BAU

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

14, ოქტომბერი 2017

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში უნივერსიტეტების სამედიცინო პროფილის აკადემიურ პერსონალსა და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის გვამურ მასალაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო ნორმის შექმნაზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი“ არის ერთ-ერთი ინიციატორი ზემოაღნიშნული საკითხის და აქტიურ მონაწილეობას იღებს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებაში. აღნიშნული საკითხის მოსაწესრიგებლად კომიტეტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი. კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, სამედიცინო უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი განუყოფელია გვამურ მასალაზე მუშაობისგან. „ეს არის ის საშუალება, რომლითაც სტუდენტები, რეზიდენტები - მომავალი ექიმები იძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ქირურგიულ ტექნიკაში, ანატომიასა და პათანატომიაში. წლების განმავლობაში არ იყო დარეგულირებული საკანონმდებლო ნორმები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა გვამური მასალის მოპოვება. საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობის შედეგად შევჯერდით იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც აუცილებელია ჩვენი სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის გვამურ მასალასთან ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. სამუშაო პროცესში ჩართული არიან როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე, სამედიცინო უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები. დღეს შევჯერდით იმ პრინციპზე, რომლითაც საერთაშორისო სტანდარტების დონეზე მოხდება აღნიშნული საკითხის დარეგულირება“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.