სამართლებრივი დოკუმენტაცია
უკან დაბრუნებაპრეამბულა
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი, (შემდგომში „უნივერსიტეტი“) საკუთარი ფინანსური რესურსებიდან ახდენს სამეცნიერო კვლევების, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის დაფინანსებას შესაბამისი წლის ბიუჯეტში გამოყოფილი სახსრების ფარგლებში წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
მუხლი 1. დაფინანსების ტიპები
1. უნივერსიტეტის მიერ ფინანსდება შემდეგი სამეცნიერო-კვლევითი აქტივობები
ა). სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაფინანსება;
ბ). სამეცნიერო პუბლიკაციის გამოქვეყნების დაფინანსება;
გ). სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის დაფინანსება;
დ). სამეცნიერო-საგანმანათლებლო (კონფერენციების და საზაფხულო/ზამთრის სკოლების) ღონისძიების ორგანიზების დაფინანსება
2. აკადემიური პერსონალის მიერ კვლევით აქტივობაზე დახარჯული დროითი რესურსი კომპენსირდება შესაბამისი პოზიციისთვის გათვალისწინებული აკადემიური დატვირთვის ფარგლებში, უნივერსიტეტის „აკადემიური და მოწვეული პერსონალის დატვირთვის წესის“ შესაბამისად.
მუხლი 2. დაფინანსების მიმღები პირები
2.1 უნივერსიტეტის დაფინანსების მიღების უფლება აქვს უნივერსიტეტის აფილირებულ აკადემიურ პერსონალს.
მუხლი 3. სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაფინანსება
სამეცნიერო კვლევითი პროექტის დაფინანსება შესაძლებელია მოიცავდეს:
ა). საუნივერსიტეტო გრანტის ფარგლებში კვლევის დაფინანსებას.
ბ). დონორი ორგანიზაციის მიერ საგრანტო კონკურსის ფარგლებში პროექტის თანადაფინანსებას.
გ). უნივერსიტეტისა და სხვა ინსტიტუცი(ებ)ის მიერ ერთობლივად განხორციელებული კვლევის (თანა)დაფინანსებას.
მუხლი 4. უნივერსიტეტის საგრანტო კონკურსი
4.1 აკადემიური წლის დასაწყისში მომავალი აკადემიური წლისთვის ცხადდება საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსი;
4.2 საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის შეტანის უფლება აქვს უნივერსიტეტის აფილირებულ აკადემიურ პერსონალს.
4.3. დასაშვებია საგრანტო პროექტის გუნდში სხვა პირების ჩართვა, თუ აღნიშნული არ იწვევს აფილირების კონფლიქტს სხვა ინსტიტუციასთან კონკურსის სამეცნიერო შედეგების გამოყენების ნაწილში.
4.4. საგრანტო კონკურსი მოიცავს საგარანტო განაცხადების მიღების, გადარჩევის, დამოუკიდებელი კომისიის მიერ მათი შეფასების, გამარჯვებულთა გამოვლენის, დაფინანსების, შუალედური და დასკვნითი ანგარიშგების ეტაპებს.
4.5. კონკურსის შესახებ განცხადება თავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
4.6. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მონაწილემ უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა). განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი 1).
ბ). საპროექტო განაცხადი - კვლევითი პროექტის აღწერა, დანართი 2-ის შესაბამისად.
გ). პროექტის ბიუჯეტი - ამ წესის დანართი 3-ის შესაბამისად
დ) პროექტის ლოგიკური ჩარჩო, დანართი 4-ის შესაბამისად
ე). ინფორმაცია პროექტში ჩართული პირების - პროექტის გუნდის შესახებ. უნივერსიტეტთან კავშირში არმყოფი პირების პროექტის გუნდიში შეყვანის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი პირების СV-ები.
ვ). პროექტის ეთიკური რევიუს განაცხადი (დანართი 5).
ზ). სხვა დოკუმენტაცია - პროექტის გუნდის შეხედულებისამებრ.
4.7. არასრულად წარმოდგენილი განაცხადის შემთხვევაში, უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას განუსაზღვროს განმცხადებელს გონივრული ვადა ინფორმაციის შევსებისათვის, ხოლო მისი შეუვსებლობის შემთხვევაში - განუხილველად დატოვოს განაცხადი.
4.8. საგრანტო განაცხადის ბიუჯეტში, შესაძლებელია შემდეგი ხარჯვითი კომპონენტების გათვალისწინება:
ა). კვლევითი მასალების, რეაქტივების, ნაკრებების, აპარატურის შეძენის ხარჯები.
ბ). სუბკონტრაქტირების ხარჯები, მოწვეული მკვლევარის ან კვლევაში ჩართული სხვა პირების შრომის ანაზღაურება, კვლევასთან დაკავშირებული ერთჯერადი მომსახურების ხარჯები.
გ). სამივლინებო ხარჯი, გაანგარიშებული მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად
დ). კონფერენციაზე რეგისტრაციის, კვლევის ფარგლებში შექმნილი სამეცნიერო ნაშრომის პუბლიკაციის ხარჯები.
ე). სხვა ხარჯები რომელთა მიზნობრიობა გამომდინარეობს პროექტის შინაარსიდან.
4.9. საგრანტო პროექტის წარმდგენის, ასევე, კვლევაში ჩართული აფილირებული აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურება ხორციელდება უნივერსიტეტის „აკადემიური და მოწვეული პერსონალის დატვირთვის წესით“ განსაზღვრული არასააუდიტორიო აქტივობიდან.
4.10. პერსონალს შორის რესურსის მაქსიმალურად განაწილების მიზნით, გამოიყენება საგრანტო აპლიკაციების რაოდენობის მიმართ შემდეგი შეზღუდვები:
ა). განმცხადებელს ერთდროულად შეუძლია არაუმეტეს ორი დაფინანსებული პროექტის ხელმძღვანელობა და დამატებით მაქსიმუმ ორ დაფინანსებულ პროექტში ყოფნა არახელმძღვანელი სტატუსით.
ბ). განმცხადებელს შეუძლია წელიწადში მხოლოდ ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის დაფინანსება გრანტის ფარგლებში.
გ). არ მიიღება განაცხადები იმ აპლიკანტისგან რომელსაც ჯერ არ დაუსრულებია/დაუხურია უკვე არსებული გრანტი და არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულებები ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რაოდენობის პროექტებში.
მუხლი 5. საგრანტო პროექტის შეფასება
1. საგრანტო განაცხადების პირველად შეფასებას, ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის სისრულეზე ახორციელებს უნივერსიტეტი.
2. საგრანტო განაცხადების შინაარსობრივ შეფასებას ახორციელებს უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შექმნილი დამოუკიდებელი საგრანტო კომისია.
3. საგრანტო კომისია შედგება არანაკლებ 5 წევრისგან, რომელთაც გააჩნიათ შესაბამის სფეროში კვლევითი მუშაობის გამოცდილება. კომისიის წევრების უმრავლესობა (არანაკლებ 3 წევრისა) უნდა იყოს დამოუკიდებელი (უნივერსიტეტთან შრომით ურთიერთობაში არ მყოფი) პერსონალი.
4. უნივერსიტეტი უფლებამოსილია უზრუნველყოს საგრანტო პროექტის ავტორებისა და კომისიის წევრების კონფედენციალობა (Double blind review). აღნიშნული წესიდან გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში თუ:
ა) კომისიის მოთხოვნით, მნიშნელოვანია პროექტის მონაწილე გუნდის წევრების იდენტიფიცირება, მაგალითად, მათი სამეცნიერო პროფილის დეტალური ანალიზის მიზნით.
ბ) კომისიის მოთხოვნით, ჩანიშნულია პროექტის ზეპირი მოსმენა (pitch)
5. საგრანტო პროექტის შეფასება ხორციელდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
პროექტის სამეცნიერო ღირებულება
ა). აქტუალობა, სიახლე და პრობლემის ჩამოყალიბების სიცხადე
ბ). კვლევის მეთოდოლოგიის სისწორე და შესაბამისობა
გ). მოსალოდნელი კვლევის შედეგების მეცნიერული ღირებულება, პრაქტიკული გამოყენების პოტენციალი და დისემინაციის გეგმა
დ). ინტერდისციპლინარული ინტეგრაცია და სექტორებთშორისი გავლენის პოტენციალი
ე). ადამიანური კაპიტალის განვითარებაში წვლილი (პროფესორების/სტუდენტების, ახალგაზრდა მკვლევარების ჩართულობა
პერსონალი
ვ). პროექტის გუნდის წევრთა კვალიფიკაცია და შესაბამისი გამოცდილება
ზ). წარსული სამეცნიერო გამოცდილება შესაბამის კვლევით სფეროში
თ). უნარების შესაბამისობა და ჩართულობის ხარისხი
კვლევითი ერთეულები
ი). ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური რესურსებისშესაბამისობა
კ). ადმინისტრაციული რესურსის შესაბამისობა
პროექტის მენეჯმენტი
ლ) პროექტის გეგმის რეალისტურობა და განხორციელებადობა
მ). ბიუჯეტის მიზნებთან შესაბამისობა
ნ). რისკების შეფასება და მართვის სტრატეგია
ეთიკა და საზოგადოებრივი გავლენა
ო). ეთიკურ და რეგულაციურ მოთხოვნებთან შესაბამისობა
პ). საზოგადოებრივი ან პოლიტიკის გავლენის პოტენციალი
6. თითოეული კომპონენტი ფასდება მაქსიმუმ 5 ქულით, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ა). 5 - შესანიშნავი
ბ). 4 - ძალიან კარგი
გ). 3 - კარგი
დ). 2 - საშუალო
ე). 1 - სუსტი
7. შეფასებასთან ერთად კომისია აფიქსირებს შემფასებლის კომენტარს თითოეულ შეფასებულ კომპონენტთან. შეფასება ხორციელდება შეფასების რუბრიკის მიხედვით (დანართი 6).
8. პროექტი ჩაითვლება შეფასების ზღვარის გადალახულად, თუ ის დააგროვებს არანაკლებ 52 ქულას 75-დან (საშუალედო 3.5 ქულა შეფასების თითოეულ კრიტერიუმში).
9. პროექტის წარმდგენი უფლებამოსილია წარმოადგინოს აპელაცია, კომისიის შეფასებაზე. აპელაცია უნდა ეყრდნობოდეს ამ მუხლის მე-5 პუნქტთან საგრანტო წინადადების შესაბამისობებს და პასუხობდეს კომისიის კომენტარებს.
10. საგრანტო კომისია განიხილავს აპელაციას საგრანტო განაცხადის შეფასებისთვის დადგენილი პროცედურით და გამოაქვს საბოლოო გადაწყვეტილება.
მუხლი 6. საგრანტო პროექტის განხორციელება
6.1. უნივერსიტეტი, საგრანტო კომისიის შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას იმ პროექტ(ებ)ის დაფინანსებაზე, რომლებმაც დაიმსახურეს კომისიის დადებითი შეფასება (გადალახეს დადებითი შეფასების ზღვარი) და რომელთა განხორციელება შესაძლებელია მიმდინარე საგრანტო ბიუჯეტის ფარგლებში.
6.2. პროექტი, რომელიც გადალახავს დადებითი შეფასების ზღვარს, მაგრამ ვერ დაფინანსდება მიმდინარე საგრანტო ბიუჯეტის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს შემდეგ საგრანტო კონკურსში, დამატებითი შეფასების გარეშე.
6.3. პროექტის დაფინანსება ხდება მისი განხორციელების ჩარჩოს შესაბამისად გათვალისწინებული აქტივობების დასაფინანსებლად ყოველთვიური უნაღდო ანგარიშსწორების გზით. უნივერსიტეტი და პროექტის გუნდი უფლებამოსილი არიან შეთანხმდნენ პროექტის დაფინანსების განსხვავებულ ვადებზე.
6.4. უნივერსიტეტი უფლებამოსილია შეაჩეროს პროექტის დაფინანსება წინა საანგარიშო პერიოდის შესაბამისი ანგარიშგების მიღებამდე.
6.5. გრანტის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ მიზნისთვის, რისთვისაც იგი ხელმისაწვდომი გახდა, როგორც ეს მითითებულია შესაბამის განაცხადში. ნებისმიერი ცვლილება წინასწარ უნდა შეთანხმდეს უნივერსიტეტთან და აისახოს მოდიფიცირებულ გეგმაში. შეთანხმების გარეშე პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
6.6. სამართლებრივი ურთიერთობები პროექტის გუნდსა და უნივერსიტეტს შორის წესრიგდება საგრანტო ხელშეკრულებით. (დანართი 7).
6.7. გრანტის მიმღებმა, პროექტის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში, აკადემიურ საბჭოს უნდა წარუდგინოს ანგარიში. გარდა სახსრების გამოყენების შესახებ ანგარიშგებისა, გრანტის მიმღებმა უნდა აღწეროს კვლევის შედეგი და მისი ღირებულება.
მუხლი 7. სამეცნიერო პუბლიკაციის დაფინანსება
7.1. სამეცნიერო პუბლიკაციის დაფინანსება გულისხმობს ბენეფიციარის მიერ მომზადებული სამეცნიერო პუბლიკაციის (სტატიის) დაფინანსებას საერთაშორისო რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში.
7.2. სამეცნიერო პუბლიკაციის დაფინანსების უფლებით სარგებლობენ:
ა). უნივერსიტეტის აფილირებული პერსონალი
ბ). უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელთა სამეცნიერო სტატიამ შემფასებლების მხრიდან გამორჩეული შეფასება და ჟურნალში გამოქვეყნების რეკომენდაცია დაიმსახურა.
7.3. უნივერსიტეტის მხრიდან ფინანსდება:
ა). Q1 დონის ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია [Open Access](სრულად).
ბ). Q2 დონის ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია [Open Access] (არანაკლებ 75%).
გ). სხვა რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია [Open Access] (არანაკლებ 50%-ით).
7.4. სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან აფილირებული ავტორების მიერ სტატიის წარდგენის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დაფინანსების ოდენობა იყოფა აფილირებულ დაწესებულებათა რაოდენობაზე.
7.5. დაფინანსების მოთხოვნისთვის უნივერსიტეტის პერსონალი წარადგენს განაცხადის ფორმას (დანართი 7) რომლითაც აღწერს ჟურნალის დასახელებას, ISSN-ს, რეიტინგს Сlarivate ან Scimago-ს მიხედვით, ანგარიშსწორებისა და პუბლიკაციის ვადებს.
7.6. შესრულების ანგარიშგებისთვის, ავტორმა განაცხადით განსაზღვრულ ვადაში უნდა წარადგინოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი) ასევე სტატიის პუბლიკაციის ამსახველი ინფორმაცია, შემოწმებადი ბმულების სახით.
7.7. რეცენზენტის მიერ სტატიის უარყოფის შემთხვევაში, უნივერსიტეტიდან მიღებული (თანა)დაფინანსება ექვემდებარება დაბრუნებას, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 8. სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის დაფინანსება
8.1. სამეცნიერო ღონისძიებაში (კონფერენცია, სიმპოზიუმი, კონგრესი ან სხვა ) მონაწილეობის დაფინანსება განიხილება შეთავაზებული ღონისძიების ხარისხის, იმპაქტის, საგანმანათლებლო პროგრამის ან უნივერსიტეტის განვითარების პრიორიტეტებთან შესაბამისობის შეფასების საფუძველზე.
8.2. სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის (თანა)დაფინანსების მოთხოვნის უფლება აქვს უნივერსიტეტის აფილირებულ პერსონალს, თუ აღნიშნული კომპონენტი არ არის შეყვანილი უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული სხვა სამეცნიერო აქტივობის (მაგ. გრანტი) ბიუჯეტში.
8.3. სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის დასაფინანსებლად აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
• წინასწარი ბიუჯეტი, რომელიც მოიცავს საუნივერსიტეტო და თანადაფინანსების ნაწილებს.
• ღონისძიების პროგრამა
• დადასტურება ღონისძიებაში მონაწილეობაზე
• წარსადგენი ნაშრომის რეზიუმე, არსებობის შემთხვევაში, ან სავარაუდო მოსამზადებელი ნაშრომის სათაური.
8.4. სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ შესაბამისი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო გასცემს რეკომენდაციას, რომელიც გადაეცემა კომისიას, დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
8.5. კომისია უფლებამოსილია უნივერსიტეტის რექტორს წარუდგინოს რეკომენდაცია:
ა) ღონისძიების დაფინანსების შესახებ
ბ) ნაწილობრივი დაფინანსების შესახებ
გ) დაფინანსებაზე უარის შესახებ
მუხლი 9. სხვა სამეცნიერო აქტივობის დაფინანსება
9.1. სამეცნიერო აქტივობები რომელიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე წესით (სახელმძღვანელოს ან მონოგრაფიის გამოქვეყნება, კონფერენციის ან სხვა სამეცნიერო აქტივობის ორგანიზება და სხვა.) შესაძლებელია დაფინანსდეს ან თანადაფინანსდეს უნივერსიტეტის მიერ საინიციატივო წინადადების განხილვისა და შეფასების საფუძველზე.
9.2. საინიციატივო წინადადების მიღების შემდეგ, უნივერსიტეტი ქმნის დროებით კომისიას, რომელიც აფასებს წარმოდგენილ წინადადებას და განსაზღვრავს დამატებითი ინფორმაციის წრეს, რომელიც აუცილებელია კომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემისთვის (რეცენზიები მონოგრაფიაზე, ღონისძიების პროგრამა, ბიუჯეტი და სხვა).
9.3. სამეცნიერო აქტივობების დაფინანსების მიზანშეწონილობის თაობაზე რეკომენდაციას კომისია გასცემს დამატებითი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე.