სამართლებრივი დოკუმენტაცია
უკან დაბრუნებამუხლი 1. რეგულირების სფერო
1. უმაღლესი განათლების კრედიტების აღიარების წესი“ (შემდგომში - „კრედიტების აღიარების წესი“) არეგულირებს შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმის“ (შემდგომში - „უნივერსიტეტი“) სტუდენტის მიერ სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების / სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი სასწავლო კურსების აღიარების წესსა განსაზღვრავს აღიარებაზე უფლებამოსილ უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებსა და ადგენს აღიარების დადასტურების, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანხმობის მიღების, აღიარების გასაჩივრებასა და შეცვლის პროცედურებს.
2. კრედიტების აღიარების წესის მიზანია უნივერსიტეტის საქმიანობის ორგანიზაციული მხარდაჭერა, სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსების უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამასთან თანხვედრის განსაზღვრის წესის დადგენით და გავლილი განათლების აღიარების გამჭვირვალე პროცედურის უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს დანერგვით.
3. წინამდებარე წესი შემუშავებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტების, მათ შორის, „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის N3 ბრძანების, „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის N98/ნ ბრძანებისა და „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანების საფუძველზე.
4. უნივერსიტეტის სტუდენტის სასწავლო კურსების აღიარებასთან დაკავშირებული უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტები მიიღება ამ წესის საფუძველზე და უნდა შეესაბამებოდეს მას. წინამდებარე წესისა და ამ მუხლში განსაზღვრული ურთიერთობის მარეგულირებელი უნივერსიტეტის სხვა სამართლებრივი აქტის ნორმებს შორის სხვაობის შემთხვევაში, წესს გააჩნია უპირატესი იურიდიული ძალა უნივერსიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების მიმართ.
5. უნივერსიტეტის სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსების აღიარებასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც არ არის რეგულირებული ამ წესით ან/და მის საფუძველზე მიღებული უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით, რეგულირდება თუ განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ნორმების შესაბამისად.
6. წესის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის მობილობით მოპოვების და უნივერსიტეტში/სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების პროცესში ჩართული უნივერსიტეტის ყველა თანამშრომლისთვის, სტუდენტისთვის, თუ მობილობის მსურველი პირისთვის.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა). “ბაუ” ან „უნივერსიტეტი“ - შპს „ბაუ ინთერნეიშენალ იუნივერსითი, ბათუმი“
ბ). „პირველადი უსდ“ - საქართველოს ან უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც უნივერსიტეტში მობილობით გადმოსულმა სტუდენტმა გაიარა სასწავლო კურსები
გ). „აღიარება“ - ამ წესით განსაზღვრული პროცედურით სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსების უნივერსიტეტის იმ პროგრამასთან შესაბამისობის დადგენა, რომელზედაც სწავლას აგრძელებს სტუდენტი.
დ). „ECTS“ - ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული საკრედიტო სისტემა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ე). „სტუდენტი“ - პირი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად, მობილობით გადმოდის/გადმოვიდა ან სწავლობს უნივერსიტეტში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად;
ვ). „სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა“ - შიდა საუნივერსიტეტო ელექტრონული მართვის სისტემა, სადაც ხდება შემდეგი ინფორმაციის განთავსება: სტუდენტის რეგისტრაცია, აკადემიური მოსწრება, სასწავლო გეგმა, უწყისები, ასევე კორესპონდენციის და ადამიანური რესურსებზე მიკუთვნებული დოკუმენტების ასახვა.
ზ). „უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება“ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთში სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარება;
თ). „კრედიტების აღიარება“ - სტუდენტის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტების/გავლილი სასწავლო კურსების უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობის დადგენის პროცედურა
ი). „უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამა“ - უნივერსიტეტის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც აგრძელებს სწავლას სტუდენტი.
კ). „ეკვივალენტური სასწავლო კურსი“ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კომპონენტი, რომლის შინაარსი, სწავლის შედეგები და აკადემიური დატვირთვის მოცულობა შეესაბამება პირველადი უსდ-ს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული, აღიარებული სასწავლო კურსის შინაარსს, სწავლის შედეგებსა და აკადემიური დატვირთვის მოცულობას.
ლ). „აღიარების კომისია“ - ამ წესით განსაზღვრული კომისია, რომელიც ახორციელებს მობილობის მსურველ სტუდენტების მიერ გავლილი სასწავლო კურსების უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობის დადგენას;
მუხლი 3. კრედიტების აღიარების პრინციპები
1. ამ წესის შესაბამისად აღიარებას ექვემდებარება:
ა). მობილობით უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტის სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი კრედიტები;
ბ) მობილობით უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტის სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი სასწავლო კურსები, რომლებიც არ იყო გაანგარიშებული ECTS სისტემის შესაბამისად.
გ). შიდა მობილობით უნივერსიტეტის სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე გავლილი კრედიტები;
დ). უნივერსიტეტის პროგრამის შეცვლის/მოდიფიცირების შემთხვევაში, სტუდენტის მიერ პროგრამის შეცვლამდე გავლილი კრედიტები;
ე). სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში - სტატუსის შეჩერებამდე გავლილი კრედიტები, თუ მისმა საგანმანათლებლო პროგრამამ ცვლილება განიცადა სტატუსის შეჩერების პერიოდში.
2. კრედიტების აღიარება ექვემდებარება უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამასთან სტუდენტის მიერ გავლილი კურსის შინაარსისა და აკადემიური დატვირთვის შესაბამისობის პრინციპს.
3. აღიარებას ექვემდებარება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზე ჩარიცხვა და სწავლება განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი სასწავლო კურსების აღიარების წინაპირობას წარმოადგენს სტუდენტის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება, რომელსაც ახორციელებს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
5. სტუდენტებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისთვის უღიარდებათ:
ა) სავალდებულო სასწავლო კურსების კრედიტები, პირველად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი სასწავლო კურს(ებ)ის შინაარსის, სწავლის შედეგებისა და აკადემიური დატვირთვის მოცულობის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის სავალდებულო სასწავლო კომპონენტთან თავსებადობის დადგენის შედეგად, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაში ეკვივალენტური სასწავლო კურს(ებ)ის მოცულობით;
ბ) სპეციალობის არჩევითი სასწავლო კურსების კრედიტები, პირველად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი სასწავლო კურს(ებ)ის შინაარსისა და სწავლის შედეგების უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ძირითად სფეროსთან თავსებადობის დადგენის შედეგად, პირველად უსდ-ში გავლილი მოცულობით, მაგრამ არა უმეტეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სპეციალობის არჩევითი სასწავლო კურსების ზღვრული მოცულობისა.
გ) არა სპეციალობის არჩევითი სასწავლო კურსების კრედიტები - სწავლის სფეროს მიუხედავად, პირველად უსდ-ში გავლილი მოცულობით, მაგრამ არა უმეტეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სპეციალობის არჩევითი სასწავლო კურსების ზღვრული მოცულობისა.
მუხლი 4. კრედიტების აღიარების კომისია
1. კრედიტების აღიარებას უნივერსიტეტში ახორციელებს კრედიტების აღიარების კომისია, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის დეკანი, საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელი.
2. კომისიის მიერ განსახილველი საკითხის საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია კომისიაში შეყვანილი იქნეს შესაბამისი დარგობრივი კვალიფიკაციის მქონე პირი, უნივერსიტეტის აკადემიური ან მოწვეული პერსონალის შემადგენლობიდან, ასევე მოწვეული სპეციალისტის სტატუსით.
3. კომისიის მოწვევა ხდება საჭიროებისამებრ, ისე, რომ დაცული იქნეს სტუდენტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის აღიარების ინტერესი.
4. კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
5. კომისია ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორის წინაშე.
მუხლი 5. კრედიტების აღიარების განაცხადი
1. კრედიტების აღიარების მსურველი სტუდენტი უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს მიმართავს განცხადებით აღიარების თაობაზე.
2. სტუდენტის განცხადებას უნდა დაერთოს პირველადი უსდ-ს მიერ გაცემული სტუდენტის აკადემიური მოსწრების ფურცელი, რომელიც სრულად უნდა ასახავდეს სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების რაოდენობას და მასში სასწავლო კურსის დასახელება მითითებული უნდა იყოს გარკვევით.
3. უნივერსიტეტი უფლებამოსილია მოითხოვოს უცხო ენაზე (გარდა ინგლისურისა) წარმოდგენილი აკადემიური მოსწრების ფურცლის თარგმნა ინგლისურ ან ქართულ ენაზე. აღნიშნული თარგმანი დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ნიშნების ფურცელში წარმოდგენილი უნდა იყოს ის კონკრეტული უცხო ენა, რომელიც გავლილი აქვს სტუდენტს.
5. კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია სტუდენტს დაევალოს დამატებით შემდეგი ინფორმაციას წარმოდგენა:
ა) საგანმანათლებლო პროგრამა, მისი სწავლის შედეგები ან სასწავლო გეგმა;
ბ) ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის შესახებ;
ბ) სასწავლო კურსის სილაბუსი, კურსის სწავლის შედეგები ან სასწავლო გეგმა,
ბ) ინფორმაცია პირვალადი უსდ-ს შეფასების სისტემის შესახებ
6. სტუდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია დამოწმებული უნდა იყოს პირველადი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.
7. თუ სტუდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არასრულია ან არ შეესაბამება წინამდებარე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კომისია უფლებამოსილია, სტუდენტს უარი უთხრას კრედიტების აღიარებაზე, მთლიანად ან ნაწილობრივ (კონკრეტულ სასწავლო კურსებთან მიმართებით).
მუხლი 6. პროგრამის სავალდებულო კომპონენტში კრედიტების აღიარების პროცედურა
1. პირველად უსდ-ში გავლილი სასწავლო კურსის ბაუს პროგრამის სავალდებულო კომპონენტში აღიარების დროს კომისია ითვალისწინებს მათი სახელწოდების, სწავლის მიზნებისა და შედეგების, კრედიტებში ან საათებში გაწერილი აკადემიური დატვირთვის შესაბამისობას უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი კურსით გათვალისწინებულ მიზნებთან, შედეგებთან და აკადემიური დატვირთვასთან.
2. იმ შემთხვევაში თუ სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსის დასახელება შეესაბამება უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ დასახელებას, კომისია იღებს გადაწყვეტილებას სასწავლო კურსის აღიარებაზე.
3. იმ შემთხვევაში თუ სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსის დასახელება უმნიშვნელოდ განსხვავდება უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ დასახელებისგან, თუმცა დასახელებით შესაძლებელია კურსის შინაარსის დადგენა შესაბამისი სფეროს საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსების მიმართ არსებული და ცნობილი მოთხოვნების გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სასწავლო კურსის აღიარებასა ან, კურსის შინაარსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, სტუდენტისთვის ამ კურსის სილაბუსის წარმოდგენის მოთხოვნაზე.
4. იმ შემთხვევაში თუ სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსის დასახელება მნიშვნელოვნად განსხვავდება უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ დასახელებისგან და რთულია კურსის შინაარსის დადგენა შესაბამისი სფეროს საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსების მიმართ არსებული და ცნობილი მოთხოვნების გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კურსის შინაარსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, სტუდენტისთვის ამ კურსის სილაბუსის წარმოდგენის მოთხოვნაზე.
5. კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს შესაბამისი მიმართულების სპეციალისტების ჩართვა კურსის შინაარსის და სწავლის შედეგების თავსებადობის დადგენის მიზნით. დარგობრივი სპეციალისტების ჩართვას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული.
6. თუ სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსის კრედიტის რაოდენობა ემთხვევა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ასაღიარებელი კურსის კრედიტების რაოდენობას, სასწავლო კურსის აღიარება ხდება ამ მოცულობით.
7. თუ სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსის კრედიტების რაოდენობა
აღემატება უნივერსიტეტის პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსის კრედიტების რაოდენობას, მაშინ ხდება იმდენი კრედიტის აღიარება, რამდენსაც ითვალისწინებს უნივერსიტეტის მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამა;
8. თუ სტუდენტის მიერ პირველად უსდ-ში გავლილი სასწავლო კურსის კრედიტის მოცულობა ნაკლებია უნივერსიტეტის შესაბამისი საგნის აკადემიური დატვირთვის მოცულობაზე, მაგრამ მათ შორის სხვაობა არ აღემატება 40%-ს, მაშინ ამ სასწავლო კურსის აღიარების საკითხს წყვეტს კომისია სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სწავლის მიზნებისა და შედეგების ანალიზის საფუძველზე. აღნიშნულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია:
ა) პირველად უსდ-ში ათვისებული დისციპლინის სილაბუსის და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის მოქმედი სილაბუსის ანალიზის (სასწავლო კურსის მიზნების და შედეგების შედარების) საფუძველზე, თანხვედრის დადგენის შემთხვევაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას სტუდენტს უღიაროს კრედიტები იმ მოცულობით, რაც გათვალისწინებულია უნივერსიტეტის მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამაში;
ბ) პირველად უსდ-ში ათვისებული დისციპლინის სილაბუსის და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის მოქმედი სილაბუსის ანალიზის (სასწავლო კურსის მიზნების და შედეგების შედარების) საფუძველზე, მათი თანხვედრის დაუდგენლობის შემთხვევაში, სტუდენტს ეთქმის უარი სასწავლო კურსის პროგრამის სავალდებულო კომპონენტში აღიარებაზე და ის ვალდებულია აითვისოს სავალდებულო კურსი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული შინაარსით. სტუდენტი უფლებამოსილია მოითხოვოს მის მიერ გავლილი სასწავლო კურსის აღიარება პროგრამის არასავალდებულო კომპონენტში.
9. თუ სტუდენტის მიერ პირველად უსდ-ში გავლილი სასწავლო კურსის კრედიტის მოცულობა არ შეადგენს უნივერსიტეტის შესაბამისი საგნის აკადემიური დატვირთვის მოცულობის 60%-ს, ეს სასწავლო კურსი სტუდენტს არ უღიარდება უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სავალდებულო კომპონენტში.
10. ამ მუხლით დადგენილი წესი მოქმედებს არა ECTS სისტემით გათვალისწინებული პროგრამების სასწავლო კურსებთან მიმართებაშიც, ამ წესის მე-9 მუხლით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით.
მუხლი 7. პროგრამის არასავალდებულო კომპონენტში კრედიტების აღიარების პროცედურა
1. პირველად უსდ-ში გავლილი სასწავლო კურსის უნივერსიტეტის პროგრამის არასავალდებულო კომპონენტში აღიარების დროს კომისია ითვალისწინებს მათი სახელწოდების, სწავლის მიზნებისა და შედეგების შესაბამისობას უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სწავლების ძირითად სფეროსთან.
2. იმ შემთხვევაში თუ სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსის სწავლების სფერო შეესაბამება უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ძირითად სფეროს კომისია იღებს გადაწყვეტილებას სასწავლო კურსის სპეციალობის არჩევით კომპონენტში აღიარებაზე.
3. იმ შემთხვევაში თუ სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსის სწავლების სფერო არ შეესაბამება უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ძირითად სფეროს კომისია იღებს გადაწყვეტილებას სასწავლო კურსის არასპეციალობის არჩევით კომპონენტში აღიარებაზე.
4. კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს შესაბამისი მიმართულების სპეციალისტების ჩართვა კურსის სწავლების სფეროს დადგენის მიზნით. დარგობრივი სპეციალისტების ჩართვას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული.
5. სასწავლო კურსი აღიარებული უნდა იქნეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის მხოლოდ ერთ კომპონენტში (სავალდებულო, სპეციალობის არჩევითი, არა სპეციალობის არჩევითი).
6. სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურს(ებ)ის სპეციალობის არჩევით კომპონენტში აღიარება ხდება პირველად უსდ-ში გავლილი მოცულობით, მაგრამ არა უმეტეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სპეციალობის არჩევითი სასწავლო კურსების ზღვრული მოცულობისა.
7. სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურს(ებ)ის არა სპეციალობის არჩევით კომპონენტში აღიარება ხდება პირველად უსდ-ში გავლილი მოცულობით, მაგრამ არა უმეტეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული არა სპეციალობის არჩევითი სასწავლო კურსების ზღვრული მოცულობისა.
მუხლი 8. ინტეგრირებული სასწავლო კურსების აღიარების თავისებურებები
1. უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული კურსების ინტეგრირებული ბლოკის აღიარება ხდება ბლოკში შემავალი საგნების აღიარებით.
2. აღიარებისას სხვა უნივერსიტეტში ათვისებული ეს დამოუკიდებელი საგნები შეიძლება ერთიანად აღიარდეს ყველა ბლოკში, რომლებიც მოიცავს ამ საგნების საკითხებს.
მუხლი 9. განსხვავებული საკრედიტო სისტემით გავლილი სასწავლო კურსების აღიარების თავისებურებები
1. უნივერსიტეტი უფლებამოსილია აღიაროს პირველადი უსდ-ს პროგრამის ფარგლებში გავლილი სასწავლო კურსები, რომლებიც არ არის გაანგარიშებული ECTS სისტემის შესაბამისად, ამ წესით დადგენილი ზოგადი პირობებისა და ამ მუხლით განსაზღვრული სპეციალური პირობების დაცვით.
2. თუ სტუდენტის პირველადი უსდ-ში მოქმედებს კრედიტების მინიჭების განსხვავებული სისტემა, სტუდენტი ვალდებულია წარმოადგინოს პირველადი უსდ-ს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც განმარტავს ამ სისტემის შესაბამისობას ECTS სისტემასთან.
3. წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, სტუდენტი უფლებამოსილია წარმოადგინოს პირველადი უსდ-ს მიერ დამოწმებული ინფორმაცია, სასწავლო კურსის ხანგრძლივობის შესახებ (რამდენი კვირის მანძილზე სწავლობდა სტუდენტი ამ სასწავლო კურსს და კვირაში რამდენი საათი ეთმობოდა მას.)აღნიშნული კურსისათვის ხდება პირობითი კრედიტების მინიჭება შემდეგი პრინციპით - პირველადი უსდ-ს მიერ მითითებულ საკონტაქტო საათებს ემატება დამოუკიდებელი მუშაობის საათები (საკონტაქტო საათები გამრავლებული 1,5/2-ზე) და მიღებული მაჩვენებელი იყოფა 30-ზე. ამ წესით გაანგარიშებული კრედიტი უნდა დამრგვლადეს მთელ რიცხვამდე.
4. თუ სტუდენტის პირველადი უსდ იყენებს შეფასების 100 ქულიანი სისტემიდან განსხვავებულ სისტემას, სტუდენტი ვალდებულია წარმოადგინოს პირველადი უსდ-ს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც განმარტავს ამ სისტემის შესაბამისობას შეფასების 100 ქულიან სისტემასთან.
5. თუ სტუდენტს უნივერსიტეტის კურუკულუმთან თავსებად რომელიმე საგანში მიღებული აქვს ე. წ. „დიფერენცირებული ჩათვლა“, სასწავლო კურსის აღიარების შემთხვევაში ამ კომპონენტში შეფასების ქულა გაიანგარიშება 5 ბალიანი სისტემის 100 ქულიან სისტემაზე გადაყვანის პრინციპების შესაბამისად.
6. შეფასების 5 ბალიანი სისტემის 100 ქულიან სისტემაზე გადაყვანა ხდება შემდეგი პრინციპით:
შეფასება ფრიადი (5) შეესაბამება 91 ქულას / A შეფასებას;
შეფასება კარგი (4) შეესაბამება 81 ქულას / B შეფასებას;
შეფასება დამაკმაყოფილებელი (3) შეესაბამება 61 ქულას / D შეფასებას.
Შეფასება არადამაკმაყოფილებელი (2, 1) შეესაბამება 40 ქულას / F შეფასებას
7. თუ სტუდენტს უნივერსიტეტის კურუკულუმთან თავსებად რომელიმე საგანში მიღებული აქვს ე. წ. „არადიფერენცირებული ჩათვლა“, მაშინ მისი აღიარების შემთხვევაში ამ კომპონენტის შეფასების ქულად განისაზღვრება 51 / E შეფასება.
8. იმ შემთხვევაში თუ უცხოურ უსდ–ში მოქმედი სტუდენტთა ცოდნის შეფასების სისტემა ითვალისწინებს არა ქულებს, არამედ შეფასების აღმნიშვნელ ლათინურ ასოებს (A+, A, A- და სხვ.) და არ არის წარმოდგენილი ამ სისტემის განმარტების ოფიციალური დოკუმენტი, მოცემული სისტემის გადაყვანა უნივერსიტეტში მოქმედ სისტემაზე უნდა მოხდეს 5 ქულიანი ბიჯით შემდეგი პრინციპის დაცვით:
A+ შეესაბამება 100 ქულას
A შეესაბამება 95 ქულას
A- შეესაბამება 91 ქულას
Ანალოგიური პრინციპი მოქმედებს სხვა შეფასების შემთხვევაში, უნივერსიტეტის შეფასებისთვის განსაზღვრული ქულობრივი მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის.
9. კომისია უფლებამოსილია მოიპოვოს ან გადაამოწმოს ინფორმაცია პირველადი უსდ-ს მიერ კრედიტების გაანგარიშებისა და სტუდენტის შეფასების სისტემის შესახებ დამოუკიდებლად, ინფორმაციის ხელმისაწვდომი წყაროების გამოყენებით.
მუხლი 10. გადაწყვეტილება კრედიტების აღიარების შესახებ
1. აღიარების კომისიის გადაწყვეტილება კრედიტების აღიარების თაობაზე ფორმდება კრედიტების აღიარების დასკვნის ფორმით.
2. აღიარების დასკვნა მოიცავს ინფორმაციას პირველად უსდ-ში გავლილი სასწავლო კურსების უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობის დადგენის, აღიარებული და გასავლელი კრედიტების ოდენობის, აღიარებულ კრედიტებში ამ წესის მიხედვით განსაზღვრული შეფასებისა და სწავლის დარჩენილი სემესტრების რაოდენობის თაობაზე.
3. დარჩენილი სემესტრების რაოდენობას კომისია განსაზღვრავს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობის აღიარებული კრედიტების რაოდენობასთან სხვაობის 30-ზე გაყოფით. დარჩენილი სემესტრების რაოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ასათვისებელი სასწავლო კურსების შესწავლის წინაპირობები და ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამატებით ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა (არაუმეტეს 15 კრედიტისა მედიცინის პროგრამაზე ჯამურად და არაუმეტეს 15 კრედიტისა წლიურად სხვა პროგრამებზე).
4. დასკვნის პროექტი, მის დამტკიცებამდე წარედგინება სტუდენტს გასაცნობად. სტუდენტი უფლებამოსილია წარმოადგინოს დასაბუთებული შენიშვნები დასკვნაზე კომისიის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.
5. სტუდენტის მხრიდან კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობა მიიღება წერილობით.
6. საბოლოო დასკვნას ხელს აწერს მის მომზადებაში ჩართული კომისიის ყველა წევრი.
დასკვნა მოწმდება უნივერსიტეტის ბეჭდით და აღირიცხება სტუდენტთ პირად საქმეში,
7. გადაწყვეტილება სტუდენტისთვის აღიარებული კრედიტების შესახებ დაერთვის სტუდენტის ჩარიცხვის/მობილობის/აღდგენის თაობაზე უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებას, ან აისახება შესაბამისი ბრძანების ტექსტში.
8. ინფორმაცია სტუდენტის აღიარებული კრედიტების შესახებ აისახება სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში, სტუდენტის სასწავლო ბარათში.
9. სტუდენტის დიპლომის დანართში აისახება როგორც ინფორმაცია ახალი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აღიარებული კრედიტების, ასევე პირველადი უსდ-ს საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი კრედიტების/კურსების შესახებ.
მუხლი 11. უარი კრედიტების აღიარებაზე
1. აღიარების კომისია უფლებამოსილია სტუდენტს უარი უთხრას კრედიტების აღიარებაზე იმ შემთხვევაში თუ:
ა). პირველადი უსდ-ს პროგრამაზე ჩარიცხვა და სწავლება არ განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ). სტუდენტის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ არის დადასტურებული სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
გ). არ დასტურდება სასწავლო კურსის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის სავალდებულო კომპონენტთან შინაარსობრივი და მოცულობითი თავსებადობა, ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად.
დ). არ დასტურდება სასწავლო კურსის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის არასავალდებულო კომპონენტთან თავსებადობა, ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად.
ე). სტუდენტის მიერ არ არის წარმოდგენილი კომისიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია (საგანმანათლებლო პროგრამა, სილაბუსი, ინფორმაცია შეფასების სისტემის შესახებ) რომელიც აუცილებელია აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
2. უარის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი სასწავლო კურსები სტუდენტმა უნდა გაიაროს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.
3. კომისიის გადაწყვეტილება უარის შესახებ შესაძლებელია გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში.
4. სტუდენტი უფლებამოსილია, განმეორებით მიმართოს უნივერსიტეტს კრედიტების აღიარების მოთხოვნით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებების ცვლილების (ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მოპოვების) შემთხვევაში.
მუხლი 12. გარდამავალი დებულებები
1. უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებსაც კრედიტები უღიარდათ ამ წესის ძალაში შესვლამდე, უფლებამოსილი არიან წარმოადგინონ დასაბუთებული შენიშვნები კრედიტების აღიარების დასკვნებზე ამ წესის შესაბამისად, 2024 წლის პირველი აპრილის ჩათვლით.
მუხლი 13. წესის ძალაში შესვლის სამართლებრივი შედეგები
1. წინამდებარე წესი ძალაში შედის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მისი დამტკიცების შემდგომ.
2. წინამდებარე წესში ცვლილება/დამატება ხორციელდება აკადემიური საბჭოს დადგენილებით.
3. წინამდებარე წესის ძალაში შესვლით ძალადაკარგულად ცხადდება უნივერსიტეტის რექტორის 2015 წლის 8 ივლისის N75 ბრძანებით დამტკიცებული „სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებული უმაღლესი განათლების კრედიტების აღიარების წესი“.
4. წინამდებარე წესს უპირატესი იურიდიული ძალა აქვს მის ძალაში შესვლამდე მიღებულ უნივერსიტეტის სამართლებრივ აქტებთან, რომლებიც განსხვავებულად აწესრიგებენ ამ წესით განსაზღვრულ სამართალურთიერთობებს.
5. წინამდებარე წესის ნორმები არ ვრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.