15–16 ნოემბერს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში წარმატებით ჩატარდა ტრენინგი მედიცინის მიმართულების აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის თემაზე: „სწავლება–სწავლა, შეფასება და პროფესიონალიზმი სამედიცინო განათლებაში“. ტრენინგის პროგრამა შემუშავებული იყო ეროვნული მედიცინის დარგობრივი მახასიათებლისა და საერთაშორისო სტანდარტების (WFME, AMEE) საფუძველზე და მიზნად ისახავდა სწავლების, შეფასების და პროფესიონალიზმის კომპეტენციების გაძლიერებას.
პირველ დღეს განხილული იყო შედეგებზე დაფუძნებული სამედიცინო განათლების ძირითადი პრინციპები, სწავლის მიზნებისა და შედეგების სწორად ფორმულირების მნიშვნელობა, ასევე საბუთებზე დაფუძნებული შეფასების პრაქტიკული მეთოდები, როგორიცაა Mini-CEX, DOPS, WPBA და პორტფოლიოს გამოყენება, ხოლო მეორე დღე პროფესიონალიზმის სწავლებისა და შეფასების საკითხებს, ეთიკურ დილემებს და სამედიცინო განათლებაში „Hidden Curriculum“-ის როლს ეხებოდა.
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების მხარდაჭერას, რათა სწავლების პრაქტიკა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს. უნივერსიტეტი მადლობას უხდის ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის.