რეგისტრაცია
image

ჩვენ შესახებ

სამართლებრივი დოკუმენტაცია

უკან დაბრუნება
დებულება სტუდენტის სტატუსისა და მობილობის შესახებ ჩამოტვირთვა

თავი I. შესავალი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. „სტუდენტის სტატუსისა და მობილობის შესახებ“ დებულება (შემდგომში - დებულება) არეგულირებს შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმის“ (შემდგომში - „უნივერსიტეტი“) სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერების, შეწყვეტისა და მობილობის პროცედურებს.
2.    დებულების მიზანია უნივერსიტეტის საქმიანობის ორგანიზაციული მხარდაჭერა, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, სტუდენტის სტატუსის განსაზღვრის და მისი ცვლილების პროცესში სტუდენტის კანონიერი ინტერესების დაცვისა და მათი რეალიზების ხელშეწყობა შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს დანერგვით.
3. წინამდებარე დებულება შემუშავებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტების, მათ შორის, “ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანების, ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2011 წლის 29 დეკემბრის N224/ნ ბრძანების, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანების, „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებისა და „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის N98/ნ ბრძანების საფუძველზე.
4. უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსთან და მის ცვლილებასთან დაკავშირებული  უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტები მიიღება ამ დებულების საფუძველზე და უნდა შეესაბამებოდეს მას. დებულებასა და უნივერსიტეტის სხვა სამართლებრივი აქტის ნორმებს შორის სხვაობის შემთხვევაში, დებულებას გააჩნია უპირატესი იურიდიული ძალა უნივერსიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების მიმართ. 
5. უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც არ არის რეგულირებული ამ დებულებით ან/და მის საფუძველზე მიღებული უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით, რეგულირდება თუ განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ნორმების შესაბამისად.
6. წინამდებარე დებულების მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერების, შეწყვეტისა და მობილობის პროცესში ჩართული უნივერსიტეტის ყველა თანამშრომლისთვის, სტუდენტისთვის, აბიტურიენტისა თუ მობილობის მსურველი პირისთვის. 


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა). „უნივერსიტეტი“ - შპს „ბაუ ინთერნეიშენალ იუნივერსითი, ბათუმი“ 
ბ). „მობილობა“ სტუდენტთა თავისუფალი გადაადგილება სწავლის, სწავლებისა და კვლევის პროცესებში მონაწილეობისათვის, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის;
გ). „ელექტრონული პორტალი“ - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილი მობილობის ელექტრონული პორტალი;
დ). „უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება“ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთში სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარება;
ე). „სტუდენტი“ - პირი, რომელიც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად, ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად;
ვ). „საგამოცდო კომისია“ - რექტორის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით, შექმნილი კომისია, რომელიც ახორციელებს აბიტურიენტებთან გასაუბრებას ან გამოცდის ჩატარებას და რეკომენდაციის მიწოდებას რექტორისათვის;
ზ). „მობილობის კომისია“ - რექტორის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით, შექმნილი კომისია, რომელიც ახორციელებს მობილობის მსურველ სტუდენტებთან გასაუბრებას ან გამოცდის ჩატარებას და რეკომენდაციის მიწოდებას რექტორისათვის;
თ). სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა - შიდა საუნივერსიტეტო ელექტრონული მართვის სისტემა, სადაც ხდება შემდეგი ინფორმაციის განთავსება: სტუდენტის რეგისტრაცია, აკადემიური მოსწრება, სასწავლო გეგმა, უწყისები, ასევე სტუდენტის პირადი საქმე.
ი) სამინისტრო - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. 
კ). შიდა საუნივერსიტეტო რეგისტრაცია - უნივერსიტეტში ადმინისტრაციული, ფინანსური და აკადემიური რეგისტრაციის პროცედურების ერთობლიობა
ლ). ადმინისტრაციული რეგისტრაცია - ამ დებულებით განსაზღვრული დოკუმენტაციის უნივერსიტეტში წარმოდგენა.
მ). ფინანსური რეგისტრაცია - უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება და სწავლის საფასურის გადახდა, თუ ამას ითვალისწინებს ხელშეკრულების პირობები.
ნ). აკადემიური რეგისტრაცია - შესაბამის სასწავლო სემესტრში გასავლელი სასწავლო კურსების არჩევა სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 


თავი II. სტუდენტის სტატუსი

მუხლი 3. სტუდენტის სტატუსის ცნება
1. სტუდენტი არის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად ჩაირიცხა უნივერსიტეტში მის მიერ განხორციელებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.
2. სტუდენტის სტატუსის მოპოვება შესაძლებელია:
ა). ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით - ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირებისთვის;
ბ). ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე - ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირებისთვის;
გ). მობილობით - ამ დებულების IV თავით განსაზღვრული პირებისთვის.

მუხლი 4. სტუდენტის სტატუსის მოპოვება ერთიანი ეროვნული გამოცდებით
1. უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის მოპოვება ერთიანი ეროვნული გამოცდებით ხდება საქართველოს მოქალაქეებისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება მიიღეს საქართველოში. 
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე აბიტურიენტები საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან უნივერსიტეტის მიერ საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების რანჟირების მიხედვით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული მისაღები ადგილების რაოდენობის შესაბამისად.
3. უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელიც ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების კოეფიციენტების რანჟირების საფუძველზე სწავლის უფლებას მოიპოვებს უნივერსიტეტის შესაბამის პროგრამაზე.
4. აბიტურიენტის მიერ წინამდებარე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემდეგ, მისი უნივერსიტეტში ჩარიცხვის აუცილებელი წინაპირობაა ადმინისტრაციული, და ფინანსური რეგისტრაციის გავლა რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში, რომელიც გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. აბიტურიენტთა რეგისტრაციის პერიოდის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს ვებგვერდზე აბიტურიენტთა რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები. 5. ადმინისტრაციული რეგისტრაციისთვის სტუდენტმა როგორც მატერიალურად ასევე ელექტრონულ მატარებელზე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა). განცხადება უნივერსიტეტის რექტორის სახელზე;
ბ). სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ). პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ან, არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში, დაბადების მოწმობის ასლი და კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ). 2 ფოტოსურათი 3X4;
ე). სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის);
6. ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის შემდეგ სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში იქმნება სტუდენტის პროფილი, სადაც ხორციელდება სტუდენტის მონაცემების შეყვანა, სტუდენტს ენიჭება ინდივიდუალური მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომლის გამოყენებით სტუდენტი სარგებლობს ელექტრონული სისტემით.
7. ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის შემდგომ სტუდენტი გადის ფინანსურ რეგისტრაციას. ფინანსური რეგისტრაცია გულისხმობს მომსახურების ხელშეკრულების დადებას უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის.
8. ადმინისტრაციული და ფინანსური რეგისტრაციის გავლის შემდგომ რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ.
9. რექტორის ერთიანი ბრძანება ერთიანი ეროვნული გამოცდებით სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა არაუგვიანეს შესაბამისი კალენდარული წლის პირველი ოქტომბრისა და იგზავნება სამინისტროში, გამოცემიდან 15 დღის ვადაში.
10. რექტორის მიერ სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანების გამოცემისთანავე, სტუდენტთა მომსახურებისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტი ვალდებულია დაიწყოს სტუდენტის პირადი საქმის წარმოება.
11. რექტორის სამართლებრივი აქტის გამოცემიდან კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტი ვალდებულია სტუდენტის ჩარიცხვა ასახოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში.
12. სტუდენტი, რომელიც დადგენილ ვადებში ვერ გაივლის ადმინისტრაციულ და ფინანსურ რეგისტრაციას, არ იძენს სტუდენტის სტატუსს და არ დაიშვება აკადემიურ რეგისტრაციაზე. 
13. აბიტურიენტი, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით მოიპოვებს უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, მაგრამ არ გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადაში, უფლებამოსილია მიმართოს უნივერსიტეტს ჩარიცხვის მოთხოვნით რექტორის ერთიანი ბრძანების გამოცემიდან მომდევნო წლის ივნისამდე. უნივერსიტეტის ვალდებულია დააკმაყოფილოს პირის მოთხოვნა და გამოსცეს ჩარიცხვის ბრძანება, ისე რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

მუხლი 5. სტუდენტის სტატუსის მოპოვება ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე
1. უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის მოპოვება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე დასაშვებია:
ა). უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
ბ). უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის (გარდა იმ პირებისა, რომლებიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეები არიან), რომლებმაც საქართველოში მიიღეს  სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით;
გ). საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
დ). უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ე). საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
2. უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის მოპოვება ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებული კატეგორიის აბიტურიენტებისთვის  ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე,  საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად.
3. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სტუდენტის სტატუსის მოპოვების პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
    ა). აბიტურიენტად უნივერსიტეტში რეგისტრაცია;
    ბ). განათლების აღიარების საფასურის გადახდა;
    გ). ინტერვიუ აბიტურიენტთან;
დ). უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება;
ე). აბიტურიენტისთვის უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლების მინიჭება;
ვ). გასაუბრება/გამოცდა სპეციალობასა ან/და ინგლისურ ენაში;
ზ). აბიტურიენტის შიდა საუნივერსიტეტო რეგისტრაცია, რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში;
თ). თ) ფინანსური ხელშეკრულების გაფორმება. არასრულწლოვანი აპლიკანტების შემთხვევაში სავალდებულოა მშობლის ან კანონიერად პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა.
ი). სტუდენტის ჩარიცხვის სამართლებრივი აქტის პროექტის შედგენა და სტუდენტის რექტორის ბრძანების საფუძველზე ჩარიცხვა.
კ). სტუდენტის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვა. 
4. აბიტურიენტად რეგისტრაციისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირმა უნდა შეავსოს ონლაინ აპლიკაციის ფორმა, რომელიც განთავსებულია უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და თან დაურთოს ან/და უნივერსიტეტს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა). სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ). სრული ზოგადი განათლების ნიშნების ფურცლის ასლი;
გ). უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის და სწავლის პერიოდში გავლილი სასწავლო კურსების შესახებ ამ დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, შესაბამისი სასწავლო კომპონენტების შეფასებების და, არსებობის შემთხვევაში, კრედიტების მითითებით (უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შემთხვევაში).
დ). პასპორტის ასლი;
ე). ინგლისური ენის B1 დონის საერთაშორისო სერთიფიკატი (არსებობის შემთხევაში).
ვ). მინდობილობა უნივერსიტეტის მიერ აბიტურიენტის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარების თაობაზე.
ზ). თანხმობა აბიტურიენტის პირადი მონაცემების შემცველი ინფორმაციის უნივერსიტეტის მხრიდან დამუშავებაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვების პროცესში და უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის ქონის პერიოდის განმავლობაში. 
თ). არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში, აუცილებელია მშობლის ან კანონიერად პასუხისმგებელი პირის წერილობითი თანხმობის, ასევე მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, მეურვეობის ან მზრუნველობის დამყარების შესახებ დოკუმენტი ან სხვა შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტი) წარდგენა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტი აბიტურიენტს უგზავნის წერილს „პირობითი მიღების შესახებ“. წერილში აღნიშნულ ვადაში სტუდენტი იხდის დოკუმენტების აღიარების პროცედურის საფასურს 500 აშშ დოლარის ლარში ექვივალენტის ოდენობით.  
6. საფასურის გადახდის შემდეგ, აბიტურიენტთან ხორციელდება ელექტრონული ინტერვიუ.  ინტერვიუს მიზანია აბიტურიენტის მოტივაციისა და დარგობრივი და ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის კომპეტენციის შეფასება. ინტერვიუ იწერება უნივერსიტეტის მიერ.  ინტერვიუს შედეგებისა და აპლიკაციის შეფასების საფუძველზე განისაზღვრება აბიტურიენტის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების პირობა (გასაუბრება, გამოცდა ინგლისურ ენაში, გამოცდა საბუნებისმეტყველო საგნებში) ამ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად.
7. უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარება, აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ტარდება წინამდებარე დებულების მე-17 მუხლის შესაბამისად. კრედიტების აღიარების დასკვნა ეცნობება სტუდენტს, რომელიც ხელმოწერით ადასტურებს თანხმობას შესაბამისი კრედიტების აღიარებაზე. 
8. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ უნივერსიტეტი მიმართავს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აბიტურიენტის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების და უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლების მინიჭების მოთხოვნით. ჩარიცხვის უფლების მინიჭების მოთხოვნა გაიცემა იმ სტუდენტებთან მიმართებაში, რომლებმაც სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში გამოცხადებული მისაღები ადგილების შესაბამისად, უმაღლესი შედეგები აჩვენეს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოცდ(ებ)ის ფარგლებში, ამ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად. 
9. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საფუძველზე გამოიცემა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბრძანება აბიტურიენტის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვების შესახებ.
10. სწავლის უფლების მინიჭების შესახებ ბრძანების მიღების შემდგომ, სტუდენტი გადის ფინანსურ რეგისტრაციას. ფინანსური რეგისტრაცია გულისხმობს მომსახურების ხელშეკრულების დადებას უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის. სტუდენტი, რომელიც დადგენილ ვადებში ვერ გაივლის ფინანსურ რეგისტრაციას, არ იძენს სტუდენტის სტატუსს და არ დაიშვება აკადემიურ რეგისტრაციაზე.
11. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გამოიცემა უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება სტუდენტის ჩარიცხვის თაობაზე. ბრძანება, უნივერსიტეტის მოწვევის წერილი და საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი დოკუმენტაცია ეგზავნება სტუდენტს. 
12. ჩარიცხვის შემდეგ სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში იქმნება სტუდენტის პროფილი, სადაც ხორციელდება სტუდენტის მონაცემების შეყვანა, სტუდენტს ენიჭება ინდივიდუალური მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომლის გამოყენებით სტუდენტი სარგებლობს ელექტრონული სისტემით.
13. რექტორის მიერ სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანების გამოცემისთანავე, სტუდენტთა მომსახურებისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტი ვალდებულია ასახოს სტუდენტის ჩარიცხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში.

მუხლი 6. ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხული სტუდენტის ჩარიცხვის წინაპირობა
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვის მსურველი აბიტურიენტისთვის ჩარიცხვის წინაპირობები გულისხმობს აბიტურიენტის ცოდნისა და უნარების საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობის და პროგრამის განხორციელების ენაზე კომუნიკაციის უნარების დადგენას. ამ თავსებადობის არარსებობა აბიტურიენტის უნივერსიტეტში ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველია.
2.  აბიტურიენტების ცოდნისა და  წინაპირობად შესაძლებელია განისაზღვროს:
ა) გასაუბრება;
ბ) კომპეტენციის გამოცდა პროგრამის განხორციელების ენაში;
გ) კომპეტენციის გამოცდა საბუნებისმეტყველო საგნებში.
3. აბიტურიენტთან ტარდება გასაუბრება, თუ შესაბამის პერიოდში წარმოდგენილი აპლიკაციების რაოდენობა არ აღემატება უნივერსიტეტის სტუდენტთა ზღვრული ოდენობის ფარგლებში მისაღები სტუდენტების რაოდენობას, ამასთან, აბიტურიენტის მიერ წარმოდგენილია ინგლისურ ენაში არანაკლებ B1 ენობრივი კომპეტენციის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი, ან/და აბიტურიენტს ზოგადი განათლების დამამთავრებელ  საფეხურზე გათვალისწინებული საბუნებისმეტყველო საგნები ათვისებული აქვს ინგლისურ ენაზე, არანაკლებ მაქსიმალური შეფასების 70% შედეგით. 
4. აბიტურიენტთან ჩატარებული ინტერვიუს ან გასაუბრების საფუძველზე მისაღები კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია განისაზღვროს მისი კომპეტენციის დამატებითი დადასტურების საჭიროება ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით დადგენილი გამოცდის ფორმატში. 
5. აბიტურიენტთან ტარდება გამოცდა ინგლისურ ენაში თუ მის მიერ არ არის წარმოდგენილი ინგლისურ ენაში არანაკლებ B1 ენობრივი კომპეტენციის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი, ან/და აბიტურიენტს ზოგადი განათლების დამამთავრებელ  საფეხურზე გათვალისწინებული საბუნებისმეტყველო საგნები არ აქვს ათვისებული ინგლისურ ენაზე არანაკლებ მაქსიმალური შეფასების 70% შედეგით. ამ მუხლის მიზნებისთვის საერთაშორისო აღიარებულ სერტიფიკატად მიიჩნევა IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert®, EnglishScore სერტიფიკატები. 
6. აბიტურიენტთან ტარდება გამოცდა საბუნებისმეტყველო საგნებში, თუ შესაბამის პერიოდში წარმოდგენილი აპლიკაციების რაოდენობა აღემატება უნივერსიტეტის სტუდენტთა ზღვრული ოდენობის ფარგლებში მისაღები სტუდენტების რაოდენობას ან აბიტურიენტის ზოგადი განათლების დამამთავრებელ  საფეხურზე გათვალისწინებულ საბუნებისმეტყველო საგნებში შეფასება ნაკლებია მაქსიმალური შეფასების 70%-ზე. 
7. აბიტურიენტებთან გასაუბრების/გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შექმნილი საგამოცდო კომისია. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება რექტორის ბრძანებით და მასში შეიძლება შევიდეს უნივერსიტეტში დასაქმებული აკადემიური ან ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე მოწვეული სპეციალისტები, რომელთა კვალიფიკაცია და კომპეტენცია შეესაბამება ამ მუხლით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას. 
8. აბიტურიენტს წინასწარ ეცნობება გამოცდის/გასაუბრების სახე და დრო. აბიტურიენტი ვალდებულია გამოცხადდეს გასაუბრებაზე მისთვის განსაზღვრულ დროს. 
9. კომისია უფლებამოსილია კანდიდატთან გასაუბრება/კანდიდატის შეფასება ჩაატაროს ელექტრონული საშუალებით, შეფასების ობიექტურობის პრინციპის უზრუნველყოფით. იმ აბიტურიენტებთან მიმართებით, რომლებისთვის არსებული კანონმდებლობით საგანმანათლებლო ვიზის მიღების წინაპირობად განსაზღვრულია უნივერსიტეტში ჩარიცხვა, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გამოცდ(ებ)ის ელექტრონული ფორმატით ჩატარების, ან აბიტურიენტის პირობითი ჩარიცხვისა და გამოცდის ჩაბარების ვადის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ განსაზღვრის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება ფორმდება რექტორის ბრძანებით. 
10. გასაუბრების/გამოცდის შედეგების საფუძველზე კომისია გასცემს დადებით ან უარყოფით რეკომენდაციას აბიტურიენტის საკითხზე.
11. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტების რაოდენობა არ აღემატება შესაბამის პერიოდში უნივერსიტეტის სტუდენტთა ზღვრული ოდენობის ფარგლებში მისაღებ სტუდენტების რაოდენობას, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მიიღებენ ის აბიტურიენტები, რომლებიც გადალახავენ ინგლისური ენის და საბუნებისმეტყველო საგნებში გამოცდისთვის დადგენილ კომპეტენციის ზღვარს. 
12. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტების რაოდენობა აღემატება შესაბამის პერიოდში უნივერსიტეტის სტუდენტთა ზღვრული ოდენობის ფარგლებში მისაღებ სტუდენტების რაოდენობას, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მიიღებენ მისაღები ადგილების რაოდენობის შესაბამისად საბუნებისმეტყველო საგნებში გამოცდაში საუკეთესო შედეგის მქონე აბიტურიენტები, რომლებიც გადალახავენ ინგლისური ენის გამოცდისთვის დადგენილ კომპეტენციის ზღვარს.
13. აბიტურიენტთა სია, რომლებისთვის ჩარიცხვის პირობად განსაზღვრულია გასაუბრება/ინგლისური ენის გამოცდა/საბუნებისმეტყველო საგნებში გამოცდა, გამოცდების ჩატარების, შედეგების გამოქვეყნებისა და აპელაციის ვადები უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულისა და სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტის წარდგინებით მტკიცდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, რომელიც ეცნობება უნივერსიტეტში რეგისტრირებულ ყველა აბიტურიენტს. 


თავი III. სტუდენტის სტატუსის შეჩერება, აღდგენა და შეწყვეტა
 
მუხლი 7. სტუდენტის სტატუსის შეჩერება
1. სტუდენტის სტატუსის შეჩერებად განიხილება უნივერსიტეტსა და სტუდენტის უფლება-მოვალეობებისგან გათავისუფლება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გარეშე.
2. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:
ა). სტუდენტის პირადი განცხადება (მიუხედავად მიზეზისა);
ბ). უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა; 
გ). ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;
დ). ფინანსური რეგისტრაციის გაუვლელობა (შესაბამისი სემესტრის სწავლის საფასურის გადაუხდელობა);
ე). აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობა (შესაბამისი სემესტრის სასწავლო კომპონენტის აურჩევლობა);
ვ). აკადემიური მოსწრების არქონა, რაც გულისხმობს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ნებისმიერ კომპონენტში შეფასების მიუღებლობას შესაბამისი კომპონენტის არჩევიდან 45 დღის განმავლობაში (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის);
ზ). ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისიწინებული გამოცდის გაუვლელობა, იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ გამოცდის ჩაბარების პირობით;
თ). სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, როგორც განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, ისე მისი ძალაში შესვლის შემდგომ.
ი). უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების საფუძველზე სასწავლო პროცესისგან დროებით ჩამოშორება, როგორც დიციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა
3. სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ გამოიცემა რექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, ბრძანება. სტუდენტი უფლებამოსილია გაასაჩივროს აღნიშნული ბრძანება მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ – „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე სტატუსის შეჩერების თაობაზე რექტორის ბრძანების გამოცემამდე უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტის ინფორმირებას სტუდენტის სტატუსის შეჩერების გარემოებების შესახებ და სტუდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, შესაბამის გარემოებათა აღმოსაფხვრელად. 
5. უარი სტუდენტის სტატუსის შეჩერების გარემოებათა აღმოსაფხვრელად სტუდენტისთვის დამატებითი ვადის განსაზღვრაზე უნდა იყოს დასაბუთებული. 
6. პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი, არ არის უფლებამოსილი ისარგებლოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო მომსახურებით, ასევე სხვა უფლებებით, რომლისთვისაც კანონმდებლობით ან/და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულია სტუდენტის აქტიური სტატუსის არსებობა. 
7. სტუდენტის სტატუსის შეჩერება არ ცვლის და არ აუქმებს შეჩერებამდე არსებულ მდგომარეობას. სტატუსის აღდგენის შემთხვევაში უნივერსიტეტის და სტუდენტის უფლება-ვალდებულებები განახლდება სტატუსის შეჩერებამდე არსებული მდგომარეობით.  
8. სტუდენტის სტატუსი შეჩერების ჯამური მაქსიმალური ვადაა 5 (ხუთი) წელი. ამ ვადის გასვლის შემდეგ პირს უწყდება სტუდენტის სტატუსი. 
9. სტუდენტის სტატუსის შეჩერების ბრძანება ეცნობება სტუდენტს უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტის საშუალებით, სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ ინფორმაცია აისახება სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის სტუდენტის პირად გვერდზე და კანონმდებლობით დადგენილი წესით აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში. ამ მუხლით დადგენილი პროცედურების განხორციელებაზე პასუხისმგებელია უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტი. 
10. უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ ინფორმაცია შეჩერებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

მუხლი 8. სტუდენტის სტატუსის აღდგენა
1. სტატუს შეჩერებული სტუდენტისათვის სტატუსის აღდგენა ხდება სტუდენტის პირადი განცხადების საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ აღმოფხვრილია გარემოებები, რომელიც საფუძვლად უდევს სტუდენტის სტატუსის შეჩერებას. 
2. სტუდენტის სტატუსის აღდგენის მიზნით პირი ვალდებულია სასწავლო სემესტრის (საშემოდგომო, საგაზაფხულო) დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა მიმართოს რექტორს განცხადებით. განცხადებაში უნდა მიეთითოს სტუდენტის სტატუსის შეჩერების გარემოებათა დასრულების შესახებ და თან დაერთოს შესაბამისი მტკიცებულებითი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია სტუდენტის სტატუსის აღდგენა წინამდებარე დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სტატუსის შეჩერების გარემოებათა აღმოფხვრამდე. ამ შემთხვევაში სტატუსის აღდგენის გადაწყვეტილებაში მიეთითება სტუდენტისთვის ზემოთ აღნიშნული გარემოებების აღმოფხვრისთვის განსაზღვრული დამატებითი საშეღავათო ვადა. 
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებითი საშეღავათო ვადის ამოწურვამდე სტატუსის შეჩერების გარემოებების სტუდენტის მხრიდან აღმოუფხვრელობის შემთხვევაში უნივერსიტეტი უფლებამოსილია კვლავ შეაჩეროს სტუდენტის სტატუსი. 
5. სტუდენტის სტატუსის აღდგენა ხორციელდება ყოველ სემესტრულად, ყოველი სემესტრის დაწყებიდან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
6. სტუდენტის მოთხოვნით და მისი კანონიერი ინტერესის გათვალისწინებით, შესაძლებელია სტუდენტის სტატუსის აღდგენა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადისგან განსხვავებულ პერიოდში. ამ შემთხვევაში სტუდენტის სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემდეგ, ის გადის ფინანსურ რეგისტრაციას ჩვეულებრივი პროცედურით, ხოლო აკადემიური რეგისტრაცია დასაშვებია მხოლოდ იმ სასწავლო კურსებზე, რომლის 10%-ზე მეტი არ არის ჩატარებული სტუდენტის სტატუსის აღდგენის მომენტისთვის.
7. სტუდენტის სტატუსის აღდგენა დასაშვებია სტუდენტთა საერთო რაოდენობის გადაჭარბებით, ამ შემთხვევაში სტუდენტების საერთო რაოდენობის ზევით ჩარიცხული პირების რაოდენობა აკლდება მომდევნო სასწავლო წლისათვის უნივერსიტეტის მიერ დადგენილ სტუდენტთა მისაღები ადგილების რაოდენობას.
8. სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში სტუდენტს ჩაეთვლება სტატუსის შეჩერებამდე ათვისებული კრედიტები და გადახდილი სწავლის  საფასური.
9. სტუდენტის სტატუსის აღდგენის ბრძანება ეცნობება სტუდენტს უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტის საშუალებით, სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ ინფორმაცია აისახება სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის სტუდენტის პირად გვერდზე და კანონმდებლობით დადგენილი წესით აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში. ამ მუხლში დადგენილი პროცედურების განხორციელებაზე პასუხისმგებელია უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტი. 

მუხლი 9. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა
1. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა გულისხმობს უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის არსებული უფლება-ვალდებულებების შეწყვეტას.
2. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) სტუდენტის პირადი განცხადება;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება და აკადემიური ხარისხის მინიჭება;
გ) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობით გადასვლა:
დ) სტუდენტის სტატუსის შეჩერება ჯამურად 5 (ხუთი) წლის განმავლობაში;
ე) სტუდენტის ეთიკის კოდექსის ისეთი დარღვევა, რომელიც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად ითვალისწინებს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტას;
ვ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ერთი და იმავე სასწავლო კურსის ზედიზედ სამჯერ მოსმენა და დადებითი შეფასების ვერ მიღება;
ზ) გარდაცვალება.
3. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გამოიცემა რექტორის ბრძანება. სტუდენტი უფლებამოსილია გაასაჩივროს აღნიშნული ბრძანება მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გარემოებების შემთხვევაში, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტის ინფორმირებას სტატუსის შეწყვეტის სამართლებრივი შედეგების შესახებ და სტუდენტის სურვილის შემთხვევაში, განსაზღვრავს გონივრულ ვადას სტატუსის შეწყვეტის ბრძანების გამოცემამდე პირადი განცხადების უკან გამოთხოვისთვის. ამ მუხლში დადგენილი პროცედურების განხორციელებაზე პასუხისმგებელია უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტი.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტატუსის შეწყვეტის გარემოებების შემთხვევაში, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტის წინასწარ ინფორმირებას სტატუსის შეწყვეტის საფუძვლის შესაძლო დადგომის თაობაზე არაუგვიანეს 1 წლისა სტატუსის შეჩერების 5 წლის პერიოდის გასვლამდე და განუმარტავს სტატუსის შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს. ამ პროცედურების განხორციელებაზე პასუხისმგებელია უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტი.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტატუსის შეწყვეტის გარემოებების შემთხვევაში, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტის ინფორმირებას სტატუსის შეწყვეტის საფუძვლის შესაძლო დადგომის თაობაზე ერთსა და იმავე სასწავლო კურსში ზედიზედ მეორედ უარყოფითი შეფასების მიღების შემდეგ და განუმარტავს სტატუსის შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს. ამ პროცედურების განხორციელებაზე პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული.
7. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა იწვევს სტუდენტთან დადებული მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტას. მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამორიცხავს სტუდენტის მიერ ხელშეკრულებით აღებული და სტატუსის შეწყვეტამდე გაჩენილი ვალდებულებებისაგან განთავისუფლებას. სტატუს შეწყვეტილ სტუდენტს არ უბრუნდება გადახდილი სწავლის საფასური ასეთის არსებობის შემთხვევაში.
8. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ რექტორის ბრძანებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი დგება ბრძანების გამოცემიდან 12 თვის შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. აღნიშნული წესი არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაზე.
9. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა კანონმდებლობით დადგენილი წესით აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში.


თავი IV. მობილობა

მუხლი 10. მობილობის ცნება, შინაარსი და მისი სამართლებრივი საფუძლები
1. მობილობა წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის პროცესს.
2. უნივერსიტეტი, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ითვალისწინებს გარე მობილობის (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ მდებარე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/დაწესებულებაში), შიდა მობილობის (უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის) და გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მობილობის შესაძლებლობას. 
3. გარე მობილობა წარმოადგენს ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის პროცესს, საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივი აქტებითა და ამ წესით დადგენილი პირობებით. 
4. გარე მობილობა საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან რეგულირდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. 
5. გარე მობილობა უნივერსიტეტში სხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან რეგულირდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N224/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის“, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. 
6. შიდა მობილობა უნივერსიტეტის ფარგლებში, რეგულირდება ამ დებულების, და მის საფუძველზე მიღებული უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 
7. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მობილობა ხორციელდება უმაღლესი განათლების შესახებ კანონის, მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტების, ამ დებულებისა და მის საფუძველზე გამოცემული უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

მუხლი 11. მობილობის უფლების მქონე პირი
1. გარე მობილობის უფლება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მობილობაში აქვს პირს:
ა). რომლის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდა კანომდებლობით დადგენილი წესით და რომელიც მობილობის ელექტრონულ პორტალზე მობილობის მსურველად რეგისტრაციის მომენტისათვის არის უმაღლესი საგანამანთლებლო დაწესებულების სტუდენტი, ან მისი სტატუსის შეჩერებიდან არ არის გასული 5 წელზე მეტი ვადა, ან მისი სტაუსის შეწყვეტიდან არ არის გასული 12 თვეზე მეტი ვადა. 
ბ). რომელმაც წარმატებით დაძლია ერთიანი ეროვნული გამოცდები და რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებულ რანჟირების დოკუმენტში მითითებულ დაწესებულებას ჩარიცხვის მიზნით ვერ მიმართა, ვინაიდან დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება.
2. მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში. მობილობის მიზნებისთვის დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ინტეგრირებული პროგრამები განიხილება აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებად.
3. მობილობის უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდებით 2020 წლის შემდგომ ჩარიცხულ სტუდენტს წარმოეშობა მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელსაც შეესაბამება მის მიერ ჩაბარებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-8 პუნქტით დადგენილ საგანს/საგნებს.
4. მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა სწავლის დაწყებიდან ერთი წლის (2 სრული აკადემიური სემესტრის) შემდეგ. ამ მუხლის მიზნებისთვის სწავლის პერიოდის გაანგარიშებაში არ შედის ის დრო, როდესაც სტუდენტს შეჩერებული ქონდა სტუდენტის სტატუსი. 

