პირის ღრუს ჯანმრთელობა კრიტიკულ როლს ასრულებს ონკოლოგიური პაციენტების ზოგად ჯანმრთელობისა და მკურნალობაში. პირის ღრუს მხრივი გართულებები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და დამაუძლურებელი მოვლენაა სხივური და ქიმიოთერაპიული მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტებისათვის. ეს გართულებები, მათ შორის ლორწოვანი გარსის დაავადებები, ოსტეომიელიტი, ყბების მედიკამენტებთან დაკავშირებული ოსტეონეკროზი (MRONJ) და ყბების მეტასტაზური დაზიანებებიც კი, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მკურნალობის დაწყებისას პაციენტების პირის ღრუს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
არასანირებული პირის ღრუ შეიძლება გახდეს ონკოლოგიურ მკურნალობასთან დაკავშირებული გაზრდილი ინტოქსიკაციის მიზეზი და სეიძლება გამოიწვიოს სპეციფიური ონკოლოგიური მკურნალობის დროებითი შეჩერება ან სრული შეწყვეტა, რაც პირდაპირ კავშირშია პაციენტის სიცოცხლისუნარიანობასთან. მიუხედავად იმისა, რომ გაიდლაინების მიხედვით რეკომენდირებულია პირის ღრუს შემოწმება და სანირება მკურნალობის დაწყებამდე, ბევრი პაციენტი მაინც იწყებს თერაპიას ადეკვატური პირის ღრუს ჯანმრთელობის მართვის გარეშე.
პროექტის მიზანია დაადასტუროს, რომ პირის ღრუს ჯანმრთელობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ონკოლოგიური მკურნალობის შედეგებზე. კერძოდ, ის ცხადჰყოფს როგორ განსხვავდება ონკოლოგიური პაციენტების მდგომარეობა, რომლებმაც მიიღეს პროფილაქტიკური სტომატოლოგიური მომსახურება მკურნალობამდე, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებმაც მსგავსი მომსახურება არ გაიარეს. ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ, რომ ქიმიოთერაპიამდე პირის ღრუს ინფექციების აღმოფხვრის შეუძლებლობა, განსაკუთრებით ბისფოსფონატების (მაგ., ზომეტა) გამოყენებისას, ან მეტალის კონსტრუქციების პირის ღრუში დატოვება სხივურ თერაპიამდე მნიშვნელოვნად ზრდის პირის ღრუს მძიმე გართულებების რისკს, არღვევს მკურნალობის უწყვეტობას და ზრდის პაციენტების ავადობასა და სიკვდილიანობას. კვლევა წარმოადგენს მკაფიო მტკიცებულებებს, რომლებიც მხარს დაუჭერს პრევენციული სტომატოლოგიური მომსახურების ინტეგრაციას ონკოლოგიურ პროტოკოლებში, რათა გაუმჯობესდეს პაციენტის სიცოცხლის ხარისხი და მკურნალობის შედეგი.
ონკოლოგიურ პაციენტებში პირის ღრუს მხრივი გართულებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, საქართველოს ამჟამინდელი გაიდლაინები არ იძლევა კონკრეტულ რეკომენდაციებს კიბოს მკურნალობამდე პრევენციული სტომატოლოგიური მომსახურების შესახებ. არსებობს ჰიპოთეზა, რომ სტრუქტურირებული პრევენციული სტომატოლოგიური მომსახურების ინტეგრირებამ ონკოლოგიურ პროტოკოლებში შეიძლება შეამციროს პირის ღრუს გართულებების შემთხვევები და სიმძიმე, რაც თავის მხრივ, გააუმჯობესებს მკურნალობის საერთო შედეგებს. ეს მიდგომა შესაძლებელს გახდის პირის ღრუს ჯანმრთელობის მართვას, პოტენციურად მინიმუმამდე დაიყვანს მკურნალობის შეფერხებას, გააუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს და ხელს შეუწყობს კიბოს ეფექტურ მკურნალობას.
პროექტის მიზანია დადგინოს, რომ პირის ღრუს სანირება ონკოლოგიური მკურნალობის დაწყებამდე კიბოს მართვის აუცილებელი კომპონენტია, რადგან ის ხელს უშლის პირის ღრუს მხრივი და სისტემურ გართულებების წარმოქმნას, უზრუნველყოფს ონკოლოგიური თერაპიის უწყვეტობას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტების სიცოცხლის ხარისხს. მისი აუცილებლობის დამადასტურებელი მყარი მტკიცებულებების შექმნით, პროექტი გააძლიერებს და დააჩქარებს სტომატოლოგიური სანაციის ინტეგრაციას ონკოლოგიურ პროტოკოლებში და ჩაუყრის საფუძველს მკაფიო ეროვნული გაიდლაინების შემუშავებას.
პროექტის ამოცანები
1. შეისწავლოს პაციენტთა ჯგუფი სხივური და ქიმიოთერაპიის ჩატარების წინ და შემდეგ, რომელთაც ჩატარებული ჰქონდათ პირის ღრუს სანაცია (ყველა ჩატეხილი კბილის ექსტრაქცია, კარიესული და პერიოდონტიტული კბილების მკურნალობა, მეტალი გვირგვინების მოცილება, დაზიანებული არამეტალის გვირგვინების შეცვლა, მთლიანი მოსახსნელი პროტეზების შეცვლა;
2. შეადაროს გართულებების რიცხვი არასანირებულ ჯგუფს;
3. დაადგინოს გართულებების მიზეზები;
4. აღრიცხოს ლორწოვან გარსზე არსებული პათოლოგიური პროცესების (აფტა, წყლული,ლაქა) მკურნალობის დროს და არსებობის ხანგრძლივობა სანირებულ და არასანირებულ პირის ღრუებში;
5. შეადაროს ქიმიოთერაპიის პროცესში ოსტეომიელიტის განვითარების სიხშირე სანირებულ და არასანირებულ პირის ღრუში;
6. აღრიცხოს პაციენტთა რაოდენობა, რომელთა ინფორმირებულობის შემდეგ უარი განაცხადეს პირის ღრუს სანაციაზე.
შედეგები მეცნიერების/დარგის განვითარებისათვის
• სანირებული და არასანირებული პირის ღრუს მდგომარეობის შედარებითი მონაცემთა ბაზა ონკოლოგიაში
• რეცენზირებული პუბლიკაციები და კონფერენციებზე წარმოდგენილი პრეზენტაციები.
• მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური მონაცემები და პროტოკოლები.
• მონაცემთა რეესტრი მომავალი კვლევებისთვის.
ზემოქმედება და სარგებელი სამიზნე ჯგუფებისთვის
• ონკო-მკურნალობის შეწყვეტებისა და ჰოსპიტალიზაციის შემცირება.
• კიბოთი დაავადებული პაციენტების პროგნოზისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება.
• პირის ღრუს გართულებებისა და ონკოლოგიური მკურნალობის შეწყვეტის შემცირება.
• სტომატოლოგიური მკურნალობის სავალდებულო პოლიტიკის ცვლილებებისთვის მტკიცებულებების ბაზა.
პროექტის პარტნიორები:
- კ. მარდალეიშვილის ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
- ავერსის კლინიკა
განახლდება პროექტის განხორციელებისას და შეივსება მის დასრულებისას
(სტატიები, კონფერენციის ინფო და ა.შ.)
პროექტის კოდი
BAU DEN 01-25
ხელმძღვანელი
პროფ. ნინო თებიძე
ბიუჯეტი
28,000 EUR
განხორციელების პერიოდი
2025 – 2026
პროექტის ტიპი
საუნივერსიტეტო
კლასიფიკაცია
პროექტის ხელმძღვანელი