რეგისტრაცია

ბაუ ბათუმი 'სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის' პირველ საერთაშორისო გამოფენაზე

18, აპრილი 2016

2016 წლის 14-16 აპრილს ქალაქ ბათუმში, სასტუმრო შერატონში გაიმართა “სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის პირველი საერთაშორისო გამოფენა EXPOMED BATUMI 2016“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა.

გამოფენა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ სხვა ოფიციალურ სტუმრებთან ერთად გახსნა. მსგავსი გამოფენა ბათუმში პირველად ჩატარდა და მასში ადგილობრივ კომპანიებთან ერთად უცხოური კომპანიებიც მონაწილეობდა. დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ ენახათ დარბაზში წარმოდგენილი თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები, სამედიცინო დაწესებულებები და სასწავლებლები, სტომატოლოგიური კლინიკები, აფთიაქები, წამლის მწარმოებელი კომპანიები, ჰიგიენური და კოსმეტიკური მოვლის თანამედროვე საშუალებები, წამყვანი პლასტიკური ქირურგიის კლინიკები და სამედიცინო ტურიზმში მოღვაწე კომპანიები. გამოფენის გახსნას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და მთავრობის სხვა წევრებიც დაესწრნენ.

გამოფენის ფარგლებში ჩატარდა თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების პრეზენტაციები. მომავალი თანამშრომლობის მიზნით გაფორმდება ხელშეკრულებები და მოეწყობა ორმხრივი შეხვედრები. აღსანიშნავია, რომ ბაუ ბათუმის სტენდმა ვიზიტორების დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა.