ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სამედიცინო სწავლებისას გვამური მასალის გამოყენების საკითხზე, პრობლემებზე, გამოწვევებსა და არსებულ სამართლებრივ გარემოზე იმსჯელეს. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საკითხი პრობლემატურია და მის შესახებ კომიტეტმა კონსულტაციები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან უკვე გამართა. სამედიცინო სწავლებაში გვამური მასალის გამოყენების შესახებ ისაუბრა ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, ლეილა ახვლედიანმაც და საკითხზე მუშაობის დაწყებისთვის კომიტეტს მადლობა გადაუხადა. სამუშაო შეხვედრაზე გაიმართა დისკუსიაც. მომხსენებლებმა უპასუხეს შეკითხვებს, რომლებიც უზედამხედველო გვამებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო რეგულაციებს, ასევე, მოქმედ კანონმდებლობაში არსებულ ნაკლოვანებებს ეხებოდა. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, არსებული კანონმდებლობა შეცვლას საჭიროებს. კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა საერთაშორისო პრაქტიკაზეც და აღნიშნა, რომ საკითხის შესახებ საზოგადოებრივი აზრის მოკლე დროში მომზადება რთულია. კომიტეტის თავმჯდომარემ დამსწრეებს სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა. გვამური მასალის გამოყენებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადამიანის ანატომიის, ტოპოგრაფიული ანატომიის, კლინიკური ანატომიის, ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და პათომორფოლოგიის შესწავლის სათანადო შედეგი. ამ პროცესში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისთვის მნიშვნელოვანია, უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების პოზიციის შესწავლა, პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის ეფექტიანი გზების დაგეგმვა. კომიტეტის მიზანია ღია, გაფართოებული საჯარო დისკუსიის გამართვა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნისთვის ოპტიმალური სამართლებრივი მოდელის შეთავაზებას საერთაშორისო პრაქტიკისა და ქართული რეალობის გათვალისწინებით,რაც სამომავლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქართული კანონმდებლობის პროგრესული სამყაროს სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის თვალისაზრისით. შეხვედრას ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო და ი. ჯავახიშვილის სახელობის, ბათუმის შოთა რუსთაველის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტების, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტისა და ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროების, ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები დაესწრნენ