სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურა შედგება უნივერსიტეტის მმართველი ორგანოების, საგანმანათლებლო ერთეულის, ადმინისტრაციის, ადამიანური რესურსების მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებისგან.
სასწავლო უნივერსიტეტის მმართველი ორგანოებია:
პარტნორთა კრება
სასწავლო უნივერსიტეტის უმაღლესი მმართველი ორგანოა პარტნიორთა კრება, რომელიც აკონტროლებს სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობას, ეფექტიანობასა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას.
პარტნიორთა კრება:
- იღებს გადაწყვეტილებებს სასწავლო უნივერსიტეტის სარეგისტრაციო მონაცემებსა და წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, ამტკიცებს წესდების ახალ რედაქციას;
- თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სასწავლო უნივერსიტეტის დირექტორს;
- აკადემიურ საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, ასევე, ახორციელებს მისი საქმიანობის ზედამხედველობას;
- უფლებამოსილია სასწავლო უნივერსიტეტის დირექტორისგან ნებისმიერ დროს მოითხოვოს შესაბამისი პერიოდის ფინანსური ანგარიშები, გააკონტროლოს და შეამოწმოს უნივერსიტეტის ფინანსური დოკუმენტაცია და ბიუჯეტის შესრულება;
- უფლებამოსილია სასწავლო უნივერსიტეტის რექტორისგან ნებისმიერ დროს მოითხოვოს ინფორმაცია სასწავლო უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ;
- უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს სხვა მმართველი ორგანოების ან/და თანამდებობის პირის მიერ მიღებული უკანონო ან/და სასწავლო უნივერსიტეტის წესდებასთან ან/და ამ დებულებასთან ან/და სხვა შიდა ნორმატიულ აქტებთან წინააღმდეგობაში მყოფი სამართლებრივი აქტები.
აკადემიური საბჭო
აკადემიური საბჭო არის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საქმიანობის მართვის განმახორციელებელი უმაღლესი წარმომადგენლობითი კოლეგიური ორგანო.
აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში შედის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე - რექტორი, სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, რომელსაც მინიჭებული აქვს პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის სტატუსი და სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე.
სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორებსა და ასორიცებულ პროფესორებს აკადემიური საბჭოს წევრის სტატუსი ენიჭებათ სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე, თუ ისინი უარს არ განაცხადებენ აკადემიური საბჭოს წევრობაზე.
აკადემიური საბჭოს სტუდენტ წევრს აკადემიური საბჭოს წევრის სტატუსი ენიჭება სტუდენტური თვითმმართველობის მიერ აკადემიური საბჭოსთვის მიმართვიდან.
აკადემიური საბჭოს წევრის სტატუსის ვადა განისაზღვრება სასწავლო უნივერსიტეტში დაკავებული შესაბამისი თანამდებობის ვადით, ხოლო თუ ამგვარი ვადა არ არის დადგენილი, პირს საბჭოს წევრის სტატუსი უნარჩუნდება თანამდებობის დატოვებამდე, თუ არ არსებობს ამ დებულებით დადგენილი აკადემიური საბჭოს წევრობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველი.
აკადემიური საბჭოს სტუდენტი წევრის სტატუსის ვადა განისაზღვრება სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარის თანამდებობის ვადით, თუ არ არსებობს ამ დებულებით დადგენილი აკადემიური საბჭოს წევრობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველი.
აკადემიური საბჭოს წევრებია:
ლეილა ახვლედიანი
პროფესორი
ლევან მეტრეველი
პროფესორი
ელმირა ანდერჯანოვა
პროფესორი
ჰუსეინ ემირ იზბაშიოღლუ
პროფესორი
ფინარ ქარაბატან
პროფესორი
აკინ აკაკინ
ასოცირებული პროფესორი
სოფიკო ცქვიტინიძე
ასოცირებული პროფესორი
მაგრურ კაზაკ
ასოცირებული პროფესორი
დირექტორი
ჰიქმეთ ილდირიმ
სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილება ენიჭება დირექტორს, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პარტნიორთა კრება.
დირექტორი:
- დამატებითი მინდობილობის გარეშე, წარმოადგენს სასწავლო უნივერსიტეტს მესამე პირებთან ურთიერთობაში და აფორმებს შესაბამის გარიგებებს;
- წარმოადგენს და იცავს სასწავლო უნივერსიტეტის ინტერესებს სასამართლოში, სახელმწიფო დაწესებულებებში და სხვა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში;
- წარმოადგენს სასწავლო უნივერსიტეტს ბანკებთან და სხვა საკრედიტო დაწესებულებებთან ურთიერთობაში, უზრუნველყოფს საბანკო ანგარიშების გახსნას, დახურვას, მართვასა და მასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებებს;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გასცემს სავაჭრო და სხვა სახის მინდობილობებს;
- ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის ყოველწლიურ და ორგანიზაციულ-სტრუქტურული ერთეულების ბიუჯეტს, აკონტროლებს მათ შესრულებას და ამის შესახებ ანგარიშს წარუდგენს პარტნიორთა კრებას;
- სასწავლო უნივერსიტეტის შიდა ნორმატიული აქტების შესაბამისად, ადგენს და ამტკიცებს სწავლის საფასურს, გასაცემი გრანტისა და სტიპენდიის ოდენობას;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მოითხოვს სასწავლო უნივერსიტეტიდან ფინანსური ან/და სხვა ქონებრივი ვალდებულებების აღებას ან/და შესრულებას, იღებს გადაწყვეტილებებს, ხელს აწერს ხელშეკრულებებს და უზრუნველყოფს მათ აღსრულებას;
- ახორციელებს სასწავლო უნივერსიტეტის წესდებით, ამ დებულებით, სამსახურებრივი ინსტრუქციითა და სხვა შიდა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.
- სასწავლო უნივერსიტეტის ფინანსების, ფულადი სახსრების, მატერიალურ- ტექნიკური ან ნებისმიერი სხვა სახის ფასეულობის განკარგვა წარმოადგენს დირექტორის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას.
რექტორი
შენაი იალჩინ
სასწავლო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილება ენიჭება რექტორს, რომელსაც, აკადემიურ საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პარტნიორთა კრება.
რექტორი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობს სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, რასთან დაკავშირებითაც, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან მიმართებით, ამტკიცებს მარეგულირებელ აქტებს. რექტორი:
- დამატებითი მინდობილობის გარეშე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებით, წარმოადგენს სასწავლო უნივერსიტეტს მესამე პირებთან ურთიერთობაში და აფორმებს შესაბამის გარიგებებს;
- იღებს გადაწყვეტილებას სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზაციულსტრუქტურული ერთეულის შექმნის, გაუქმების, გაერთიანებისა და გაყოფის შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტისა და ორგანიზაციულ-სტრუქტურული ერთეულების დებულებას, თანამდებობრივ ინსტრუქციებს, შინაგანაწესს, ეთიკის ნორმებსა და მათში შესატან ცვლილებებს;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აკონტროლებს სასწავლო უნივერსიტეტის წესდების, დებულების, შინაგანაწესის, და სხვა შიდა ნორმატიული აქტების აღსრულებას;
- ხელმძღვანელობს აკადემიურ საბჭოს და ხელს აწერს, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ხელმოსაწერად უგზავნის დირექტორს აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმებსა და დადგენილებებს;
- დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორის, აკადემიური საბჭოს ან/და სასწავლო უნივერსიტეტის სხვა ორგანიზაციულ-სტრუქტურული ერთეულების მიერ მიღებულ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სასწავლო უნივერსიტეტის მხრიდან მოითხოვს რაიმე ფინანსური ან/და სხვა ქონებრივი ვალდებულების აღებას ან/და შესრულებას;
- აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სასწავლო უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმას;
- პარტნიორთა კრებასა და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშებს;
- საქართველოს კანონმდებლობისა და სასწავლო უნივერსიტეტის შიდა ნორმატიული აქტების შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას სტუდენტის სტატუსის მინიჭების, შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ;
- ამტკიცებს და ხელს აწერს უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს (ცნობა, დიპლომი, დიპლომის დანართი და სხვა);
- ადგენს და ამტკიცებს აკადემიურ კალენდარს, რომლითაც განისაზღვრება სასწავლო წლის დაწყების, დასრულების, აკადემიური და ფინანსური რეგისტრაციის, საგამოცდო პერიოდისა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა ვადები;
- ადგენს სასწავლო უნივერსიტეტში შიდა მობილობის გამოცხადების ვადებს და სკოლის წარდგინებითა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან შეთანხმებით, ამტკიცებს მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას;
- ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის ოფიციალურ ბეჭედს, ბლანკს, ლოგოს და სხვა ატრიბუტიკას;
რექტორი, სასწავლო უნივერსიტეტის სტრატეგიული და ორგანიზაციული საქმიანობის ნაწილში ანგარიშვალდებულია პარტნიორთა კრების, ხოლო უნივერსიტეტის საქმიანობის აკადემიური, სამეცნიერო და სასწავლო მიმართულების ნაწილში - აკადემიური საბჭოს წინაშე.
ვიცე-რექტორი
გიორგი ცხვედიანი
სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თავისი უფლებამოსილების ნაწილობრივ დელეგირებას ახორციელებს ვიცე-რექტორზე, რომელსაც იგი თანაბდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აკადემიურ საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე.
ვიცე-რექტორის უფლებამოსილებას განეკუთვნება:
- სასწავლო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება/განვითარება და მათი იმპლემენტაციის კოორდინაციაზე ზედამხედველობა;
- სტრატეგიული და სამოქმედო გეგმებით/გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ინდიკატორების შემუშავება/განვითარება;
- სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების მხარდაჭერა;
- ხარისხის განვითარების შესაბამისი პრინციპების სასწავლო უნივერსიტეტის ჩვეულ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პროცედურებში იმპლემენტაციის უზრუნველყოფა;
- ინსტიტუციური განვითარების დაგეგმვის, შეფასების, თვითშეფასებისა და განვითარების სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელობა;
- სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული საქმიანობების მხარდაჭერა;
- სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა და კოორდინირება;
- სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მიერ განსაზღვრულ საკითხებზე სასწავლო უნივერსიტეტის მესამე პირებთან წარმომადგენლობა;
- სასწავლო უნივერსიტეტის წესდებით, ამ დებულებით, სამსახურებრივი ინსტრუქციითა და შიდა ნორმატიული აქტების საფუძველზე მიკუთვნებული სხვა უფლებამოსილებები.