რეგისტრაცია
მიმდინარე
საზოგადოებრივი ჯანდაცვა
საუნივერსიტეტო

ნაწლავის მიკრობიოტასა და პოსტოპერაციულ გართულებებს შორის კავშირი პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ კორონარული არტერიის შუნტირება და/ან სარქვლის ჩანაცვლება: პროსპექტული კოჰორტული კვლევა

ნაწლავისა და გულის ღერძის კვლევა კარდიოქირურგიაში

icon
პროექტის აბსტრაქტი

მიუხედავად კარდიოქირურგიაში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესისა, პოსტოპერაციული გართულებები კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. ბოლო მიგნებები აჩვენებს, რომ ნაწლავის მიკრობიოტა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისტემური ანთების რეგულირებასა და კლინიკურ შედეგებზე ზემოქმედებაში. “ნაწლავისა და გულის ღერძის” კონცეფციის თანახმად, მიკრობიოტაში არსებული დისბალანსი შეიძლება ზრდიდეს პაციენტთა გართულებებისადმი მიდრეკილებას, როგორიცაა პნევმონია, სეფსისი, ჭრილობის ინფექცია, თირკმლის მწვავე დაზიანება (AKI) და დელირიუმი.

ეს პროსპექტული კოჰორტური კვლევა მიზნად ისახავს ნაწლავის მიკრობიოტასა და პოსტოპერაციულ გართულებებს შორის კავშირის დადგენას პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ კორონარული არტერიის შუნტირება და/ან სარქვლის ჩანაცვლება საქართველოში. კვლევაში ჩაერთვება 80 ზრდასრული პაციენტი ინგოროყვას მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში. განავლის ნიმუშები აღებული მოხდება ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ მე-5–7 დღეს. მიკრობიოტის ანალიზი ჩატარდება რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრში 16S rRNA გენომური სექვენირების მეთოდით. კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემები ინტეგრირდება მიკრობიომის მონაცემებთან გართულებების პროგნოზირებისათვის.

პროექტი ინტერდისციპლინურია და აერთიანებს კლინიკურ კარდიოლოგიას, მიკრობიოლოგიას, ეპიდემიოლოგიასა და ბიოინფორმატიკას. პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი კვლევითი უნარების განვითარებას, პერსონალიზებული მედიცინის გაძლიერებას და მიკრობიოტაზე დაფუძნებული რისკის შეფასების ინსტრუმენტების შექმნას.

კვლევის შედეგები გავრცელდება რეცენზირებად ჟურნალებში, სამეცნიერო კონფერენციებზე და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან. შედეგებს შეუძლია გავლენა მოახდინოს კლინიკურ პროტოკოლებზე, გააუმჯობესოს პაციენტთა გამოჯანმრთელება და შეამციროს ჯანდაცვასთან ასოცირებული ინფექციები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ჯანდაცვისა და ბიომედიცინის სფეროს განვითარებას.

icon
პროექტის მიზნები და ამოცანები

პროექტის მიზანი
კვლევის მიზანია ნაწლავის მიკრობიოტასა და პოსტოპერაციულ გართულებებს შორის კავშირის დადგენა პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ კორონარული არტერიის შუნტირება და/ან სარქვლის ჩანაცვლება საქართველოში.

პროექტის ამოცანები
ამოცანა 1: ნაწლავის მიკრობიოტას ცვლილებების შესწავლა: პროექტის დაწყებიდან 12 თვის განმავლობაში, 50 მოზრდილ პაციენტში, რომლებსაც უტარდებათ კორონარული არტერიის შუნტირება და/ან სარქვლის ჩანაცვლება ინგოროყვას მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში, შევისწავლით ნაწლავის მიკრობიოტას შემადგენლობის ცვლილებებს ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ მე-5–7 დღეს, 16S rRNA გენომური სექვენირების მეთოდით.

