატვირთვის წესი.
მუხლი 3. აფილირების ცნება
აფილირება გულისხმობს აკადემიური პერსონალის გამოხატულ ნებას, უნივერსიტეტის სახელით მიიღოს მონაწილეობა საზოგადოების განვითარებისა და ცოდნის გაზიარების პროცესში, განახორციელოს კვლევითი/სამეცნიერო საქმიანობა უნივერსიტეტის სახელით და თანხმობას მისი კვლევის შედეგი ჩაეთვალოს შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმს“.
მუხლი 4. უნივერსიტეტის ვალდებულებები
უნივერსიტეტს, აფილირებული აკადემიური პერსონალის მიმართ აქვს შემდეგი ვალდებულებები:
ა). განახორციელოს აფილირებული აკადემიური პერსონალის პრიორიტეტული დატვირთვა არააფილირებულ ან/და მოწვეულ პერსონალთან შედარებით.
ბ). აანაზღაუროს აფილირებული აკადემიური პერსონალის სამეცნიერო მუშაობა, როგორც აკადემიური თანამდებობისთვის დადგენილი დატვირთვის ფარგლებში, ასევე მისი გადაჭარბებით „აკადემიური და მოწვეული პერსონალის დატვირთვის წესის“ შესაბამისად.
გ). გასწიოს ორგანიზაციული და ფინანსური მხარდაჭერა აფილირებული აკადემიური პერსონალის სამეცნიერო მუშაობის ორგანიზებისა და მისი შედეგების პუბლიკაციისთვის.
დ). ჩართოს აფილირებული აკადემიური პერსონალი უნივერსიტეტის მიერ და უნივერსიტეტის სახელით ორგანიზებულ ღონისძიებებში.
ე). უზრუნველყოს აფილირებული აკადემიური პერსონალის ინფორმაციული მხარდაჭერა უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტების შესახებ.
მუხლი 5. აფილირებული აკადემიური პერსონალის ვალდებულებები
აფილირებული აკადემიური პერსონალი ვალდებულია
ა). განახორციელოს საგამანათლებლო, კვლევითი და ადმინისტრაციული საქმიანობა, მიიღოს მონაწილეობა სამეცნიერო და პროფესიულ აქტივობებში უნივერსიტეტის სახელით.
ბ). განაცხადოს უნივერსიტეტთან აფილირება კვლევითი საქმიანობის პროგრესის ყველა პლატფორმაზე (QMS, ORCid, Scopus, Google Scholar და სხვა).
გ). შეასრულოს შესაბამისი კატეგორიისთვის განსაზღვრული აკადემიური / სამეცნიერო / ადმინისტრაციული სამუშაო დატვირთვის წესის და მის საფუძველზე შემუშავებული დატვირთვის ცხრილის შესაბამისად.
დ). წარმოადგინოს არასაკონტაქტო (კვლევითი) დატვირთვის გეგმა, და შესაბამისი დატვირთვის შესრულების ანგარიშ(ებ)ი სკოლის მიერ განსაზღვრულ პერიოდში.
ე). აცნობოს ან/და შეუთანხმოს უნივერსიტეტს აკადემიური დატვირთვა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში „აკადემიური და მოწვეული პერსონალის დატვირთვის წესის“ მოთხოვნების შესაბამისად.
ვ). მიანიჭოს უნივერსიტეტს უპირატესობა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებეთან შედარებით, განსაზღვრული კატეგორიისა და დატვირთვის წესის მოთხოვნების შესაბამისად.
ზ). უარი თქვას სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აფილირებაზე
თ). უარი თქვას სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავებაზე, თუ ის ახორციელებს უნივერსიტეტის მსგავს საგანმანათლებლო პროგრამებს.
ი). შეათანხმოს უნივერსიტეტთან სხვა ორგანიზაციაში, გარდა ამ მუხლის „ე“ პუნქტით განსაზღვრული ორგანიზაციებისა, აკადემიური/ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება.
კ). მოაწოდოს უნივერსიტეტს სხვა ორგანიზაციებში მისი მუშაობის და დატვირთვის შესახებ ინფორმაცია უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ვადებში.
ლ). იზრუნოს უნივერსიტეტის, როგორც მისი ძირითადი საგანმანათლებლო დაწესებულების, და მასში დასაქმებული კოლეგების რეპუტაციის ამაღლებაზე.
მუხლი 6. აფილირებული პერსონალის შეთავსებით მუშაობის შეზღუდვები
1. აფილირებულმა აკადემიურმა პერსონალმა საგანმანათლებლო საქმიანობა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა განახორციელოს ისე, რომ ხელი არ შეუშალოს უნივერსიტეტში მისი სასწავლო, კვლევითი და ადმინისტრაციული დატვირთვის შესრულებას.
2. დაუშვებელია აფილირებული აკადემიური პერსონალის სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან აფილირება, გარდა ამ წესის მე-9 მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
3. დაუშვებელია აფილირებული აკადემიური პერსონალის მიერ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს უნივერსიტეტის ანალოგიურ პროგრამ(ა/ებ)ს.
4. აფილირებული აკადემიური პერსონალი ვალდებულია შეათანხმოს უნივერსიტეტთან სხვა ორგანიზაციაში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით აღწერილი ორგანიზაციებისა აკადემიური/ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება. უნივერსიტეტი უფლებამოსილია პერსონალს უარი უთხრას შეთავსებით მუშაობის შეთანხმებაზე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
5. აფილირებული აკადემიური პერსონალის მხრიდან ამ მუხლით გათვალისწინებელი შეტყობინების ვალდებულების დარღვევა შესაძლებელია შეფასდეს როგორც მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევა და გამოიწვიოს უნივერსიტეტის ინიციატივით აფილირების გაუქმება ან/და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურით.
მუხლი 7. აფილირების მოქმედების ვადა
1. აფილირება ფორმდება წერილობითი შეთანხმებით უნივერსიტეტსა და აკადემიურ პერსონალს შორის და ძალაში შედის მისი ხელმოწერის, და აფილირების QMS ბაზაში უნივერსიტეტის მხრიდან რეგისტრაციის მომენტიდან.
2. აფილირების შეთანხმება მოქმედებს პირის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდით, თუ მის გასვლამდე აფილირება არ იქნება შეწყვეტილი რომელიმე მხარის ინიციატივით, ამ წესისა და უნივერსიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას.
3. აფილირების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა). აფილირებული აკადემიური პერსონალის მოთხოვნა;
ბ). პირის აკადემიური თანამდებობიდან განთავისუფლება ან აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლა;
გ) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან აფილირება;
დ). ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტთით განსაზღვრულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება;
ე) სხვა ორგანიზაციაში აკადემიური/ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების უნივერსიტეტთან შეუთანხმებლობა.
ვ). უნივერსიტეტისთვის სასწავლო, კვლევითი ან/და ადმინისტრაციული დატვირთვის გეგმის მოუწოდებლობა/შეუთანხმებლობა ამისთვის განსაზღვრულ ვადაში.
ზ). უნივერსიტეტის მიერ პერსონალისთვის განსაზღვრული დატვირთვის არასაპატიო მიზეზით არშესრულება.
მუხლი 8. აფილირების შეწყვეტის სამართლებრივი შედეგები
1. პერსონალის ინიციატივით აფილირება შეწყვეტილი შეიძლება იყოს აკადემიური წლის დასრულების შემდეგ. აღნიშნულ შემთხვევაში მხარეთა ერთობლივი ძალისხმევით უნდა დასრულდეს წლიური დატვირთვის გეგმით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება და გაწეული სამუშაო ანაზღაურდეს დატვირთვის წესით გათვალისწინებული პირობებითა და ოდენობით.
2. პერსონალის ინიციატივით, უნივერსიტეტთან აფილირების აკადემიური წლის განმავლობაში შეწყვეტის, ან აფილირების შეწყვეტის ამ წესით განსაზღვრული პირობის დადგომის შემთხვევაში პერსონალს უნაზღურდება აკადემიური წლის განმავლობაში ფაქტობრივად შესრულებული სააუდიტორიო დატვირთვა არააფილირებული პერსონალისთვის დადგენილი წესითა და ოდენობით. ზედმეტად ანაზღაურებული დატვირთვა გამოიქვითება პერსონალის ანაზღაურებიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. პერსონალის მიზეზით ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ –„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას აფილირების ვადამდელი შეწყვეტა განიხილება აკადემიური პერსონალის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევად და შესაძლებელია გახდეს მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი. ამ საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა არ ავალდებულებს უნივერსიტეტს გააგრძელოს პერსონალთან თანამშრომლობა მოწვეული ლექტორის სტატუსით.
მუხლი 9. ერთობლივი აფილირება
1. უნივერსიტეტსა და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებ(ა/ებ)ს შორის საგანმანათლებლო ან/და კვლევითი თანამშრომლობის შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, დასაშვებია ამ დაწესებულებების აფილირებულმა აკადემიურმა პერსონალმა შეასრულოს ერთობლივი საგანმანათლებლო-კვლევითი მუშაობა კონსოლიდირებულ რესურზე, რომლის შედეგები თანაბარწილად ერთვლება შეთანხმებაში მონაწილე ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
მუხლი 10. გარდამავალი დებულებება
1. 2025 წლის პირველ სექტემბრამდე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი ვალდებულია შეატყობინოს, ხოლო ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში - შეათანხმოს უნივერსიტეტთან სხვა ორგანიზაციებში აკადემიური/ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ფაქტი. შეტყობინება და მისი დამადასტურებელი ინფორმაციის წარმოდგენა არის აკადემიური პერსონალისთვის აფილირების შენარჩუნების წინაპირობა.