მუხლი 12. გარე მობილობის პროცესის ადმინისტრირება
1. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მობილობა ხორციელდება ორჯერ კალენდარული წლის განმავლობაში, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ დადგენილ ვადებში.
2. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დირექტორის მიერ მობილობის გამოცხადების შემდეგ, უნივერსიტეტის რექტორი ბრძანებით ადგენს მობილობისათვის განკუთვნილ ადგილებს, შესაბამის წელს მისაღები სტუდენტების ზღვრული ოდენობის ფარგლებში, ასევე მობილობის კანდიდატის მიერ გასავლელ პროცედურებს, ვადებს, და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხას.
3. უნივერსიტეტი მობილობის მსურველებისთვის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პორტალზე ასახავს შემდეგ ინფორმაციას:
ა). უნივერსიტეტის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ). მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა და საკონტაქტო პირი;
გ). აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხური, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულისა და საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება, მისანიჭებელი კვალიფიკაცია, 
დ). მობილობის მსურველებისთვის, რომლებიც ჩარიცხული არიან ერთიანი ეროვნული გამოცდებით, 2020 წლის შემდგომ, საგანი/საგნები, რომლის ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარება არის უნივერსიტეტის პროგრამებზე მობილობის წინაპირობა. 
ე). პროგრამის სტატუსი (ავტორიზებული/აკრედიტებული) და შესაბამისი სტატუსის ვადა;
ვ). პროგრამის სწავლების ენა;
ზ). პროგრამის განხორციელების ადგილი;
თ). პროგრამაზე სწავლის საფასური;
ი). კრედიტების რაოდენობა;
კ). მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობა;
ლ). საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების დამატებითი წინაპირობა, არსებობის შემთხვევაში,  ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად
მ). უნივერსიტეტის მიერ გათვალისწინებული დამატებითი სხვა ინფორმაცია.
4. უნივერსიტეტი უფლებამოსილია განსაზღვროს მობილობით მის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების დამატებითი კრიტერიუმები (კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე აღიარებული კრედიტების მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა, შიდა გამოცდის/გასაუბრების გავლა და ა.შ.). დამატებითი კრიტერიუმები მტკიცდება რექტორის ბრძანებით და საჯაროდ ხელმისაწვდომია მობილობის პორტალის მეშვეობით. 
5. უნივერსიტეტი უფლებამოსილია არ მიიღოს მონაწილეობა მობილობის პროცესში
6. მობილობის პროცესის შიდა საუნივერსიტეტო ადმინისტრირებას ახორციელებს უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტი, ხოლო მობილობის ფარგლებში სტუდენტის მიერ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი კრედიტების აღიარებას - უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის და პროგრამის ხელმძღვანელის ჩართულობით.
7. უნივერსიტეტი უფლებამოსილია რექტორის ბრძანებით შექმნას მობილობის კომისია, უნივერსიტეტში დასაქმებული აკადემიური ან ადმინისტრაციული პერსონალით, ასევე მოწვეული სპეციალისტით, მობილობის მსურველი პირების საბუთების შეფასებისა და გასაუბრების/გამოცდის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით. 

მუხლი 13. გარე მობილობის პროცესის ეტაპები
1. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან  მობილობის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა). უნივერსიტეტის მიერ მობილობის გამოცხადების თაობაზე სამართლებრივი აქტის გამოცემას და მისაღები ადგილების განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მობილობის პორტალზე რეგისტრაციას. 
ბ). მობილობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე მობილობის პროცესისთვის დადგენილ ვადებში;
გ). მობილობის წესით ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემდგომ, მობილობის მსურველი კანდიდატების შიდა საუნივერსიტეტო რეგისტრაციას, რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში;
დ). გასაუბრების ან წერილობითი გამოცდის ჩატარებას, თუ მობილობის პირობა ითვალისწინებს ზემოთ აღნიშნულს, წინამდებარე დებულების მე-20 მუხლის შესაბამისად;
ე). სტუდენტის კრედიტების აღიარების შესახებ დასკვნის მომზადება ამ დებულების მე-17 მუხლისა და „უმაღლესი განათლების კრედიტების აღიარების წესის“ შესაბამისად;
ვ). კრედიტების აღიარების დასკვნის გაცნობა სტუდენტისათვის და წერილობით თანხმობის მიღება;
ზ). კრედიტების აღიარების დასკვნისა და სტუდენტის თანხმობის წერილის გაგზავნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში;
თ). სტუდენტის ჩარიცხვის სამართლებრივი აქტის პროექტის შედგენა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ დადასტურება;
ი). რექტორის ბრძანების საფუძველზე სტუდენტის მობილობის წესით ჩარიცხვა.
კ). გადმოსული სტუდენტის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვა. 
2. მობილობის მსურველის სტატუსს სტუდენტი მოიპოვებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის, მობილობის საფასურის გადახდისა და საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შედეგად, მობილობისთვის განკუთვნილ ვადაში. 
3. ელექტრონულ პორტალზე მობილობის დადებითი პასუხის შემთხვევაში, სტუდენტმა უნდა მიმართოს უნივერსიტეტის განცხადებით მობილობით ჩარიცხვის თაობაზე.
სტუდენტის განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა). სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ბ). პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (საქართველოს მოქალაქეებისთვის) ან პასპორტის ასლი;
გ). 2 ფოტოსურათი 3X4;
დ). სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის);
ე) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებ(ა/ებ)ში გავლილი სასწავლო კურსების ჩამონათვალი, შეფასებებისა და კრედიტების მითითებით,  დადასტურებული შესაბამისი დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ.
4. მობილობის მსურველი, რომელიც რექტორის ბრძანებით  დადგენილ ვადაში არ მიმართავს უნივერსიტეტს მობილობით ჩარიცხვის თაობაზე, კარგავს ჩარიცხვის უფლებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. 
5. იმ შემთხვევაში, თუ მობილობის პროცედურა ითვალისწინებდა საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების დამატებით კრიტერიუმებს (კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე აღიარებული კრედიტების მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა, შიდა გამოცდის/გასაუბრების გავლა და ა. შ.). რეგისტრირებული სტუდენტები მობილობით ჩარიცხვის ბრძანებაში მოხვდებიან შესაბამისი წინაპირობის დაძლევის შემთხვევაში, ამ დებულების მე-20 მუხლით დადგენილი წესით.
6. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარება ტარდება წინამდებარე დებულების მე-17 მუხლის შესაბამისად. კრედიტების აღიარების დასკვნა ეცნობება სტუდენტს, რომელიც ხელმოწერით ადასტურებს თანხმობას შესაბამისი კრედიტების აღიარებაზე. 
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების და მობილობაზე და კრედიტების აღიარებაზე სტუდენტის თანხმობის დაფიქსირების შემდეგ, უნივერსიტეტი შეიმუშავებს ბრძანების პროექტს სტუდენტის მობილობით ჩარიცხვაზე. 
8. უნივერსიტეტი უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახავს სტუდენტის ჩარიცხვის სამართლებრივი აქტის პროექტს და მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას მართვის სისტემის სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად, რის შემდეგაც მართვის სისტემა ამოწმებს დაწესებულების ბრძანების პროექტში ასახული სტუდენტის მონაცემებს და გასცემს ელექტრონულ დასკვნას პროექტში მითითებული სტუდენტების მობილობით ჩარიცხვის შესაძლებლობის შესახებ. 
9. ბრძანების პროექტზე მართვის სისტემის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ გამოიცემა რექტორის ბრძანება სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის შესახებ. 
10. რექტორის ბრძანება სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა შესაბამისი კალენდარული წლის პირველ ოქტომბრამდე შემოდგომის ან პირველ მარტამდე გაზაფხულის სემესტრში მობილობისთვის. 
11. ბრძანება გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. 
12. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე, იმ დაწესებულების მიერ, საიდანაც გადადის სტუდენტი, გამოიცემა ბრძანება სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ, ხოლო სტუდენტის მიმართვიდან 1 კვირის ვადაში გაიცემა ბრძანებიდან ამონაწერი, ასევე საგანმანათლებლო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც იგი ამ დაწესებულებაში ჩაირიცხა და სტუდენტის პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია. 
13. მობილობით გადმოსული სტუდენტის შესახებ ინფორმაცია აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში, მისთვის იქმნება უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სისტემის პროფილი და უნივერსიტეტის სტუდენტური მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური იწყებს მისი პირადი საქმის წარმოებას. 

მუხლი 14. გარე მობილობა უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან
1. გარე მობილობის უფლება უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან აქვს პირს, რომელიც ჩარიცხულია და სწავლობს ან/და მიღებული აქვს კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 
2. მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში. მობილობის მიზნებისთვის დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ინტეგრირებული პროგრამები განიხილება აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებად.
3. უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მობილობის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
    ა). მობილობის მსურველის მიერ უნივერსიტეტში რეგისტრაცია;
    ბ). მობილობისა და განათლების აღიარების საფასურის გადახდა;
    გ). ინტერვიუ მობილობის მსურველთან;
დ). უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება;
ე). მობილობის მსურველისთვის უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლების მინიჭება;
ვ). უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარება წინამდებარე დებულების მე-17 მუხლისა და  „უმაღლესი განათლების კრედიტების აღიარების წესის“ შესაბამისად;
ზ). კრედიტების აღიარების დასკვნის გაცნობა სტუდენტისათვის და წერილობით თანხმობის მიღება;
თ). კრედიტების აღიარების დასკვნისა და სტუდენტის თანხმობის წერილის გაგზავნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში;
ი). გასაუბრება/გამოცდა სპეციალობასა ან/და ინგლისურ ენაში თუ მობილობის პირობა ითვალისწინებს ზემოთ აღნიშნულს, წინამდებარე დებულების მე-20 მუხლის შესაბამისად;
კ). მობილობის მსურველი კანდიდატის შიდა საუნივერსიტეტო რეგისტრაცია, რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში;
ლ). სტუდენტის ჩარიცხვის სამართლებრივი აქტის პროექტის შედგენა, ცენტრის მიერ დადასტურება და რექტორის ბრძანების საფუძველზე სტუდენტის მობილობის წესით ჩარიცხვა.
მ). გადმოსული სტუდენტის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვა. 
4. მობილობის მსურველად რეგისტრაციისთვის უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტმა უნივერსიტეტში მობილობის სურვილის შემთხვევაში, უნდა შეავსოს ონლაინ აპლიკაციის ფორმა, რომელიც განთავსებულია უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და თან დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის და სწავლის პერიოდში გავლილი სასწავლო კურსების შესახებ ამ დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, შესაბამისი სასწავლო კომპონენტების შეფასებების და, არსებობის შემთხვევაში, კრედიტების მითითებით.
ბ) პასპორტის ასლი;
გ) ინგლისური ენის B1 დონის საერთაშორისო სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხევაში).
დ) მინდობილობა უნივერსიტეტის მიერ მობილობის მსურველის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების კანონმდებლობის დადგენილი წესით აღიარების თაობაზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
ე). თანხმობა აბიტურიენტის პირადი მონაცემების შემცველი ინფორმაციის უნივერსიტეტის მხრიდან დამუშავებაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვების პროცესში და უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის ქონის პერიოდის განმავლობაში.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტი მობილობის მსურველს უგზავნის წერილს „პირობითი მიღების შესახებ“. წერილში აღნიშნულ ვადაში სტუდენტი იხდის მობილობის და დოკუმენტების აღიარების პროცედურის საფასურს 500 აშშ დოლარის ლარში ექვივალენტის ოდენობით.  
6. სააპლიკაციო საფასურის გადახდის შემდეგ, მობილობის მსურველთან ხორციელდება ელექტრონული ინტერვიუ.  ინტერვიუს მიზანია მობილობის მსურველის მოტივაციისა და ინგლისური ენის ცოდნის დონის პირველადი შეფასება. გასაუბრების ხანგრძლივობაა 5-დან 10 წუთამდე. აღნიშნული გასაუბრება იწერება უნივერსიტეტის მიერ. 
7. უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარება ტარდება წინამდებარე დებულების მე-17 მუხლის შესაბამისად. კრედიტების აღიარების დასკვნა ეცნობება სტუდენტს, რომელიც ხელმოწერით ადასტურებს თანხმობას შესაბამისი კრედიტების აღიარებაზე. 
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ უნივერსიტეტი მიმართავს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მობილობის მსურველის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისა და უნივერსიტეტი ჩარიცხვის უფლების მინიჭების მოთხოვნით. იმ შემთხვევაში, თუ მობილობის პროცესი ითვალისწინებდა გამოცდ(ებ)ის ჩატარებას ამ დებულების მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩარიცხვის უფლების მინიჭების მოთხოვნა გაიცემა მობილობის იმ მსურველებთან მიმართებაში, რომლებმაც სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში გამოცხადებული ადგილების რაოდენობის შესაბამისად, უმაღლესი შედეგები აჩვენეს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ მობილობის გამოცდაში.
9. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საფუძველზე გამოიცემა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბრძანება მობილობის მსურველი სტუდენტის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვების შესახებ.
10. იმ შემთხვევაში, თუ მობილობის პროცესი ითვალისწინებს გასაუბრებას/გამოცდას სტუდენტი, უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლების მოპოვებამდე ვალდებულია წარმატებით გაიაროს ეს პროცედურა  წინამდებარე დებულების მე-20 მუხლის შესაბამისად. 
11. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გამოიცემა უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება სტუდენტის ჩარიცხვის თაობაზე. 
12. უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ სტუდენტი გადის აკადემიურ და ფინანსურ რეგისტრაციას რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში, რომელიც გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
13. მობილობით გადმოსული სტუდენტის შესახებ ინფორმაცია აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში, მისთვის იქმნება უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სისტემის პროფილი და უნივერსიტეტის სტუდენტური მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტი იწყებს მისი პირადი საქმის წარმოებას. 

მუხლი 15. შიდა მობილობა
1. შიდა მობილობის, ანუ საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის უფლება აქვს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირს, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად, არ აქვს შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი. 
2. შიდა მობილობა ხორციელდება ორჯერ კალენდარული წლის განმავლობაში, აკადემიური სემესტრების შორის პერიოდში. შიდა მობილობის ვადები განისაზღვრება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით. 
4. უნივერსიტეტი უფლებამოსილია განსაზღვროს შიდა მობილობით ახალ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების დამატებითი კრიტერიუმები, (კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე აღიარებული კრედიტების მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა, შიდა გამოცდის/გასაუბრების გავლა და ა.შ.). დამატებითი კრიტერიუმები მტკიცდება რექტორის ბრძანებით. 
5. უნივერსიტეტი უფლებამოსილია არ გამოაცხადოს შიდა მობილობა.
6. შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტი, ხოლო შიდა მობილობის ფარგლებში სტუდენტის მიერ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი კრედიტების აღიარებას - უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელის ჩართულობით.
7. უნივერსიტეტი უფლებამოსილია რექტორის ბრძანებით შექმნას მობილობის კომისია, უნივერსიტეტში დასაქმებული აკადემიური ან ადმინისტრაციული პერსონალით, ასევე მოწვეული სპეციალისტით, შიდა მობილობის მსურველი პირების კრედიტების აღიარების ან/და გასაუბრების/გამოცდის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით. 

მუხლი 16. შიდა მობილობის პროცესის ეტაპები
1. შიდა მობილობის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) უნივერსიტეტის მიერ შიდა მობილობის ადგილების, ვადების და პირობების განსაზღვრა;
ბ) მობილობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტში შიდა მობილობის პროცესისთვის დადგენილ ვადებში;
გ) შიდა გასაუბრება ან წერილობითი გამოცდა, თუ მობილობის პირობა ითვალისწინებს ზემოთ აღნიშნულს, წინამდებარე დებულების მე-20 მუხლის შესაბამისად.
დ) უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ სტუდენტის კრედიტების აღიარების შესახებ დასკვნის მომზადება, წინამდებარე დებულების მე-17 მუხლისა და „უმაღლესი განათლების კრედიტების აღიარების წესის“ შესაბამისად.
ე) კრედიტების აღიარების დასკვნის გაცნობა სტუდენტისათვის და წერილობით თანხმობის მიღება;
ზ) სტუდენტის მიერ პროგრამის შეცვლის სამართლებრივი აქტის გამოცემა და შიდა მობილობის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვა.

მუხლი 17. უცხოეთში მიღებული განათლებისა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარება
1. უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარება ხდება იმ შემთხვევაში, თუ დგინდება მისი შესაბამისობა საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებულ შესაბამის კვალიფიკაციასთან. შესაბამისობა სწავლის შედეგებისა და მინიჭებული კვალიფიკაციის გათვალისწინებით შეიძლება დადგინდეს სწავლის პერიოდის განსხვავების მიუხედავად.
2. უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებულ კვალიფიკაციას ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებულ განათლების აღიარებას ახორციელებს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
3. უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტის მქონე აბიტურიენტის ან სტუდენტის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ჩარიცხვაზე თანხმობის საფუძველზე, იღებს უნივერსიტეტი.
4. უნივერსიტეტი ადგენს მის მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო პროგრამებთან მობილობის მსურველი პირის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას და იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ.
5. აღიარებას ექვემდებარება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზე ჩარიცხვა და სწავლება განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. შინაარსობრივი შესწავლის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს სტუდენტის მიერ გავლილი და ახალი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების შესაბამისობა, მათ სახელწოდებებში არსებული სხვაობის მიუხედავად.
7. დასაშვებია იმ სასწავლო კურსის აღიარება, რომელიც არ არის გათვალისწინებული უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამით.
8. სასწავლო კურსები, რომლის სწავლის შედეგები არ შეესაბამება უნივერსიტეტის პროგრამის სავალდებულო კომპონენტებს, შესაძლებელია აღიარებულ იქნეს პროგრამის არჩევით დარგობრივ ან არჩევით არა დარგობრივ კომპონენტებში, შესაბამის პროგრამაში ამ კომპონენტების ზღვრული მოცულობით. 
9. უნივერსიტეტი უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიანგარიშოს სტუდენტის დატვირთვა კრედიტებით იმ საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, რომელიც არ არის შესრულებული ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად. 
10. სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი სასწავლო კურსების აღიარების პროცედურები დეტალურად განისაზღვრება უნივერსიტეტის „უმაღლესი განათლების კრედიტების აღიარების წესით“.
11. აღიარება ფორმდება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და პროგრამის ხელმძღვანელის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რომელშიც მიეთითება სტუდენტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტების შესაბამისობა უნივერსიტეტის პროგრამასთან, ასევე აღიარებული და პროგრამის ფარგლებში გასავლელი კრედიტების რაოდენობა.
12. აღიარების გადაწყვეტილების პროექტი ეგზავნება სტუდენტს, რომელმაც ხელმოწერით უნდა დაადასტუროს თანხმობა აღიარების გადაწყვეტილება. სტუდენტის თანხმობის მიუღებლობა შესაძლებელია გახდეს სტუდენტის მობილობაზე უარის თქმის საფუძველი. 
13. აღიარებული კრედიტები აისახება სტუდენტის სასწავლო ბარათში და მისი დიპლომის დანართში. 

მუხლი 18. მობილობა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში
1. მობილობა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გულისხმობს უნივერსიტეტსა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის დადებული სტუდენტთა გაცვლის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე უნივერსიტეტის სტუდენტის მიერ კრედიტების განსაზღვრული რაოდენობის დაგროვებას პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
2. გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მობილობის მსურველად მონაწილეობის უფლება აქვს უნივერსიტეტში ჩარიცხულ, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს. უნივერსიტეტი უფლებამოსილია, პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან შეთანხმების საფუძველზე განსაზღვროს მონაწილეობის დამატებითი პირობები (პროგრამა, სასწავლო წელი, მინიმალური ან მაქსიმალური კრედიტების რაოდენობა, აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი და სხვა). 
3. უნივერსიტეტი უფლებამოსილია დაადგინოს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მობილობის საფასური.
4. გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამაში მობილობის ეტაპებია:
ა). უნივერსიტეტის მიერ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მობილობისთვის კონკურსის გამოცხადება;
ბ). გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კონკურსისთვის სტუდენტის რეგისტრაცია;
გ). კონკურსის შედეგების საფუძველზე გაცვლითი პროგრამის მობილობის კანდიდატების გამოვლენა;
დ). გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მობილობის კანდიდატების წინასწარი ინფორმირება პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გასავლელი სასწავლო კომპონენტებისა და მათი შემდგომი აღიარების შესახებ;
ე). გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მობილობის კანდიდატების მოწვევა უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ვ). გაცვლითი პროგრამის დასრულების შემდეგ, პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარება. 
5. უნივერსიტეტი უფლებამოსილია რექტორის ბრძანებით შექმნას კომისია, უნივერსიტეტში დასაქმებული აკადემიური ან ადმინისტრაციული პერსონალით, ასევე მოწვეული სპეციალისტით, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მობილობის მსურველი პირების შერჩევის მიზნით. 
6. გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე უნივერსიტეტის სტუდენტი, უცხო ქვეყნის პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას აგრძელებს ამ ქვეყნის კანონმდებლობით და პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით, გაცვლითი პროგრამისთვის განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში. 
7. გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტიდან წასული გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტი ინარჩუნებს უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსს. 
8. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და მარკეტინგის დეპარტამენტი.
9. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი კრედიტების აღიარებას, მობილობაში მონაწილე სტუდენტის ან/და პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მიერ ახორციელებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, შესაბამისი ფაკულტეტის დეკანისა და პროგრამის ხელმძღვანელის ჩართულობით წინამდებარე დებულების მე-17 მუხლისა და „უმაღლესი განათლების კრედიტების აღიარების წესის“ შესაბამისად.
10. უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტი, რომელსაც სტუდენტის სტატუსი მოპოვებული აქვს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უნივერსიტეტში სწავლას აგრძელებს უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე, რექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე.

მუხლი 19. მობილობის კომისია
1. უნივერსიტეტის რექტორი ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით ბრძანებით უფლებამოსილია შექმნას მობილობის კომისია.
2. მობილობის კომისიის უფლებამოსილება განისაზღვრება რექტორის ბრძანებით და შესაძლებელია ითვალისწინებდეს შემდეგ ფუნქციას/ფუნქციებს:
ა) მობილობის მსურველი პირების დოკუმენტაციის შესწავლა და შეფასება;
ბ) მობილობის მსურველი პირების მიერ გავლილი სასწავლო კურსების აღიარება;
გ) მობილობის მსურველი პირებისთვის გასაუბრების/გამოცდის ჩატარება. 
3. მობილობის კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება რექტორის ბრძანებით და მასში შეიძლება შევიდეს უნივერსიტეტში დასაქმებული აკადემიური ან ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე მოწვეული სპეციალისტები, რომელთა კვალიფიკაცია და კომპეტენცია შეესაბამება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას. 
4. მობილობის კომისია თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია რექტორის წინაშე.
5. მობილობის კომისიის წევრი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალობის პრინციპი, კომისიის მუშაობის პროცესში და არ გაამჟღავნოს კომისიის წევრად მუშაობის პროცესში მისთვის ცნობილი ინფორმაცია.
6. მობილობის კომისია, რექტორის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში აფასებს მობილობის კანდიდატებს და გასცემს რეკომენდაციას მობილობის კანდიდატის ჩარიცხვასთან დაკავშირებით დადებითი ან უარყოფით რეკომენდაციას.
7. მობილობის კომისიის რეკომენდაცია აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. 

მუხლი 20. მობილობის კანდიდატისთვის გასაუბრების/გამოცდის ჩატარება
1. უნივერსიტეტი უფლებამოსილია მობილობის კანდიდატებისთვის განსაზღვროს წინაპირობები, რაც გულისხმობს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობის დადგენას. ამ თავსებადობის არარსებობა პირის მობილობით ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველია.
2.  მობილობის კანდიდატების მობილობაში მონაწილეობის წინაპირობად შესაძლებელია განისაზღვროს:
    ა) გასაუბრება;
    ბ) კომპეტენციის გამოცდა პროგრამის განხორციელების ენაში;
    გ) კომპეტენციის გამოცდა პროგრამის სპეციალობაში.
3. მობილობის მსურველთან ტარდება გასაუბრება, თუ მობილობაზე წარმოდგენილი აპლიკაციების რაოდენობა არ აღემატება უნივერსიტეტის სტუდენტთა ზღვრული ოდენობის ფარგლებში მობილობით მისაღები სტუდენტების რაოდენობას, ამასთან, მობილობის მსურველის მიერ წარმოდგენილია ინგლისურ ენაში არანაკლებ B1 ენობრივი კომპეტენციის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი, ან/და მობილობის მსურველი უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას გადიოდა ინგლისურ ენაზე, საშუალო 60%-ზე მაღალი აკადემიური მოსწრებით. ამ მუხლის მიზნებისთვის საერთაშორისო აღიარებულ სერტიფიკატად მიიჩნევა IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert®, EnglishScore სერტიფიკატი. 4. მობილობის მსურველთან ჩატარებული ინტერვიუს ან გასაუბრების საფუძველზე კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია განისაზღვროს მისი კომპეტენციის დამატებითი დადასტურების საჭიროება ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით დადგენილი გამოცდის ფორმატში. 
5. მობილობის მსურველთან ტარდება გამოცდა ინგლისურ ენაში თუ მის მიერ არ არის წარმოდგენილი ინგლისურ ენაში არანაკლებ B1 ენობრივი კომპეტენციის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი, ან/და მობილობის მსურველი  უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას არ გადიოდა ინგლისურ ენაზე. გამოცდის მომზადებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული.
6. მობილობის მსურველთან ტარდება გამოცდა სპეციალობაში თუ მობილობაზე წარმოდგენილი აპლიკაციების რაოდენობა აღემატება უნივერსიტეტის სტუდენტთა ზღვრული ოდენობის ფარგლებში მისაღები სტუდენტების რაოდენობას ან მობილობის მსურველის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელი ნაკლებია მაქსიმალური შეფასების 60%-ზე. გამოცდის მომზადებას მობილობის მსურველის მიერ სწავლის პერიოდის გათვალისწინებით უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული.
7. მობილობის მსურველებთან გასაუბრების/გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შექმნილი კომისია. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება რექტორის ბრძანებით და მასში შეიძლება შევიდეს უნივერსიტეტში დასაქმებული აკადემიური ან ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე მოწვეული სპეციალისტები, რომელთა კვალიფიკაცია და კომპეტენცია შეესაბამება ამ მუხლით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას. 
8. მონაწილეს წინასწარ ეცნობება გამოცდის/გასაუბრების სახე და დრო. მობილობის მსურველი ვალდებულია გამოცხადდეს გასაუბრებაზე მისთვის განსაზღვრულ დროს. 
9. კომისია უფლებამოსილია კანდიდატთან გასაუბრება/კანდიდატის შეფასება ჩაატაროს ელექტრონული საშუალებით, შეფასების ობიექტურობის პრინციპის უზრუნველყოფით. უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოსულ იმ სტუდენტებთან მიმართებით, რომლებისთვის არსებული კანონმდებლობით საგანმანათლებლო ვიზის მიღების წინაპირობად განსაზღვრულია უნივერსიტეტში ჩარიცხვა, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გამოცდ(ებ)ის ელექტრონული ფორმატით ჩატარების, ან სტუდენტის პირობითი ჩარიცხვისა და გამოცდის ჩაბარების ვადის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ განსაზღვრის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება ფორმდება რექტორის ბრძანებით.
10. გასაუბრების/გამოცდის შედეგების საფუძველზე კომისია გასცემს დადებით ან უარყოფით რეკომენდაციას მობილობის საკითხზე.
11. იმ შემთხვევაში, თუ მობილობის მსურველების რაოდენობა არ აღემატება უნივერსიტეტის სტუდენტთა ზღვრული ოდენობის ფარგლებში მობილობით მისაღებ სტუდენტების რაოდენობას, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მიიღებენ ის კანდიდატები, რომლებიც გადალახავენ ინგლისური ენის და სპეციალობის საგნებში გამოცდისთვის დადგენილ კომპეტენციის ზღვარს. 
12. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატების რაოდენობა აღემატება შესაბამის პერიოდში უნივერსიტეტის სტუდენტთა ზღვრული ოდენობის ფარგლებში მობილობით მისაღებ სტუდენტების რაოდენობას, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მიიღებენ მისაღები ადგილების რაოდენობის შესაბამისად სპეციალობის გამოცდაში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატები, რომლებიც გადალახავენ ინგლისური ენის გამოცდისთვის დადგენილ კომპეტენციის ზღვარს.
13. მობილობის მსურველთა სია, რომლებისთვის ჩარიცხვის პირობად განსაზღვრულია გასაუბრება/ინგლისური ენის გამოცდა/სპეციალობაში გამოცდა, გამოცდების ჩატარების, შედეგების გამოქვეყნებისა და აპელაციის ვადები უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულისა და სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტის წარდგინებით მტკიცდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, რომელიც ეცნობება მობილობის მსურველ(ებ)ს.

თავი V. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

მუხლი 21. გარდამავალი დებულებები
1. უნივერსიტეტის სტატუსშეჩერებული სტუდენტებისათვის, რომლებსაც სტატუსი შეჩერებული აქვთ 2024 წლის 1 მარტის მდგომარეობით, ამ დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის შეჩერების ჯამური 5-წლიანი ვადის ათვლა დაიწყოს 2024 წლის პირველი მარტიდან.“
მუხლი 22. დებულების ძალაში შესვლის წესი და მისი სამართლებრივი შედეგები
1. წინამდებარე დებულება ძალაში შედის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მისი დამტკიცების შემდგომ.
2. წინამდებარე დებულებაში ცვლილება/დამატება ხორციელდება აკადემიური საბჭოს დადგენილებით.
3. წინამდებარე დებულების ძალაში შესვლით ძალადაკარგულად ცხადდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის დადგენილებით დამტკიცებული „სტუდენტის სტატუსისა და მობილობის შესახებ“ დებულება.
4. წინამდებარე დებულებას უპირატესი იურიდიული ძალა აქვს მის ძალაში შესვლამდე მიღებულ უნივერსიტეტის სამართლებრივ აქტებთან, რომლებიც განსხვავებულად აწესრიგებენ ამ დებულებებით განსაზღვრულ სამართალურთიერთობებს. 
5. წინამდებარე დებულებიდან გამომდინარე უნივერსიტეტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები მიიღება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით.