ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის მედიცინის სპეციალობის VI კურსის სტუდენტებმა, გიგა გოგაძემ და მთვარისა ბოლქვაძემ, ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მხარდასაჭერი სოციალური ინიციატივა განახორციელეს.
ინიციატივის ფარგლებში სტუდენტები ადგილობრივ მოსახლეობას კარდაკარ ესტუმრნენ და პრევენციული სკრინინგი ჩაუტარეს. პროგრამის ფარგლებში ჯანმრთელობის მდგომარეობა 65 ადგილობრივ მცხოვრებს შეუმოწმდა.
შედეგად, სამი მცხოვრების შემთხვევაში გამოვლინდა II ტიპის შაქრიანი დიაბეტის მანამდე დაუდგენელი შემთხვევები. მათ შესაბამისი სამედიცინო შემოწმებისა და შემდგომი მეთვალყურეობის რეკომენდაცია მიეცათ. სტუდენტებმა მოსახლეობას გაუზიარეს ინფორმაცია არტერიული წნევის მონიტორინგის, გლუკოზის კონტროლის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ქრონიკული დაავადებების ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის შესახებ. ინიციატივის მიზანია პრევენციული ჯანდაცვის სერვისების მოსახლეობასთან დაახლოება და ქრონიკული დაავადებების ადრეული გამოვლენის ხელშეწყობა.
ინიციატივა ერთჯერადი არ არის და მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის საჭიროებებზე რეაგირებას. ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, სტუდენტებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებში აქტიურად ჩაერთონ.