რეგისტრაცია
image

ჩვენ შესახებ

სამართლებრივი დოკუმენტაცია

უკან დაბრუნება
აკადემიური პერსონალის არჩევის წესი ჩამოტვირთვა

თავი I. აკადემიური პერსონალის არჩევისა და თანამდებობის დაკავების წინაპირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „აკადემიური პერსონალის არჩევის წესი“-თ (შემდეგში - „დებულება“) განისაზღვრება შპს “ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი“-ს (შემდეგში - „სასწავლო უნივერსიტეტი“) აკადემიური პერსონალის არჩევის, თანამდებობის დაკავებისა და კონკურსის ჩატარების წესი.
2. წინამდებარე დებულების მიზანია უზრუნველყოს სასწავლო უნივერსიტეტის კვალიფიციური აკადემიური პერსონალით დაკომპლექტება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კონკურსის საჯაროობის, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების განუხრელი დაცვით.
3. წინამდებარე დებულება შემუშავებულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და სასწავლო უნივერსიტეტის შიდა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1.  ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „პროფესორი“ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას.
ბ) „ასოცირებული პროფესორი“ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობა. ასოცირებული პროფესორი მონაწილეობს სასწავლო პროცესში და ხელმძღვანელობს სტუდენტების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას.
გ) „ასისტენტ-პროფესორი“ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესებში.
დ) „ასისტენტი“ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით.
ე) ამოღებულია
ვ) „აკადემიური ხარისხი“ - კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
ზ) „საპროცედურო კომისია“ - სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების საფუძველზე   შექმნილი   კომისია,   რომელიც   ახორციელებს  კონკურსანტთა დოკუმენტების მიღებას, რეგისტრაციაში გატარებასა და საკონკურსო კომისიისათვის გადაცემას.
თ) „საკონკურსო კომისია“ - სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე შექმნილი კომისია, რომელიც აფასებს და ავლენს გამარჯვებულ კონკურსანტებს.
ი) „კონკურსანტი“ - სასწავლო უნივერსიტეტში გამოცხადებული აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი ფიზიკური პირი;
კ) „აფილირება“ - სასწავლო უნივერსიტეტსა და აკადემიური თანამდებობის პირს შორის „აკადემიური პერსონალის აფილირების წესი“-თ განსაზღვრული პირობებით გაფორმებული წერილობითი შეთანხმება.

მუხლი 3. კონკურსის ჩატარების ადმინისტრირება/კონკურსის გამოცხადება
1. აკადემიური პერსონალის არჩევა/დანიშვნა ხორციელდება კონკურსის საფუძველზე, წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით.
2.  აკადემიური პერსონალის შესარჩევად ტარდება ღია კონკურსი.
3. აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსი უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
4. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, გარდა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევ პირის ან/და პირის, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.
5. კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საპროცედურო და საკონკურსო კომისიები, რომელთა დაკომპლექტებისა და მუშაობის წესი განისაზღვრება წინამდებარე დებულებით.

მუხლი 4. აკადემიური კონკურსის ჩატარების ეტაპები
1.    კონკურსი ტარდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) კონკურსის გამოცხადება;
ბ) დოკუმენტების მიღება;
გ) დოკუმენტების გადარჩევა-განხილვა;
დ) გამოცდა ინგლისურ ენაში (საჭიროების შემთხვევაში); ე) კონკურსანტებთან ზეპირი გასაუბრება;
ვ) კონკურსანტების მიერ საცდელი ლექციის ჩატარება (საჭიროების შემთხვევაში); ზ) გამარჯვებულ კონკურსანტთა გამოვლენა;
თ) კონკურსის მონაწილეთა საჩივრების განხილვა და არჩეული კონკურსანტების საბოლოო შემადგენლობის განსაზღვრა;
ი) არჩეული კონკურსანტების თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენა.

მუხლი 5. აკადემიური თანამდებობის დაკავებისთვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. უნივერსიტეტის პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი 6 (ექვსი) წლის ვადით თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 6 (ექვსი) წლიანი მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მიმართულებით;
ბ) გააჩნია საუნივერსიტეტო კვლევის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების კონცეპტუალური ხედვა;
გ) კლინიკური მიმართულების ვაკანსიებისთვის - ფლობს შესაბამისი საკონკურსო მიმართულებით საქმიანობის სერტიფიკატს და გააჩნია ბოლო 9 (ცხრა) წლის კლინიკური გამოცდილება იმავე მიმართულებით;
დ) მისი სამეცნიერო საქმიანობა დასტურდება შესაბამისი საკონკურსო მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალ(ებ)ში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციებით, მოხსენებებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე. სასურველია, პროფესორის  სამეცნიერო პროდუქტიულობის ინდექსი (h ინდექსი) შეადგენდეს არანაკლებ 3-ს (Google Scholar საძიებო სისტემის მონაცემებით);
ე) გააჩნია სამეცნიერო ან სხვა სახის პროექტების განხორციელების გამოცდილება;
ვ) აქტიურადაა ჩართული კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში, შესაბამისი ან/და სწავლების მეთოდების მიმართულებით;
ზ) ფლობს ინგლისურ ენას სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის შესაბამის დონეზე (არანაკლებ B2 დონეზე უცხო ენაში კვალიფიკაციის ევროპული ჩარჩოს შესაბამისად).
2. სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი 6 (ექვსი) წლის ვადით თუ აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 3 (სამი) წლიანი მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მიმართულებით;
ბ) გააჩნია საგანმანათლებლო პროგრამის მოდულის/კომპონენტის ან/და საუნივერსიტეტო კვლევის განვითარების კონცეპტუალური ხედვა;
გ) კლინიკური მიმართულების ვაკანსიებისთვის - ფლობს შესაბამისი საკონკურსო მიმართულებით საქმიანობის სერტიფიკატს და გააჩნია ბოლო 5 (ხუთი) წლის კლინიკური გამოცდილება იმავე მიმართულებით;
დ) მისი სამეცნიერო საქმიანობა დასტურდება შესაბამისი საკონკურსო მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში იმფაქტ ფაქტორის მქონე სამეცნიერო ჟურნალ(ებ)ში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციებით, მოხსენებებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე და სასურველია, მისი სამეცნიერო პროდუქტიულობის ინდექცი (h ინდექსი) შეადგენდეს არანაკლებ 2-ს (Google Scholar საძიებო სისტემის მონაცემებით);
ე) გააჩნია სამეცნიერო ან სხვა სახის პროექტების განხორციელების გამოცდილება;
ვ) აქტიურადაა ჩართული კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში, შესაბამისი მიმართულებით ან/და სწავლების მეთოდების მიმართულებით;
ზ) ფლობს ინგლისურ ენას სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის შესაბამის დონეზე (არანაკლებ B2 დონეზე უცხო ენაში კვალიფიკაციის ევროპული ჩარჩოს შესაბამისად).
3. სასწავლო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად (აკადემიური ნიშნით) შეიძლება არჩეულ იქნეს პირი 4 (ოთხი) წლის ვადით თუ აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
ბ) გააჩნია სასწავლო კურს(ებ)ის შემუშავების ან/და განხორციელების გამოცდილება ან/და სასწავლო კურსის განვითარების ხედვა;
გ) კლინიკური მიმართულების ვაკანსიებისთვის - ფლობს შესაბამისი საკონკურსო მიმართულებით საქმიანობის სერტიფიკატს და გააჩნია ბოლო 3 (სამი) წლის კლინიკური გამოცდილება იმავე მიმართულებით;
დ) გააჩნია შესაბამისი საკონკურსო მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში რეფერირებად ჟურნალ(ებ)ში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები და მოხსენებები საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე;
ე) აქტიურადაა ჩართული კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში, შესაბამისი მიმართულებით ან/და სწავლების მეთოდების მიმართულებით;
ვ) ფლობს ინგლისურ ენას სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის შესაბამის დონეზე (არანაკლებ B2 დონეზე უცხო ენაში კვალიფიკაციის ევროპული ჩარჩოს შესაბამისად).
4. სასწავლო უნივერსიტეტში კლინიკური მიმართულებით აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს პირი პროფესიული ნიშნით ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია დასტურდება პროფესიული, კლინიკური, პედაგოგიური და სამეცნიერო გამოცდილებით, შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:
ა) გააჩნია ერთსაფეხურიანი სამედიცინო/სტომატოლოგიური ან მისი შესაბამისი უმაღლესი განათლება საკონკურსო მიმართულებით;
ბ) გააჩნია შესაბამისი მიმართულების განვითარების არსებული გამოწვევების ცოდნა, რაც შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიულ ასოციაციაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სტაჟით ან ჯანდაცვის შესაბამისი კუთხით დარგის ექსპერტის სტატუსით;
გ) გააჩნია რელევანტური კლინიკური გამოცდილება - საკონკურსო მიმართულებით საქმიანობის სერთიფიკატი და ბოლო 5 (ხუთი) წელი კლინიკური მუშაობის გამოცდილება იმავე მიმართულებით, მისი სამუშაო დატვირთვა შეადგენს არანაკლებ 350 პაციენტისა წელიწადში კონკურსის გამოცხადების წინა სრული კალენდარული წლის განმავლობაში, ან არანაკლებ 30 პაციენტისა თვეში, კონკურსის გამოცხადების წინა წლის 3 კალენდარული თვის განმავლობაში;
დ) გააჩნია რელევანტური სამეცნიერო გამოცდილება, რაც დასტურდება შესაბამისი საკონკურსო მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციებით ან/და მოხსენებებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე;
ე) გააჩნია რელევანტური პედაგოგიური ხედვა, რაც დასტურდება სასწავლო კურსის ხედვით, ან არანაკლებ 1 წლის განმავლობაში განხორციელებული სასწავლო კურსით, შესაბამისი მიმართულებით;
ვ) აქტიურადაა ჩართული კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში, შესაბამისი მიმართულებით ან/და სწავლების მეთოდების მიმართულებით;
ზ) ფლობს ინგლისურ ენას სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის შესაბამის დონეზე (არანაკლებ B2 დონეზე უცხო ენაში კვალიფიკაციის ევროპული ჩარჩოს შესაბამისად).
41.  უნივერსიტეტში არასამედიცინო-კლინიკური მიმართულებით აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს პირი პროფესიული ნიშნით ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია დასტურდება პროფესიული, პედაგოგიური და სამეცნიერო გამოცდილებით, შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:
ა) გააჩნია შესაბამისი უმაღლესი განათლება საკონკურსო მიმართულებით;
ბ) გააჩნია შესაბამისი მიმართულების განვითარების არსებული გამოწვევების საექსპერტო ცოდნა, რაც შეიძლება დასტურდებოდეს დარგის შესაბამის მენეჯერულ პოზიციებზე ან/და სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანიზაციასა ან/და პროფესიულ ასოციაციაში ან დარგის ექსპერტად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილებით.
დ) გააჩნია რელევანტური სამეცნიერო გამოცდილება, რაც დასტურდება შესაბამისი საკონკურსო მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციებით ან/და მოხსენებებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე;
ე) გააჩნია რელევანტური პედაგოგიური ხედვა, რაც დასტურდება სასწავლო კურსის ხედვით, ან არანაკლებ 1 წლის განმავლობაში განხორციელებული სასწავლო კურსით, შესაბამისი მიმართულებით;
ვ) აქტიურადაა ჩართული კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში, შესაბამისი მიმართულებით ან/და სწავლების მეთოდების მიმართულებით;
ზ) ფლობს ინგლისურ ენას სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის შესაბამის დონეზე (არანაკლებ B2 დონეზე უცხო ენაში კვალიფიკაციის ევროპული ჩარჩოს შესაბამისად).
5. სასწავლო უნივერსიტეტის ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს აქტიური სტატუსის მქონე დოქტორანტი 3 (სამი) წლის ვადით თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) არის შესაბამისი მიმართულების (კლინიკური მიმართულების ვაკანსიებისთვის - კლინიკური მიმართულების) დოქტორანტი;
ბ) გააჩნია შესაბამისი საკონკურსო მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში რეფერირებად ჟურნალ(ებ)ში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან /და მოხსენებები საერთაშორისო კონფერენციებზე;
გ) ფლობს ინგლისურ ენას სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის შესაბამის დონეზე (არანაკლებ B2 დონეზე უცხო ენაში კვალიფიკაციის ევროპული ჩარჩოს შესაბამისად).

მუხლი 6. კონკურსის გამოცხადება
1. კონკურსი აკადემიური თანამდებობის დაკავების თაობაზე ცხადდება სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის (სკოლის) მიერ განსაზღვრულ ვაკანტურ ადგილებზე.
2. რექტორის ბრძანებაში მიეთითება ვაკანტური აკადემიური თანამდებობები, კონკურსის ვადები და მისი ჩატარების ადგილი.
3. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება სასწავლო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და დასაქმების სხვა ოფიციალურ ინტერნეტ ვებ-გვერდზე კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების მიღებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე.
4. თუ კონკრეტული საკონკურსო ვადა სრულდება სასწავლო უნივერსიტეტისათვის არასამუშაო ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უქმე დღეს, საკონკურსო ვადის დასრულების კონკრეტულ დღედ ითვლება მომდევნო სამუშაო დღე, 18:00 საათამდე.

მუხლი 7. კონკურსისათვის წარმოსადგენი დოკუმენტები
1. კონკურსში მონაწილეობის მსურველი კონკურსანტი ვალდებულია კონკურსში მონაწილეობის განაცხადი და საკონკურსო დოკუმენტაცია რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ საკონკურსო ვადებში წარუდგინოს სასწავლო უნივერსიტეტის საპროცედურო კომისიას.
2. კონკურსით განსაზღვრულ ვადაზე ადრე წარმოდგენილი დოკუმენტაცია განუხილველად უბრუნდება მონაწილეობის მსურველ კონკურსანტს საბუთების წარმოდგენის ვადების მითითებით. დაგვიანებულად ან არასრულად წარმოდგენილი განაცხადი/დოკუმენტაცია არ განიხილება.
3. კონკურსის მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საპროცედურო კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ან პასპორტის ასლი;
ბ) განცხადება (დანართი 2);
გ) სააპლიკაციო ფორმა (დანართი 3);
დ) 2 (ორი) ფოტოსურათი, ზომით 3X4 ან/და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია;
ე) უმაღლესი განათლებისა და შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის (დოქტორთან გათანაბრებული/დოქტორი) დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
ვ)    კლინიკური    მიმართულების    ვაკანსიებისთვის    -    შესაბამისი მიმართულებით საექიმო/სტომატოლოგიური საქმიანობის უფლების სერტიფიკატი და კლინიკაში მუშაობის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი - არანაკლებ ბოლო 9 წლისა პროფესორის, 5 წლის - ასოცირებული პროფესორის და 3 წლის - ასისტენტ პროფესორის თანადებობებისთვის, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების მიერ.
ზ)        კვალიფიკაციის    ასამაღლებელი    კურსების/ტრენინგების    გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი (დარგში ან/და მიმართულებაში ან/და სწავლების მეთოდებში მის მიერ არჩეული ვაკანტური მიმართულების შესაბამისად);
    თ) სასწავლო კურსის სილაბუსი ან სილაბუსის გეგმა, იმ სასწავლო კურსისთვის, რომლის წაყვანასაც გეგმავს კონკურსანტი სასწავლო უნივერსიტეტში;
    ი) გამოქვეყნებული პუბლიკაციების ჩამონათვალი, (ბოლო 10 წლის განმავლობაში, არაუმეტეს ათისა). შესაბამისი ჟურნალისა და პუბლიკაციის/აბსტრაქტის ბმულების მითითებით. ბეჭდვითი ჟურნალის შემთხვევაში, წარმოსადგენია ჟურნალის პირველი გვერდისა და სარჩევის ქსეროასლი, ასევე ინფორმაცია ჟურნალის რეფერენტების/იმპაქტ ფაქტორის შესახებ;
    კ) მოხსენებები საერთაშორისო კონფერენციებზე - ბმულის მითითებით (ბოლო 10 წლის განმავლობაში, არაუმეტეს ათისა);
    ლ) საკონკურსო მიმართულების შესაბამისი, ბოლო 10 (ათი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი (კონკურსანტის გადაწყვეტილებით), რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას, შესაბამისი ჟურნალისა და პუბლიკაციის/აბსტრაქტის ბმულების მითითებით. ბეჭდური ჯურნალის შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნეს ჟურნალის პირველი გვერდისა და ტექსტის ქსეროასლი. პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში გამოქვეყნებული პუბლიკაცია, ხოლო სხვა აკადემიური თანამდებობებისთვის - რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნებული პუბლიკაცია;
მ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ინგლისური ენის ცოდნის დადასტურებად შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს:
ა) ენების საერთო ევროპული ჩარჩოს (CEFR) შესაბამისად, ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მაგ: IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert);
ბ) ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
გ) ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
დ) არანაკლებ 1 წლის განმავლობაში, საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელება;
ე) არანაკლებ 1 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელება.
იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ვერ წარმოადგენს ზემოთ აღნიშნულ რომელიმე დოკუმენტს, ის აბარებს სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ინგლისური ენის გამოცდას, რაც არის მისი აკადემიურ კონკურსში მონაწილეობაზე პირობით დაშვების საფუძველი.
ნ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული ინფორმაცია კონკურსანტის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროცესის შეფასების შედეგების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტის სურვილია კონკურსის ფარგლებში გათავისუფლდეს საცდელი ლექციის ჩატარებიდან.
ო) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობები სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევის არარსებობის შესახებ.
4. პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს:
ა) საუნივერსიტეტო კვლევის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების კონცეპტუალური ხედვა;
ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის სტაჟის დამადასტურებული დოკუმენტი;
გ) დაფინანსებული სამეცნიერო ან    სხვა სახის პროექტი/ები (ბოლო    10 წლის განმავლობაში);
დ) ინფორმაცია აპლიკანტის სამეცნიერო ციტირების ინდექსის შესახებ.
5. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს:
ა) საუნივერსიტეტო კვლევის ან/და    საგანმანათლებლო პროგრამის მოდულის/ კომპონენტის განვითარების კონცეპტუალური ხედვა
ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟის დამადასტურებული დოკუმენტი;
გ) დაფინანსებული სამეცნიერო ან    სხვა სახის პროექტი/ები (ბოლო    10 წლის განმავლობაში);
დ) ინფორმაცია აპლიკანტის სამეცნიერო ციტირების ინდექსის შესახებ.
6. პროფესიული    ნიშნით    ასისტენტ-პროფესორის    აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კლინიკურ მიმართულებაზე კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) პროფესიულ ასოციაციაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სტაჟის ან ჯანდაცვის შესაბამისი კუთხით დარგის ექსპერტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ბ) საკონკურსო მიმართულების შესაბამისი საექიმო/სტომატოლოგიური საქმიანობის სერტიფიკატი და ბოლო 5 (ხუთი) წელი კლინიკური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ინფორმაცია კლინიკური საქმიანობისას პაციენტების რაოდენობის შესახებ, წინა კალენდარული წლის, ან წინა წლის 3 თვის მონაცემებით.
პროფესიული    ნიშნით    ასისტენტ-პროფესორის    აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არაკლინიკურ მიმართულებაზე კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) სფეროს ორგანიზაციაში/მარეგულირებელში/პროფესიულ ასოციაციაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე ან და დარგის ექსპერტად მუშაობის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
7. ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს:
ა) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სადოქტორო პროგრამის სტუდენტის სტატუსის შესახებ, პროგრამის ან/და კვლევის მიმართულების მითითებით.
8. კონკურსანტი უფლებამოსილია საკონკურსო კომისიას წარმოუდგინოს სხვა დამატებითი ინფორმაცია - მისი ავტორობით/თანაავტორობით გამოცემული სახელმძღვანელო ან სალექციო კურსი, სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიღწევების, დამსახურებების, სტიპენდიების, ჯილდოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან სხვა ინფორმაცია, რომელიც მისი აზრით   მნიშვნელოვანია   შესაბამის   პოზიციაზე   თავისი   კანდიდატურის წარმოჩენისთვის. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია არ შეისწავლოს საკონკურსო პოზიციისთვის აშკარად შეუსაბამო დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია.
9. კონკურსანტი უფლებამოსილია აკადემიური კონკურსისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია წარმოადგინოს როგორც ელექტრონული ფორმით, აგრეთვე ბეჭდური ასლის სახით, თუმცა, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, იგი ვალდებულია დაადასტუროს თითოეული წარმოდგენილი დოკუმენტის ნამდვილობა, უნივერსიტეტის საპროცედურო კომისიასთან დოკუმენტის დედანის, ან ნოტარიალურად დამოწმებული ასლის წარმოდგენის გზით, ხოლო უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტებთან მიმართებაში - კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარების დოკუმენტის წარმოდგენით.
10. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ნაცვლად შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს შესაბამისი დოკუმენტების გამოთხოვის დამადასტურებელი დოკუმენტი, იმ პირობით, რომ კონკურსის დასრულებამდე კონკურსანტი წარმოადგენს აღნიშნული პუნქტით განსაზღვრულ ცნობებს.

მუხლი 8. აფილირების წესი
1. კონკურსანტის მიერ დოკუმენტების წარმოდგენის ეტაპზე საპროცედურო კომისიის წევრის მიერ კონკურსანტისათვის შეთავაზებული იქნება ორი ფორმა, აფილირებისა და აფილირების გარეშე აკადემიური თანამდებობის დაკავების შესახებ:
ა) აფილირების ფორმა - რომელიც გულისხმობს აკადემიური თანამდებობის დაკავებას მხოლოდ სასწავლო უნივერსიტეტში;
ბ) აფილირების გარეშე ფორმა - რომელიც გულისხმობს, რომ პირი უკვე არჩეულია ან აპირებს აკადემიურ თანამდებობაზე სხვა დაწესებულებაში დასაქმებას და აფილირების შესახებ ხელშეკრულება აქვს დადებული სხვა უმაღლეს სასწავლებელთან.
2. კონკურსანტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის არჩევის შემთხვევაში, სასწავლო უნივერსიტეტსა და კონკურსანტს შორის გაფორმდება აფილირების შესახებ შეთანხმება, აკადემიურ კონკურსში გამარჯვების შემდეგ.
3. კონკურსანტებს, რომლებსაც გამოცხადებული აქვთ თანხმობა აფილირებაზე, თანაბარ პირობებში, უპირატესობა ენიჭება აფილირების გარეშე აკადემიური თანამდებობის დაკავების სხვა მსურველებთან მიმართებით.


თავი II. კომისიების მუშაობის წესი

მუხლი 9. საპროცედურო და საკონკურსო კომისიები
1. სასწავლო უნივერსიტეტში საკონკურსო განაცხადების მიღებისა და რეგისტრაციის, კონკურსანტების განცხადებების განხილვისა და აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით იქმნება საპროცედურო და საკონკურსო კომისიები.
2. საპროცედურო კომისიის შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი.
3. საკონკურსო კომისიის შემადგენლობას სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი წარუდგენს აკადემიურ საბჭოს, ხოლო აკადემიური საბჭო იღებს გადაწყვეტილებას წარდგენილი შემადგენლობის დამტკიცების ან/და დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ.
4. საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი წარადგენს ახალ შემადგენლობას, ვიდრე არ დამტკიცდება კომისიის შემადგენლობა.
5. საკონკურსო კომისიის მიერ წინამდებარე დებულებით განსაზღვრული წესის შეუსრულებლობის ან ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, აკადემიური საბჭო უფლებამოსილია დაითხოვოს კომისიები და წინამდებარე დებულებით განსაზღვრული წესით შექმნას ახალი შემადგენლობა.

მუხლი 10. საპროცედურო კომისია
1. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების, რეგისტრაციაში გატარების და საკონკურსო კომისიისათვის წარდგენას უზრუნველყოფს საპროცედურო კომისია.
2. საპროცედურო კომისია შედგება მინიმუმ 3 (სამი) წევრისაგან.
3.  საპროცედურო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს საკონკურსო კომისიის წევრი.
4. რექტორის ბრძანებით განისაზღვრება საპროცედურო კომისიის შემადგენლობიდან თავმჯდომარის და სხდომის მდივანის უფლებამოსილების შემსრულებელი.
5. საპროცედურო კომისიის მუშაობის სხდომის ოქმს ადგენს სხდომის მდივანი.
6. საპროცედურო    კომისია    თავის    საქმიანობაში    დამოუკიდებელია    და ანგარიშვალდებულია რექტორის წინაშე.
7.  საპროცედურო კომისია:
ა) იღებს კონკურსანტების საბუთებს;
ბ) ელექტრონულ სარეგისტრაციო ჟურნალში ახორციელებს კონკურსანტთა რეგისტრაციას (დანართი 4);
გ) გასცემს კონკურსანტზე დოკუმენტების მიღების შესახებ დამადასტურებელ ცნობას (რომელშიც აღინიშნება განმცხადებლის სახელი, გვარი, საკონკურსო თანამდებობის დასახელება, ჩაბარებულ დოკუმენტთა რაოდენობა, საბუთების მიღების თარიღი და რიგითი ნომერი) (დანართი 5);
დ) ამოწმებს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი პუბლიკაციების/საკონფერენციო მასალების და სხვა ქსეროასლების შესაბამისობას დედანთან, კონკურსანტის მიმართვის საფუძველზე, საბუთების მიღების დაწყებიდან გამარჯვებულ კონკურსანტთან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
ე) განუმარტავს კონკურსანტს ინგლისური ენის გამოცდისგან ან/და საცდელი ლექციის ჩატარებისგან განთავისუფლების საფუძველს, ამ დებულების შესაბამისად.

მუხლი 11. დოკუმენტების მიღება
1. კონკურსანტის მიერ დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში. ვადის დარღვევით შემოტანილი განცხადება არ ექვემდებარება მიღებასა და რეგისტრაციას.
2. ვადაზე ადრე შემოტანილი საბუთები უბრუნდება გამომგზავნს საკონკურსო ვადების მითითებით.
3. კონურსში მონაწილეობის მსურველის მოთხოვნის შემთხვევაში, მას გადაეცემა დაგვიანებულად შემოტანილი განაცხადის რეგისტრაციაზე უარის წერილობითი დასაბუთება.
4. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, განაცხადი მიღებას არ ექვემდებარება, გარდა იმ დოკუმენტებისა, რომლის წარმოდგენა ამ დებულების მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, არ არის სავალდებულო ხასიათის.
5. განცხადებების და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება ფიქსირდება სპეციალურ ელექტრონულ სარეგისტრაციო ჟურნალში.
6. განცხადებების მიღების ვადის დასრულებისთანავე საპროცედურო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში აფიქსირებს რამდენი განაცხადით დასრულდა სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოება.
7. განცხადებების მიღების დროს დაშვებული შეცდომის შესახებ ჩანაწერი უნდა გაკეთდეს სარეგისტრაციო ჟურნალის „შენიშვნის“ გრაფაში. სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერის გადასწორება დაუშვებელია. „შენიშვნის“ გრაფის შევსების შემდეგ განაცხადის მიღება უნდა გაფორმდეს ახალი გრაფიდან.
8. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის ამოწურვისთანავე, არაუგვიანეს ამ ვადის ამოწურვიდან მეორე დღისა, საპროცედურო კომისია ვალდებულია გადასცეს საკონკურსო დოკუმენტაცია მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს.

მუხლი 12. საკონკურსო კომისია
1. სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსანტის შეფასებისა და გამარჯვებულად გამოვლენის მიზნით სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე იქმნება საკონკურსო კომისია (შემდეგში - „კომისია“).
2. საკონკურსო კომისიის წევრი უნდა იყოს კომპეტენტური სპეციალისტი, რომელთაგან მინიმუმ ორს მაინც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
3. კომისია შედგება 5 (ხუთი) წევრისაგან. კომისიის წევრები ინიშნება აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე. კომისიის ერთ-ერთი წევრი სავალდებულო წესით უნდა იყოს ინგლისური ენის სპეციალისტი. ამავდროულად, კომისიის შემადგენლობაში არ უნდა შედიოდეს სასწავლო უნივერსიტეტთან შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი 3-ზე მეტი პირი.
4. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა კომისიის წევრების მიერ მათი შემადგენლობიდან პირველივე სხდომაზე, ხოლო მოადგილესა და მდივანს კომისიის წევრთა შემადგენლობიდან ასახელებს თავად თავმჯდომარე. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სხდომას/ებს ხელმძღვანელობს თავმჯდომარის მოადგილე. ასეთ შემთხვევაში მოადგილე სარგებლობს თავმჯდომარის უფლებამოსილებებით. კომისიის მდივნის სხდომაზე არყოფნის შემთხვევაში კომისია მისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის სხდომის მდივანს.
5. კომისიის სხდომის ოქმს ადგენს კომისიის თავმჯდომარის მიერ დანიშნული სხდომის მდივანი.
6. კომისია თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოს წინაშე.
7. საკონკურსო კომისიის წევრი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალობის პრინციპი კომისიის მუშაობის პროცესში.
8. საკონკურსო კომისია:
ა)    ამოწმებს    წარდგენილი    დოკუმენტების    შესაბამისობას    საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან;
ბ) იღებს გადაწყვეტილებას კონკურსანტის დისკვალიფიკაციის შესახებ;
გ) იღებს გადაწყვეტილებას კომისიის წევრის აცილების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) იღებს გადაწყვეტილებას კონკურსანტისათვის ინგლისური ენის გამოცდისა და საცდელი ლექციის ჩატარების თაობაზე;
ე) ახორციელებს გასაუბრებას კონკურსანტებთან;
ვ) ისმენს კონკურსანტის საცდელ ლექციას;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კონკურსანტისთვის დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის ან წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადამოწმების თაობაზე, რის შესახებ აცნობებს კონკურსანტსა და აკადემიურ საბჭოს;
თ) იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებული კონკურსანტის გამოვლენის შესახებ;
ი) იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ;
კ) ადგენს აკადემიურ კონკურსში გამარჯვებულ პირთა საბოლოო სიას.
9. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომლის გაცნობის უფლება აქვს დაინტერესებულ პირს, გარდა კანონით განსაზღვრული პერსონალური ან/და კომერციული ინფორმაციისა.
10. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აკადემიურ კონკურსში გამარჯვებულ პირთა საბოლოო სიასთან დაკავშირებით 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში წარედგინება აკადემიურ საბჭოს, რომელიც ამავე ვადაში, სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს წარუდგენს კონკურსში გამარჯვებული კონკურსანტების სიას თანამდებობაზე დასანიშნად.

მუხლი 13. კომისიების მუშაობაში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები, აცილება
1. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებაა ინტერესთა კონფლიქტის არსებობა.
2. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა კომისიის წევრისა და კონკურსანტის ნათესაური ან/და ახლო სოციალური კავშირი, აგრეთვე, შემთხვევა, როცა კომისიის წევრი ამავდროულად არის კონკურსანტი და სხვა ნებისმიერი ისეთი გარემოება, რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს კომისიის წევრის მიუკერძოებლობაზე.
3. ამ მუხლის 1-ლი ნაწილის მიზნებისათვის, ნათესავებად ითვლებიან:
ა) მეუღლე;
ბ) დანიშნული;
გ) პირდაპირი ხაზის ნათესავები; დ) და-ძმა;
ე) დისშვილები და ძმისშვილები; ვ) მშობლების და-ძმები;
ზ) დანათესავებულები;
თ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ოჯახური ურთიერთობით არიან დაკავშირებულები.
4. ამ მუხლის 1-ლი ნაწილის მიზნებისათვის, ახლო სოციალურ კავშირი მოიცავს კომისიის წევრისა და დაინტერესებული პირის ისეთ სოციალურ კავშირს, რომელმაც შესაძლებელია ეჭვი გააჩინოს კომისიის წევრის მიუკერძოებლობაზე.
5. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, კომისიის წევრი ვალდებულია დაუყოვნებლივ განაცხადოს თვითაცილება.
6. თვითაცილების შესახებ განცხადება წარედგინება სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, რომელიც მიღებისთანავე ითვლება დაკმაყოფილებულად.
7. საპროცედურო და საკონკურსო კომისიის წევრები ვალდებულნი არიან კომისიების თავმჯდომარეს აცნობონ ამ მუხლით აღნიშნული გარემოებებისა და თვითაცილების შესახებ, ხოლო თავმჯდომარე ვალდებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ შესაბამისად აცნობოს რექტორს ან სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს.

მუხლი 14. პირის განცხადება აცილების შესახებ
1. კომისიების მუშაობაში მონაწილე პირს, კონკურსანტს ან სხვა დაინტერესებულ პირს, რომელიც მიიჩნევს რომ არსებობს კომისიების აცილების საფუძველი, უფლება აქვს წერილობით განუცხადოს მათ აცილება.
2. აცილების შესახებ განცხადება უნდა იყოს დასაბუთებული.
3. კომისიის    წევრის    აცილების    საკითხს    წყვეტს    უშუალოდ    კომისია    ამ    წევრის მონაწილეობის გარეშე.
4. აცილების შესახებ განცხადება კომისიებს უნდა წარედგინოს მუშაობის დაწყებიდან არაუგვიანეს მუშაობის დამთავრებამდე.
5.   კომისიები აცილებული წევრის/ების გარეშე აგრძელებს მუშაობას.
6. კომისიების წევრების უმრავლესობის აცილების შემთხვევაში, საპროცედურო კომისიასთან მიმართებით საკითხს წყვეტს რექტორი, ხოლო საკონკურსო კომისიასთან მიმართებით - აკადემიური საბჭო. კომისიების წევრთა ნახევარზე მეტის აცილების შემთხვევაში, ამ დებულებით განსაზღვრული პირობებით მტკიცდება კომისიების ახალი შემადგენლობა.

მუხლი 15. საკონკურსო კომისიის სხდომის ჩატარების წესი
1. კომისიის სხდომაზე მოწვეულ უნდა იქნეს კომისიის ყველა წევრი. კომისიის წევრი ვალდებულია ესწრებოდეს სხდომას უშუალოდ, გარდა ამ მუხლის მესამე პუნქტით დადგენილი გამონაკლისებისა.
2. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება თუ მას ესწრება კომისიის წევრთა უმრავლესობა.
3. სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კომისიის სხდომის დისტანციურ რეჟიმში ჩატარების შესახებ. კომისიის დისტანციური სხდომა გულისხმობს, კომისიის წევრთა სინქრონულად დაკავშირებას აუდიო-ვიზუალური საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით საერთო ტერიტორიაზე შეკრების გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში, კომისია აწარმოებს სხდომის ვიდეოჩანაწერს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სხდომის მონაწილის (კომისიის წევრი ან კონკურსანტი) უარი ჩანაწერის განხორციელებაზე.

მუხლი 16. დოკუმენტების გადარჩევა-განხილვა
1. საკონკურსო კომისია საპროცედურო კომისიისგან პირველ სხდომაზე იბარებს შემოსულ დოკუმენტაციას მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
2. კომისია ამოწმებს კონკურსანტის განცხადების, ანკეტის და თანდართული დოკუმენტაციის სისრულესა და შესაბამისობას ამ დებულების მე–7 მუხლში მოყვანილ მოთხოვნებთან. დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილია მიიღოს წერილობითი გადაწყვეტილება კონკურსანტის კონკურსიდან მოხსნის თაობაზე.
3. კომისია ასევე ამოწმებს კონკურსანტის ანკეტის ინფორმაციის სისწორეს წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით და არასწორი ინფორმაციის შემთხვევაში უფლებამოსილია მიიღოს წერილობითი გადაწყვეტილება კონკურსანტის კონკურსიდან მოხსნის თაობაზე.
4. დოკუმენტების გადარჩევა-განხილვის ეტაპზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსანტების ინგლისური ენის გამოცდიდან ან/და საცდელი ლექციიდან გათავისუფლების  შესახებ,  ამ  დებულებით  გათვალისწინებული  საფუძვლებით. კომისია ვალდებულია გასაუბრების თარიღი და ინგლისური ენის გამოცდის და/ან ლექციის ჩატარების თარიღი აცნობოს კონკურსანტს 1 (ერთი) დღით ადრე;
5. კონკურსანტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ბუნდოვანი ან საეჭვო ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, კომისია აბსოლუტური უმრავლესობით უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსანტისთვის დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის მოთხოვნის ან/და საეჭვო ინფორმაციის ხელმისაწვდომი გზებით გადამოწმების შესახებ, რის თაობაზე ეცნობება კონკურსანტს და აკადემიურ საბჭოს. ინფორმაციის გადამოწმებამ არ შეიძლება დააბრკოლოს კონკურსანტის აკადემიური კონკურსის შემდგომ ეტაპზე მონაწილეობა. ინფორმაციის გადამოწმებამდე, კონკურსანტი შემდგომ ეტაპებზე დაიშვება პირობით.
6. კომისიის სხდომაზე ფასდება კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, ამ დებულებით დადგენილი ფორმების შესაბამისად. კომისიის გადაწყვეტილებით განისაზღვრება კონკურსის მონაწილე პირთა სიები, რომლებმაც გადალახეს და ვერ გადალახეს საბუთების გადარჩევის ეტაპი.
7.  საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ოქმის სახით.

მუხლი 17. გამოცდა ინგლისურ ენაში
1. ინგლისურ ენაში გამოცდა მიზნად ისახავს აკადემიური კონკურსის მონაწილის ენობრივი კომპეტენციის სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის საჭირო დონესთან მიმართებით შეფასებას.
2. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, ინგლისური ენის გამოცდიდან გათავისუფლდებიან კონკურსანტები, რომლებსაც წარმოდგენილი აქვთ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ვალიდური დოკუმენტი.
3.  ინგლისური ენის ცოდნის დადასტურებად შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს:
ა) ენების საერთო ევროპული ჩარჩოს (CEFR) შესაბამისად, ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მაგ: IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert);
ბ) ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
გ) ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; დ) არანაკლებ 1 წლის განმავლობაში, საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელება;
ე) არანაკლებ 1 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელება.
4. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ვერ წარმოადგენს ზემოთ აღნიშნულ რომელიმე დოკუმენტს, ის აბარებს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ინგლისური ენის გამოცდას, რაც არის მისი აკადემიურ კონკურსში მონაწილეობაზე პირობით დაშვების საფუძველი.
5. კომისია ვალდებულია ინგლისური ენის გამოცდის თარიღი აცნობოს კონკურსანტს მინიმუმ 1 (ერთი) დღით ადრე;
6. გამოცდას ინგლისურ ენაში ახორციელებს კომისიის წევრი - ინგლისური ენის სპეციალისტი ამ დებულების დანართი 6-ით მოყვანილი ტესტირებისა და შეფასების სქემის შესაბამისად.
7. გამოცდის შედეგად, კონკურსის შემდგომ ეტაპზე დაიშვებიან კონკურსანტები, რომლებიც დააგროვებენ ამ დებულების დანართ 6-ში მოყვანილი ტესტირებისა და შეფასების სქემის შესაბამის გამსვლელ (არანაკლებ 70) ქულას. ამ კონკურსანტებისთვის საკონკურსო შეფასებაში აისახება შეფასება „ჩააბარა“.
8. კონკურსანტებს, რომლებიც მიიღებენ შეფასებას „ჩააბარა“ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით ეძლევათ გონივრული ვადა, მაგრამ არა უგვიანეს 2023 წლის ბოლომდე, ამ მუხლით გათვალისწინებული ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენისათვის. აღნიშნული პირობა აისახება კონკურსანტის აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებასა და კონკურსანტთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში.
9. კონკურსანტები, რომლებიც დააგროვებენ 70 ქულაზე ნაკლებს, არ დაიშვებიან კონკურსის შემდგომ ეტაპზე.

მუხლი 18. გასაუბრება
1. კომისია ადგენს გასაუბრების ჩატარების თარიღს და დროს. ზეპირი გასაუბრების განრიგი ქვეყნდება საჯაროდ, გასაუბრების დაწყების თარიღამდე მინიმუმ 1 (ერთი) კალენდარული დღით ადრე.
2. გასაუბრების მიზანია დაზუსტდეს ან/და დაკონკრეტდეს, შემოწმდეს, კონკურსანტის მიერ სააპლიკაციო ფორმაში მითითებული ინფორმაცია, ასევე წარმოჩინდეს კონკურსანტის ხედვა პროგრამის, მიმართულების, სასწავლო კომპონენტისა თუ კვლევითი მიმართულების შესახებ
3. კონკურსანტი ვალდებულია გამოცხადდეს გასაუბრებაზე მისთვის განსაზღვრულ დროს. დაგვიანების შემთხვევაში საკონკურსო კომისია უფლებამოსილია არ დაუშვას კონკურსანტი გასაუბრებაზე, თუ მას არ წარედგინა ინფორმაცია დაგვიანების/არგამოცხადების საპატიო მიზეზის შესახებ. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს გასაუბრების მოგვიანებით ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც არ უნდა არღვევდეს რექტორის ბრძანებით კონკურსის შესაბამისი ეტაპისთვის განსაზღვრულ ვადებს. გასაუბრება ასევე შესაძლოა ჩატარდეს ელექტრონული საშუალებით.
4. კონკურსანტის მიერ გასაუბრებაზე გამოუცხადებლობა ან უარის თქმა წარმოადგენს კონკურსანტის კონკურსიდან მოხსნის საფუძველს.
5. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გასაუბრების ეტაპის მიმდინარეობის ვიდეო ან აუდიო ჩაწერასთან დაკავშირებით, თუ კომისიის წევრი ან გასაუბრების მონაწილე უარს არ განაცხადებს ჩაწერაზე.
6. გასაუბრება კონკურსანტებთან ტარდება ინგლისურ ენაზე.
7. გასაუბრების დასრულების შემდეგ კომისია აფასებს კონკურსანტს ამ დებულების დანართ 7-ში დადგენილი კრიტერიუმებით. დადებითი შეფასების მიღებისთვის კონკურსანტმა უნდა დააგროვოს გასაუბრების შეფასებათა მაქსიმალური ოდენობის ნახევარზე მეტი.
8. კონკურსანტები რომლებმაც ვერ დააგროვეს დადებითი შეფასება არ დაიშვებიან კონკურსის შემდეგ ეტაპზე.
9. კონკურსანტის მოთხოვნის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, საცდელი ლექციის ჩატარებისგან შესაძლებელია გათავისუფლდნენ კონკურსანტები, რომლებიც წარმოადგენენ სწავლებით კმაყოფილების (სტუდენტთა გამოკითხვის) შეფასების ვალიდურ და სანდო ანგარიშს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ან სხვა ინფორმაციით დაადასტურებენ უმაღლეს განათლების სფეროში თავიანთ მნიშვნელოვან გამოცდილებას.
10. კომისიის გადაწყვეტილებაში აისახება კონკურსანტები რომლებიც გადავიდნენ საცდელი ლექციის ეტაპზე ან განთავისუფლდნენ საცდელი ლექციის ჩატარებისგან.
11. გასაუბრების შედეგები ფორმდება კომისიის დასკვნის სახით ოქმში.

მუხლი 19. საცდელი ლექცია
1. საცდელი ლექცია კონკურსანტის მიერ უნდა ჩატარდეს შესაბამისი საკონკურსო მიმართულებით წარმოდგენილი სასწავლო კურსის კონკრეტულ თემაზე (შესავალი/მიმოხილვის და დასკვნითი/შემაჯამებელი თემის გარდა) ინგლისურ ენაზე, შესაბამისი თვალსაჩინოებების (პრეზენტაცია ან სხვა) გამოყენებით.
2.  ლექციის ხანგრძლივობა შეადგენს არაუმეტეს 40 წუთს.
3. საცდელი ლექცია ტარდება საკონკურსო კომისიის წევრების წინაში. კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია საცდელი ლექციის ეტაპზე მოწვეული მსმენელების აუდიტორიის ჩართვა. სხვა მსმენელებად კომისია უფლებამოსილია მოიწვიოს შესაბამისი მიმართულების პერსონალი ან/და სტუდენტები. მოწვეული მსმენელების შეფასება საკონკურსო კომისიისთვის ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს.
4. კონკურსანტის მიერ საცდელ ლექციაზე გამოუცხადებლობის ან ჩატარებაზე უარის თქმის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.
5. საკონკურსო კომისია, მისი წევრებისა და კონკურსის მონაწილის თანხმობით, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საცდელი ლექციის მიმდინარეობის ვიდეო ან აუდიო ჩაწერასთან დაკავშირებით.
6. საცდელი ლექციის შეფასება ხორციელდება კომისიის წევრთა მიერ, ამ დებულების დანართ 8-ში განსაზღვრული კრიტერიუმებით.
7.  საცდელი ლექციის შეფასების შედეგები ფორმდება კომისიის დასკვნის სახით ოქმში. 
თავი III. შეფასების კრიტერიუმები და მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი

მუხლი 20. კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმები
1. საკონკურსო კომისია განცხადებების შეფასებისას ხელმძღვანელობს წინამდებარე დებულებაში მითითებული კრიტერიუმებით.
2.  კონკურსის შეფასება მოიცავს:
ა) დოკუმენტაციის შეფასება: - 80 ქულა;
ბ) ინგლისური ენის გამოცდა: ჩააბარა/ვერ ჩააბარა;
გ) გასაუბრება - 40 ქულა;
დ) საცდელი ლექცია - 40 ქულა.
3. პირველ ეტაპზე საკონკურსო კომისია ახორციელებს კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმებას, აკადემიური კონკურსის მონაწილის შეფასების ფორმის მიხედვით (დანართი 9), რომელშიც დეტალურად გაწერილია შეფასების კრიტერიუმები.
4. თუ კონკურსანტი პირველ ეტაპზე ვერ დააგროვებს შეფასების ფორმის კონკრეტული კრიტერიუმით დადგენილ დადებითი შეფასების ზღავრზე მეტს, ანუ ვერ აკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, ის არ დაიშვება კონკურსის შემდგომ ეტაპზე (თითოეული კონკურსანტის საბოლოო ჯამური ქულა გამოითვლება კომისიის თითოეული წევრის მიერ მინიჭებული ქულების საშუალო არითმეტიკულით).
5. კონკურსანტები, რომლებმაც კონკურსის პირველი ეტაპის შედეგებით დააგროვეს კონკურსის მონაწილის შეფასების ფორმით განსაზღვრული ქულების გამსვლელი რაოდენობა და კომისიის გადაწყვეტილებით არ გათავისუფლებულან ინგლისური ენის გამოცდისგან, გადადიან ენის გამოცდის ეტაპზე. ინგლისური ენის გამოცდისგან გათავისუფლებული მონაწილეები გადადიან გასაუბრების ეტაპზე.
6. ინგლისური ენის გამოცდის შეფასებაა „ჩააბარა“ ან „“ვერ ჩააბარა“. კონკურსანტი, რომელიც მიიღებს შეფასებას „ვერ ჩააბარა“ არ დაიშვება კონკურსის შემდგომ ეტაპზე.
7. კონკურსანტი, რომელიც საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდება საცდელი ლექციის ჩატარებიდან, შეფასდება ამ კომპონენტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური შეფასების 75%-ით.
8. საბოლოო შეფასება განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კომპონენტებში მიღებული ქულების ჯამით. „ა“ პუნქტით გათვალისწინებულ შეფასებისას, შეფასების ფორმაში თითოეულ ნაწილს გააჩნია ინდივიდუალური გადასალახი ზღვარი, ხოლო „გ“ და „დ“ პუნქტებში კი კონკურსანტმა უნდა გადალახოს 50-50%-იანი ზღვარი. კომისიის წევრებს შორის განსხვავებული შეფასების არსებობისას, მხედველობაში მიიღება კომპონენტის შეფასების ქულათა საშუალო არითმეტიკული.

მუხლი 21. გადაწყვეტილების მიღება
1. წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ საკონკურსო კომისია შედეგების ურთიერთშეჯერების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებული კონკურსანტ(ებ)ის გამოვლენის შესახებ. გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და საცდელი ლექციის შეფასების შედეგებს, რაც აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში.
2. კონკურსანტებს, რომლებიც ვერ დააგროვებენ ამ დებულებით განსაზღვრულ შეფასების ქულათა გამსვლელ რაოდენობას, უარი ეთქმის აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნაზე.
3. იმ შემთხვევაში თუ კონკურსანტების რაოდენობა, რომლებმაც დააგროვეს ამ დებულებით განსაზღვრულ შეფასების ქულათა გამსვლელი რაოდენობა ნაკლებია შესაბამისი მიმართულების საკონკურსო ვაკანტური ადგილების რაოდენობაზე, ყველა კონკურსანტი წარედგინება აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად.
4. იმ შემთხვევაში თუ კონკურსანტების რაოდენობა, რომლებმაც დააგროვეს ამ დებულებით განსაზღვრულ შეფასების ქულათა გამსვლელი რაოდენობა მეტია შესაბამისი მიმართულების საკონკურსო ვაკანტური ადგილების რაოდენობაზე, აკადემიურ თანამდებობაზე წარედგინება ვაკანტური ადგილების რაოდენობის შესაბამისი, უმაღლესი შეფასებების მქონე კონკურსანტები.
5. გადაწყვეტილების მიღების დროს, თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმ კონკურსანტებს, რომლებმაც განაცხადეს წინასწარი თანხმობა სასწავლო უნივერსიტეტთან აფილირების ხელშეკრულების დადების შესახებ წინამდებარე კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში. იმ შემთხვევაში თუ აფილირების სტატუსი იდენტურია ორივე კონკურსანტისთვის, პრიორიტეტი მიენიჭება უფრო მაღალი ციტირების ინდექსის მქონე კონკურსანტებს.
6. საკონკურსო კომისია ვალდებულია დეტალურად აღწეროს სხდომის ოქმში მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა.
7. საბოლოო შედეგების მიღების შემდეგ კომისია ადგენს შემაჯამებელ ოქმს გამარჯვებულ კონკურსანტთა გამოვლენის შესახებ.
8. კონკურსი ითვლება ჩაშლილად თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არცერთი განცხადება ან კომისიის მიერ ვერ იქნება შერჩეული ვერც ერთი კონკურსანტი.
9. საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული შემაჯამებელი ოქმი ეგზავნება სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიურ საბჭოს და კონკურსის მონაწილეებს.

მუხლი 22. კონკურსის პროცედურისა და შედეგების გასაჩივრების წესი
1. საკონკურსო კომისიის მიერ ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით კონკურსანტს უფლება აქვს შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 3 (სამი) დღის განმავლობაში შეიტანოს განცხადება/საჩივარი საპროცედურო კომისიაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჩივარი არ მიიღება.
2.  განცხადება/საჩივარი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) შესაბამისი საკონკურსო კომისიის დასახელება;
ბ) განცხადების/საჩივრის შემომტანი პირის სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი;
გ) განცხადების/საჩივრის შემომტანი პირის სტატუსი; დ) დარღვევის შინაარსი;
ე) განცხადების/საჩივრის შემომტანი პირის დასაბუთებული მოთხოვნა; ვ) განცხადების/საჩივრის შემომტანი პირის ხელმოწერა, თარიღი და დრო.
3. საპროცედურო კომისია უზრუნველყოფს განცხადების/საჩივრის რეგისტრაციასა და საჩივრების განმხილველი კომისიისთვის გადაცემას. განმცხადებელს გადაეცემა ცნობა, რომელშიც აღინიშნება განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი და დრო.
4. საჩივრების განმიხლველი კომისიის შემადგენლობას არანაკლებ 3 (სამი) წევრის შემადგენლობით ამტკიცებს აკადემიური საბჭო. დაუშვებელია კომისიის შემადგენლობაში შედიოდეს საკონკურსო და საპროცედურო კომისიების წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც სხვა ნებისმიერი ფორმით მონაწილეობას იღებდა აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში.
5. საჩივრების განმხილველი კომისია ვალდებულია განცხადების/საჩივრის შეტანიდან 3 (სამი) დღის ვადაში განიხილოს განცხადება/საჩივარი და მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაკმაყოფილების, უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

მუხლი 23. კონკურსის განმეორებით ჩატარების წესი
1. ვაკანსიით გამოცხადებულ ადგილთა შეუვსებლობის ან კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების ან იმ შემთხვევაში, თუ აკადემიურ თანამდებობაზე შერჩეულ პირთან ხელშეკრულება არ გაფორმდა ამ პირის მიერ თანამდებობის დაკავებაზე უარის გაცხადების საფუძველზე, აკადემიური საბჭოს დადგენილებით შეიძლება კონკურსი ჩატარდეს განმეორებით ან ვაკანტურად დარჩენილი ადგილები გათვალისწინებული იქნეს მომდევნო აკადემიური კონკურსის დროს.

მუხლი 24. კონკურსის შედეგების დამტკიცება და აკადემიურ თანამდებობაზე
კონკურსანტის დანიშვნა
1. კონკურსის აპელაციის ვადის დასრულების შემდეგ, საჩივრების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, კონკურსის შედეგად გადასულ კონკურსანტთა სია წარედგინება სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს დასამტკიცებლად.
2. კონკურსანტი აკადემიურ თანამდებობაზე ფორმდება რექტორის ბრძანებით და მასთან სასწავლო უნივერსიტეტი დებს შრომით ხელშეკრულებას კანონმდებლობით დადგენილი წესით (დანართი 1).
3. სასწავლო უნივერსიტეტის დირექტორი და რექტორი არ არიან უფლებამოსილნი შეცვალონ აკადემიური საბჭოს წარდგინება აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსანტთა დანიშვნასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონკურსის გამარჯვებული კონკურსანტი თავად განაცხადებს უარს აკადემიური თანამდებობის დაკავებაზე ან/და იგი ვერ უზრუნველყოფს აკადემიური კონკურსისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და სასწავლო უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი ფორმით დადასტურებას.
4. კონკურსანტებთან რომლებიც აკადემიურ თანამდებობაზე ინიშნებიან წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობის დადასტურების/ინგლისური ენის ფლობის კომპეტენციის დოკუმენტის წარმოდგენის პირობით, დანიშვნის ბრძანებასა და ხელშეკრულებაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
5. აკადემიურ თანამდებობებზე არჩეული კონკურსანტების საშტატო განაკვეთი განისაზღვრება სასწავლო უნივერსიტეტის „აკადემიური და მოწვეული პერსონალის დატვირთვის წესის“ შესაბამისად.


მუხლი 25. დასკვნითი დებულებები
1. წინამდებარე დებულება ძალაში შედის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მიერ მისი დატკიცების მომენტიდან.
2. აკადემიურ კონკურსით გათვალისწინებული ინგლისურ ენაზე სწავლების კომპეტენციის დადასტურება სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოცდით, ასევე აღნიშნული გამოცდის შედეგები მოქმედებს 2023 წლის დასრულებამდე ყველა პროგრამის, ხოლო 2023 წლიდან არასამედიცინო მიმართულების პროგრამ(ა/ებ)ზე.
3. წინამდებარე დებულებაში ცვლილება/დამატება განხორციელდება რექტორის ბრძანებით.
4. საკონკურსო კომისიის სრული დოკუმენტაცია კონკურსის დასრულების შემდეგ გადაეცემა სასწავლო უნივერსიტეტის კანცელარიას. კონკურსანტის წერილობითი ფორმით მოითხოვნის შემთხვევაში მას უბრუნდება დოკუმენტები, ხოლო ქსეროასლები რჩება კანცელარიისა და არქივის სამსახურს.


შრომითი ხელშეკრულება


Labor agreement

დანართი 1

ქ. ბათუმი    00.00.0000

ერთი მხრივ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება    „ბაუ    ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი“ (ს.კ. 445434888) (შემდეგში
- „დამსაქმებელი“/“სასწავლო უნივერსიტეტი“) წარმოდგენილი რექტ