ამოცავა 2: მიკრობიოტისა და გართულებების ასოციაციების შეფასება:
პროექტის განმავლობაში შევაგროვებთ კლინიკურ და ლაბორატორიულ მონაცემებს და გავაანალიზებთ ნაწლავის მიკრობიოტის მახასიათებლებსა და პოსტოპერაციულ გართულებებს შორის ასოციაციას (ქირურგიული ჭრილობის ინფექცია, სეფსისი, პნევმონია, თირკმლის მწვავე დაზიანება, დელირიუმი და ლეტალობა), სტატისტიკური მოდელების გამოყენებით. 

ამოცანა 3: შედეგების ანალიზი და გავრცელება: ჩატარდება მონაცემთა ინტეგრირებული ანალიზი (კლინიკური + მიკრობიომის მონაცემები) და შედეგები გავრცელდება შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, რათა ხელი შეუწყოს მიკრობიოტაზე დაფუძნებული რისკის შეფასების ინსტრუმენტების განვითარებას საქართველოში. პროექტის დასრულებიდან არაუგვიანეს 6 თვისა, მომზადდება მინიმუმ 1 სამეცნიერო სტატია საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში გამოსაქვეყნებლად, შედეგები წარედგინება მინიმუმ 1 საერთაშორისო კონფერენციაზე.  
 

პროექტის მოსალოდნელი შედეგები

შედეგები მეცნიერების/დარგის განვითარებისათვის: კვლევა შექმნის ახალ მტკიცებულებებს ნაწლავის მიკრობიოტასა და კარდიოქირურგიული პაციენტების პოსტოპერაციულ გართულებებს შორის კავშირის შესახებ. მიღებული მიგნებები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს პერსონალიზებული მედიცინის განვითარებაში, ხელს შეუწყობს მიკრობიოტაზე დაფუძნებული პროგნოზული მოდელებისა და დიაგნოსტიკური ხელსაწყოების შექმნას და ამით გააძლიერებს ბიომედიცინის სფეროს საქართველოში. აღნიშნული ტიპის კვლევა საქართველოში პირველად ტარდება. შედეგებს ექნება საგანმანათლებლო ეფექტიც, ისინი ინტეგრირებული იქნება სამედიცინო სასწავლო პროგრამებში და გააძლიერებს აკადემიურ ინფრასტრუქტურას.
ზემოქმედება და სარგებელი სამიზნე ჯგუფებისთვის: პაციენტებისთვის მოსალოდნელი სარგებელი უკავშირდება პოსტოპერაციული გართულებების შემცირებასა და სამედიცინო მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას. ჯანდაცვის სისტემისთვის კვლევა ხელს შეუწყობს უფრო ეფექტური პრევენციული სტრატეგიების დანერგვას და ხარჯების შემცირებას. ახალგაზრდა მკვლევრებისთვისა და დოქტორანტებისთვის პროექტი წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას თანამედროვე კვლევით მეთოდებში პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. ამავდროულად, კვლევის შედეგები სარგებელს მოუტანს პოლიტიკის შემქმნელებსაც, რადგან უზრუნველყოფს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, სანდო ინფორმაციას კლინიკური პრაქტიკისა და ჯანდაცვის პოლიტიკის დასაგეგმად.
 

პროექტის პარტნიორები
icon
სამიზნე ჯგუფებისთვის მოსალოდნელი გავლენა

პაციენტები
პოსტოპერაციული გართულებების შემცირება და მოვლის ხარისხის გაუმჯობესება.

პროექტის შედეგები
icon

განახლდება პროექტის განხორციელებისას და შეივსება მის დასრულებისას

(სტატიები, კონფერენციის ინფო და ა.შ.)

პროექტის კოდი

BAU PH 02-25

ხელმძღვანელი

ასოც. პროფ. დავით ბალიაშილი

ბიუჯეტი

35,450 EUR

განხორციელების პერიოდი

2025 – 2026

პროექტის ტიპი

საუნივერსიტეტო

კლასიფიკაცია

მიმდინარე
საზოგადოებრივი ჯანდაცვა
საუნივერსიტეტო
კონტაქტი

პროექტის ხელმძღვანელი

davit.baliashvili@bauinternational.edu.ge