რეგისტრაცია

ხელოვნების სტუდენტები და მენტორები ბაუ ბათუმში

18, ივნისი 2025

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საერთაშორისო დიზაინის პროექტში ჩართულ ხელოვნების უნივერსიტეტების სტუდენტებსა და მენტორებს, რომლებიც საქართველოში შემოქმედებითი თანამშრომლობის მიზნით ჩამოვიდნენ.
 
პროექტის თემა იყო — „ქართული სუფრის ატრიბუტების დიზაინი“. მონაწილეები წარმოდგენილი იყვნენ ბაუ ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტიდან (თურქეთი), ზალცბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტიდან (ავსტრია), ბრნოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (ჩეხეთი), თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან (საქართველო) და შტუტგარტის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტიდან (გერმანია).
 
 
სტუდენტები მუშაობდნენ სხვადასხვა მასალასთან — ტექსტილთან, კერამიკასთან, მინისთან, ლითონსა და ხესთან, რითაც ქართული ტრადიციების თანამედროვე ფორმით გადმოცემას ცდილობდნენ. იდეებზე მუშაობა მიმდინარეობდა მენტორების ხელმძღვანელობით.
 
სტუმრებმა ისარგებლეს ბაუ ბათუმის ინფრასტრუქტურით და ორი დღის განმავლობაში უნივერსიტეტში შექმნილ სამუშაო და შემოქმედებით გარემოში ჩაერთნენ.
 
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა დახურული შეხვედრა ბაუ ბათუმის ვიცე-რექტორსა და სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს სტუდენტური შესაძლებლობები და მომავალი თანამშრომლობის ფორმატები.
 
ბაუ ბათუმი მხარს უჭერს საერთაშორისო პარტნიორობას, შემოქმედებით პრაქტიკებს და სტუდენტური განვითარების ახალ გზებს.