საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია. მინისტრის მოადგილე უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანს, ლეილა ახვლედიანის შეხვდა და ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე უნივერსიტეტში დანერგილ სიახლეებს გაეცნო.
ნუნუ მიცკევიჩმა ადგილზე დაათვალიერა თანამედროვე სტანდარტების სასწავლო კორპუსი, გაეცნო ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სიახლეებს და სწავლა-სწავლების კიდევ უფრო გასაძლიერებლად, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების თაობაზე რეკომენდაციები შესთავაზა.
აღსანიშნავია, რომ ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრიორიტეტია თეორიული ცოდნის გაღრმავება კლინიკური აზროვნებითა და კლინიკური უნარებით, დისტანციური სწავლების გამოცდილება 2015 წლიდან აქვს, რის გამოც მარტივად მოხდა პროცესის სრულად გადაყვანა დისტანციურ სწავლებაზე. დისტანციური სწავლებისას არსებული სიძნელეების დაძლევის გზების ძიებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, უნივერსიტეტი სხვა სამედიცინო სკოლებთან ერთად პერმანენტულად მონაწილეობს დისტანციურ ვებინარებში.