10 თებერვალს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა საჯარო ლექცია ეპილეფსიის საერთაშორისო ცნობიერების ამაღლების დღესთან დაკავშირებით. საერთაშორისო ეპილეფსიის დღე ყოველწლიურად აღინიშნება და მიზნად ისახავს ეპილეფსიის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას, სტიგმის შემცირებას და ამ მდგომარეობის მქონე პირების მხარდაჭერის მნიშვნელობის ხაზგასმას.
ლექციას უძღვებოდა ექიმი-ნევროლოგი, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წევრი ნათია ხარატი, რომელმაც სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია ეპილეფსიის კლინიკური თავისებურებების, თანამედროვე დიაგნოსტიკური და სამკურნალო მიდგომების, ასევე პირველადი დახმარების პრინციპების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაავადების მიმართ საზოგადოებაში არსებული მცდარი წარმოდგენების განხილვასა და მათი აღმოფხვრის მნიშვნელობას.
ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტებში სამედიცინო ცნობიერების გაღრმავებას, ემპათიური დამოკიდებულებისა და სოციალური პასუხისმგებლობის განმტკიცებას, რაც სრულ შესაბამისობაშია ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო მისიისა და საზოგადოებრივი ჩართულობის ძირითად პრიორიტეტებთან.